სიახლეები

2021.12.10

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის შეფასება


10 დეკემბერს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ადამიანის უფლება უპირველესია იმ ღირებულებათაგან, რომელთა დაცვაზეც პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს (შემდგომში - კომიტეტი) მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის უფლებათა დაცვაზე პოლიტიკის განსაზღვრის, პრობლემების გამოვლენის, მათზე ჩართულობითი მსჯელობის და მთავრობაზე კონტროლის განხორციელების საქმეში.

დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს მიერ კომიტეტის გასული წლის საქმიანობაზე დაკვირვება აჩვენებს რომ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მასზე დაკისრებულ ფუნქციას არ ასრულებს. კომიტეტი არ ახდენს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას. შესაბამისად, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რაც საზოგადოების მსჯელობის და კრიტიკის საგანი ხდება, კომიტეტის დღის წესრიგზე არ აისახება. კომიტეტი თითქმის არასოდეს არის მთავრობაზე კონტროლის ინსტრუმენტების გამოყენების ინიციატორი. მთავრობაზე კონტროლის ფუნქციას მხოლოდ ფრაგმენტულად ასრულებს - კომიტეტი არ ახორციელებს მთავრობაზე კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მწვავე საკითხებთან დაკავშირებითაც კი.  ჩვენს ანგარიშში იხილავთ 2021 წელს მნიშვნელოვან და მასობრივ  უფლებების დარღვევის ფაქტებს, რომელიც კომიტეტის ყურადღების მიღმა დარჩა.

  • არაერთი პრობლემური საკითხი ვერ მოექცა კომიტეტის ყურადღების ცენტრში

პანდემია და საპარლამენტო კონტროლი - პარლამენტმა მთავრობას რამოდენიმეჯერ გადასცა ფართო უფლებამოსილება - შეზღუდოს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებები. ამ ფონზე კომიტეტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი მთავრობის მიერ ამ უფლებამოსილებების შესრულებაზე. მთავრობისთვის ფართო კოვიდ უფლებამოსილებების გადაცემის ინიციატივაზე კომიტეტმა ყოველ ჯერზე დადებითი დასკვნა გასცა. ამასთან, კომიტეტს არ უმსჯელია მთავრობისთვის ასეთი ფართო უფლებამოსილებების გადაცემისას კონკრეტული ჩარჩოების განსაზღვრაზე. მაგალითად: მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციების შეზღუდვა კონკრეტული ვადით, არა უმეტეს 4 კვირისა; რეგულაციების შემოღება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე დაფუძნებით; მთავრობის წევრების, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის მინისტრის ვალდებულება გარკვეული პერიოდულობით, არა ნაკლებ 2 თვეში ერთხელ, წარსდგნენ პარლამენტის წინაშე;[1]

მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედების კანონიერების შესამოწმებლად კომიტეტს არც ერთხელ გამოუყენებია მის ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები: არ დაუბარებია დარგის მინისტრები და სხვა თანამდებობის პირები, არ ჩაუტარებია თემატური მოკვლევა, არ შეუმოწმებია მთავრობის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან და სხვა.

8 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას, ქსნის ციხეში პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იმავე დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა სტატისტიკური ინფორმაცია ციხეებში კოვიდინფიცირების შესახებ. ინფორმაციის თანახმად, ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში კოვიდ ინფიცირების 23 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ასევე, პენიტენციურმა სამსახურმა უარყო ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტი და მიუთითა, რომ პირი სამოქალაქო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პატიმრის გარდაცვალების და პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხის შესასწავლად და სიმართლის დასადგენად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს არ გამოუყენებია მთავრობაზე კონტროლის ინსტრუმენტები: კომიტეტის სხდომაზე არ დაუბარებია იუსტიციის მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები, არ დაინტერესებულა პატიმართა ოჯახის წევრების გამოკითხვით.[2] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა და მინისტრს დეპუტატის კითხვით მიმართა. თუმცა, თავმჯდომარის აღნიშნული მოქმედებები და მისი შედეგები არ გამხდარა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობის საგანი.  

ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დიდხანს იყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან კომიტეტი არ რეაგირებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაკეთდა არაერთი განცხადება სამოქალაქო საზოგადოებისა და ომბუცმენის მიერ, ხოლო საკითხმა საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო,[3] პარლამენტის რამდენიმე წევრი, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარე,[4] განცხადებით გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს. თუმცა, საკითხი კომიტეტის მსჯელობის და რეაგირების საგანი არ გამხდარა.

5-6 ივლისს ულტრა-კონსერვატულმა ჯგუფებმა შეძლეს გამოხატვის უფლება ძალადობრივად შეეზღუდათ LGBT თემის წარმომადგენლებისთვის პოლიციის თვალშისაცემი პასიურობის ფონზე. შედეგად, 5 ივლისს 55 ადამიანი დაშავდა. მათგან 53 მედიის წარმომადგენელი იყო, რაც კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გალაშქრებას გავდა.[5] ამ ფაქტიდან 6 დღეში სასტიკი ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი გარდაიცვალა. აღნიშნულზე გამოძიების შედეგები დღემდე არ არის ცნობილი.   

