D E M O C R A C Y   I N D E X

თუ როგორ იცავს პენიტენციური სისტემა პატიმარს კორონავირუსისგან, დაუყოვნებლივ უნდა გახდეს საპარლამენტო შესწავლის საგანი
2021-01-08

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებმა უნდა გამოიყენონ სამთავრობო კონტროლის მათ ხელთ არსებული ფუნქცია და დაუყოვნებლივ შეისწავლონ კორონა ვირუსთან ბრძოლის პროცესი პენიტენციურ სისტემაში. მითითებულმა კომიტეტებმა სხდომაზე უნდა დაიბარონ და მოუსმინონ იუსტიციის მინისტრს ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომელიც გატარდა და დაგეგმილია პატიმრების კორონავირუსისგან დასაცავად.

მიმდინარე წლის 8 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პატიმარი გარდაიცვალა კოვიდინფექციის შედეგად[1]. პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ პატიმარი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა და არ გარდაცვლილა უშუალოდ ციხეში. არსებული გარემოება არ ამცირებს პრობლემის სიმწვავეს, რამდენადაც კორონა ვირუსი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და აუცილებელია იმის შესწავლა, სისტემა რამდენად ადეკვატურად პასუხობს შექმნილ გამოწვევას. ამასთან, რამდენიმე დღეა მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ციხეებში ვირუსის გავრცელების მხრივ გაუარესებული მდგომარეობის შესახებ.   

პანდემიასთან ბრძოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მოქალაქეს. განსაკუთრებული რისკის ქვეშ კი, სხვა და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონტროლი საკუთარ თავზე, მათ შორის, საკუთარ ჯანმრთელობაზე. ასეთ პირობებში, როდესაც თითოეული პატიმარი იმყოფება სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება ორმაგი პასუხისმგებლობა მათ დასაცავად.

სახელმწიფოს გაორმაგებული პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, პარლამენტს პირდაპირ ავალდებულებს, დაინტერესდეს პენიტენციური სისტემის საქმიანობით. გარდა ამისა, პარლამენტის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა და მის შესახებ დისკუსიის წარმართვა საზოგადოების ინფორმირების ერთადერთი გზაა. 

საქმე იმაშია, რომ პენიტენციური სისტემა, სხვა სახელმწიფო სამსახურებისგან განსხვავებით, დახურული სახელმწიფო უწყებაა. საზოგადოებას უწყების შიგნით არსებულ ადმინისტრირებასა და პატიმართა ყოველდღიურ მდგომარეობაზე არ გააჩნია პირდაპირი წვდომა. მხოლოდ განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებს აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ ვიზიტი პენიტენციურ სისტემაში და გაეცნონ იქ არსებულ ვითარებას (სახალხო დამცველი, პრევენციის ეროვნული მექანიზმი, პარლამენტის უფლებამოსილი პირები, მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმები და კანონით ვიწროდ განსაზღვრული სხვა პირები).

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, “დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” მოუწოდებს ადამიანის უფლებათა და ჯანდაცვის კომიტეტებს, დაიბარონ იუსტიციის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე და უშუალოდ მისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია შემდეგ მონაცემებზე:

- რამდენი პირია ამ დროისთვის დაინფიცირებული პენიტენციურ სისტემაში

- რამდენი პირია კარანტინში

- რამდენი პირია ტესტირებული

-რამდენად დაცულია პენიტენციურ სისტემაში საერთაშორისო რეკომენდაიცები კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით

- რა დამატებითი რესურსებია საჭირო ვირუსის პრევენციისთვის

- რა რისკები არსებობს ვირუსის გავრცელების პენიტენციურ სისტემაში

- რა გვერდითი პრობლემები წარმოშვა პატიმართა მიმართ პანდემიამ

- პატიმართა უფლებების დაცვას საფრთხეს რა მოცულობით და რა გამოვლინებით უქმნის ვირუსი

- არის თუ არა საჭირო საკანონმბდელო ცვლილებები პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით, რაც გამოიწვია კორონა ვირუსმა

შესწავლილი ინფორმაციის შედეგად საჭიროების შემთხვევაში კომიტეტმა უნდა შეიმუშავოს დასკვნა შესაბამისი რეკომენდაციებით და წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად.

 

[1] https://ipress.ge/new/penitentsialuri-samsakhuris-gantskhadebith-qaltha-datsesebulebashi-kovid-19-is-23-shemthkhveva-daphiqsirda/