D E M O C R A C Y   I N D E X

პარლამენტი კვლავ განუსაზღვრელ უფლებამოსილებებს ანიჭებს მთავრობას პანდემიასთან ბრძოლის მიზნით
2021-06-22

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ პარლამენტს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მოსაზრება წარუდგინა. ორგანიზაციის აზრით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ევროპის ქვეყნების გამოცდილება და უზრუნველყოს ძლიერი საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის მექანიზმები კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის პირველ იანვრამდე მთავრობა კვლავ უფლებამოსილი იქნება საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის გარეშე დააწესოს ქვეყანაში ე.წ. კოვიდრეგულაციები.[1]„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ შეისწავლა და პარლამენტისთვის წარდგენილ მოსაზრებაში გააერთიანა გერმანიის, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთა გამოცდილება ამ ტიპის საკანონმდებლო საქმიანობის დროს. ორგანიზაციის შენიშვნები მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- კანონპროექტი, მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, არა გამარტივებული წესით არამედ არსებითი გადამუშავების შემდგომ უნდა განიხილოს საკანონმდებლო ორგანომ.ე.წ. კოვიდრეგულაციები მკვეთრად აისახება მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრების წესზე, მათ შორის, ფსიქიკურ მდგომარეობაზე და ეკონომიკურ შემოსავლებზე. არსებული ფორმატით, მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, კანონპროექტი მხოლოდ ერთი მოსმენით განიხილება. ფორმატი არ ითვალისწინებს პროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობას. მსგავსი მიდგომა არ იძლევა მისი შინაარსობრივი განხილვისა და არსებული საუკეთესო უცხოური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას;

- პარლამენტმა ამომწურავად განსაზღვროს ყველა ის რეგულაცია, რომლის შემოღებაც შესაძლოა მთავრობას დასჭირდეს ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის;

- მთავრობის მიერ შემოღებული რეგულაციები უნდა იყოს შეზღუდული კონკრეტული ვადით, არა უმეტეს 4 კვირისა;

- რეგულაციების შემოღება უნდა ეფუძნებოდეს ვირუსის გავრცელების დინამიკას, მათ შორის, დადებითობის მაჩვენებელსა და ზრდის ან კლების ტენდენციას;

- მთავრობის წევრები, განსაკუთრებით, პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი ვალდებული უნდა იყვნენ გარკვეული პერიოდულობით, არა ნაკლებ 2 თვეში ერთხელ, წარსდგნენ პარლამენტის წინაშე. კანონმდებლებსა და მთლიანად საზოგადოებას უნდა მოახსენონ ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და შემოღებული რეგულაციების შესახებ ანგარიში.

დეტალურად იხილეთ თანდართული ფაილი.

 

[1] ხელმისაწვდომია:  https://info.parliament.ge/#law-drafting/22224 . საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე, იხილეთ „საქართველოს პარლამენტი კვლავ უარს ამბობს საკუთარი ფუნქციების შესრულებაზე“ , დემოკრატიის ინდექსი - საქართველო,  https://democracyindex.ge/ge/news/read/70/saqartvelos-parlamenti-kvlav-uars-ambobs-sakutari-funqciebis-shesrulebaze [15:20 22.06.2021]