კომიტეტს არ ჰქონია მასობრივი ძალადობის აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების ინიციატივა. „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ საპარლამენტო ფრაქციამ მიმართა კომიტეტს შს მინისტრის დაბარების თაობაზე კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტმა მინისტრის მოსმენა საჭიროდ აღარ ჩათვალა მას შემდეგ, რაც მინისტრმა თავად მიმართა პარლამენტს და თავადვე უზრუნველყო პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენა, რომელიც საბოლოო ჯამში არ შედგა. მოსმენის ჩაშლის შემდეგ კომიტეტს მინისტრი აღარ დაუბარებია.

ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებათა დარღვევის შესახებ არაერთი ინფორმაცია და შეფასება გავრცელდა. საპასუხოდ აღმასრულებელი უწყებების მხრიდან საზოგადოებას მიეწოდებოდა ცალმხრივი და ზეპირული ინფორმაცია პატიმრის მდგომარეობასთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომლის გადამოწმება შეუძლებელი იქნებოდა მედიისთვის. დრო და დრო ქვეყნდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეო ჩანაწერების ფრაგმენტები, რაც გარდა იმისა, რომ კანონის დარღვევით ხდებოდა[6], პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შერჩევითად გამოქვეყნებას წარმოადგენდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკითხი არ გამხდარა კომიტეტის მსჯელობისა და რეაგირების საგანი.[7] კომიტეტს არ მოუსმენია იუსტიციის მინისტრის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის, სახალხო დამცველის, დარგობრივი ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებები მმართველი პარტიის მიერ, ფორსირებულ რეჟიმში, აპრილში განხორციელდა. ცვლილებებით შესაძლოა დაუსაბუთებლად შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება და მას ჰქონდეს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიმართ მსუსხავი ეფექტი. ცვლილებები გამოიწვევს მიმდინარე თუ სამომავლო პროტესტის მონაწილეთა უფლებებში სამართალდამცავთა მხრიდან თვითნებური ჩარევის მომეტებულ საფრთხეს. შესაბამისად, ინიციატივა არღვევდა ადამიანის უფლებებს და აზიანებდა დემოკრატიულ პრინციპებს.[8] საკითხს აშშ საელჩო გამოეხმაურა.[9] მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ორივე კანონპროექტზე დადებითი დასკვნა გასცა.

  • კომიტეტის წევრთა პოლიტიკური განცხადებები

პოლიტიკური განცხადებების ფორმატი არის პარლამენტის რეგლამენტით პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრისთვის განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც პარლამენტის წევრს ეძლევა შესაძლებლობა წამოწიოს ნებისმიერი პრობლემური საკითხი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ბოლო ერთი წლის მანძილზე პოლიტიკური გამოსვლით სულ 32-ჯერ ისარგებლეს და აქედან, ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ 7 შემთხვევაში შეეხნენ. კომიტეტის 4 წევრს კი პოლიტიკური განცხადების ფორმატით საერთოდ არ უსარგებლია.

  • კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ჩართული იყო სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში, საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა არ ჰქონია. კომიტეტის როლი უმნიშვნელოვანესია მაშინაც, როდესაც იგი სავალდებულო წესით შეისწავლის კანონპროექტს ადამიანის უფლებებთან მიმართებაში, თუმცა როგორც ინიციატორი და უშუალო კანონშემოქმედი, პასიურია.

რაც შეეხება საკანონმდებლო წინადადებებს, ბოლო წლის მანძილზე კომიტეტი 8 საკანონმდებლო წინადადებაზე განისაზღვრა წამყვან კომიტეტად. განხილული 6 წინადადებიდან ერთს დაეთანხმა, ხოლო ორი ჯერ არ განუხილავს.

  • კომიტეტის მაკონტროლებელი საქმიანობა

 Capture

კომიტეტებს არაერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვთ საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციის ეფექტიანი განხორციელებისთვის. პარლამენტის, მათ შორის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ ამ უფლებამოსილების გამოყენება ორგანიზაციის ანგარიშში არის[10] ასახული[11]. საკონტროლო მექანიზმების გამოყენების ტენდენცია კი ასე გამოიყურება.

კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირთა დაბარება კომიტეტის მიერ არ გამოიყენება ან მის გამოყენებას კომიტეტი თავს არიდებს. კომიტეტს თავისი ინიციატივით არ მოუთხოვია ანგარიშვალდებული პირის კომიტეტზე სავალდებულო დასწრება. პარლამენტის მოწოდებული ინფორმაციით თანამდებობის პირის მოწვევის საკითხი სულ სამჯერ, სამივეჯერ ოპოზიციური ფრაქციების მიერ იქნა დაყენებული, თუმცა მინისტრები არც ერთ შემთხვევაში არ გამოცხადებულან სხდომაზე.

ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი კომიტეტმა ორ საკითხთან მიმართებაში გამოიყენა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით კომიტეტი პერიოდულად ამოწმებს შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის და სოციალური მუშაობის შესახებ კანონის აღსრულების მდგომარეობას.

კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების უფლებამოსილება კომიტეტმა მხოლოდ ერთ საკითხზე გამოიყენა, რაც ეხება მეწარმეთა შესახებ კანონმდებლობასთან იუსტიციის მინისტრის აქტის შესაბამისობის შემოწმებას. ამ დროისთვის შემოწმება არ დასრულებულა.

ინფორმაციის წარდგენის მავალდებულებელი მექანიზმი მხოლოდ ოთხჯერ იქნა გამოყენებული. კომიტეტმა ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან.

კომიტეტმა მხოლოდ ერთი თემატური მოკვლევა დაიწყო „საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის“ შესახებ.

სასამართლო პრაქტიკის შესწავლის მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა კომიტეტმა ბავშვის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მარეგულირებელი ნორმების გამოყენებასთან დაკავშირებით დაიწყო და საკითხის შესწავლა არ დასრულებულა.

ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლის უფლებამოსილებას კომიტეტი სხვა მექანიზმებთან შედარებით აქტიურად იყენებს. ამ საკითხის გარშემო გაიმართა არაერთი საკომიტეტო სხდომა. კომიტეტმა მოუსმინა შესაბამის პირებს და გაიცა რეკომენდაციები რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს:

  • ყოველ ჯერზე მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.
  • დაიწყოს პარლამენტის რეგლამენტით კომიტეტისათვის მინიჭებული ფართო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების აქტიურად გამოყენება, ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების მიზნით.
  • განსაკუთრებული გულისხმიერებით შეისწავლოს ადამიანის უფლებათა შეზღუდვის რისკების მქონე კანონპროექტები და თანაზომიერების მკაცრი დაცვით გადაწყვიტოს მათი მხარდაჭერის საკითხი.

 

[1] პარლამენტი კვლავ განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მიზნით https://democracyindex.ge/ge/news/read/98/parlamenti-kvlav-ganusazgvrel-uflebamosilebebs-anichebs-mtavrobas-pandemiastan-brdzolis-miznit

[2] თუ როგორ იცავს პენიტენციური სისტემა პატიმარს კორონავირუსისგან, დაუყოვნებლივ უნდა გახდეს საპარლამენტო შესწავლის საგანი https://democracyindex.ge/ge/news/read/75/tu-rogor-icavs-penitenciuri-sistema-patimars-koronavirusisgan-dauyovnebliv-unda-gaxdes-saparlamento-sheswavlis-sagani

[3] გაერო-ს ბავშვის კომიტეტმა ნინოწმინდის პანსიონატის საკითხზე დროებითი ღონისძიება გამოსცა 7.05.2021. https://www.radiotavisupleba.ge/a/31243432.html

[4] ვითარება უნდა შეიცვალოს, ინფორმაციის დახურვა ყოველმხრივ საზიანოა — სარჯველაძე ნინოწმინდის პანსიონზე, 25.05.2021. https://bit.ly/3CfOc3l ბოლოს შემოწმებულია: 14.09.2021. მიხეილ სარჯველაძე: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფ არცერთ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, 04.06.2021. https://bit.ly/3EAMCuR

[5] „რადიო თავისუფლება“, ირაკლი ღარიბაშვილი: როცა 95% მარშის ჩატარების წინააღმდეგია ყველა უნდა დაემორჩილოს. https://bit.ly/2VZor7K [7.09.2021]

[6] სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესახებ https://personaldata.ge/ka/press/post/7757?fbclid=IwAR0oMsHahiZ4XbkOFEVKe3_xCYNPlaYB9hB8b3suCqGG8ytEldM8g-qE17g

[7] მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საპარლამენტო კონტროლი უნდა განხორციელდეს იხ.: https://democracyindex.ge/ge/news/read/114/mixeil-saakashvilis-uflebriv-mdgomareobaze-saparlamento-kontroli-unda-ganxorcieldes

[8] ადმინისტრაციული სანქციების გამკაცრება გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და თვითცენზურას საზოგადოებაში https://democracyindex.ge/ge/news/read/93/administraciuli-sanqciebis-gamkacreba-gamoiwvevs-gamoxatvis-tavisuflebis-shezgudvasa-da-tvitcenzuras-sazogadoebashi; მოვუწოდებთ პარლამენტს, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ გაზარდოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას https://democracyindex.ge/ge/news/read/94/movuwodebt-parlaments-administraciuli-dakavebis-vada-ar-gazardos-radgan-es-ewinaagmdegeba-sakonstitucio-sasamartlos-gadawyvetilebas

[9] აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-administrative-code-legislation-ka/

[10] საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო და რიგგარეშე სესიების მუშაობა https://democracyindex.ge/uploads/researches/saqartvelos-parlamentis-2021-wlis-sagaz.pdf

[11] ინფორმაცია მოცემულია 2021 წლის 2 თებერვლიდან 3 დეკემბრამდე პერიოდში.