D E M O C R A C Y   I N D E X

მოვუწოდებთ პარლამენტს, ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ გაზარდოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას
2021-04-28

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარლამენტის წევრის ანრი ოხანაშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. [1]

საკნონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გაზრდას. კერძოდ, მოქმედი წესით პირის ადმინისტრაციული დაკავება 12 საათს არ აღემატება სასამართლოში წარდგენამდე, ხოლო უქმე დღეებში - 48 საათს. ცვლილება საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს როგორც უქმე, ისე სამუშაო დღეებშიც, პირი დააკავონ 48 საათამდე ვადით, ნაცვლად 12 საათისა. აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, რომ პირის დაკავების გონივრული ვადა 48 საათის ნაცვლად არის 24 საათი. ასევე, შესაძლოა დაუსაბუთებლად შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება; ინიციატივას გააჩნია საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიმართ მსუსხავი ეფექტი; შესაბამისად, ინიციატივა არღვევს ადამიანის უფლებებს და აზიანებს დემოკრატიულ პრინციპებს.

უფრო კონკრეტულად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება არსებითად პრობლემურია შემდეგი გარემოებების გამო: 1. ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უსაფუძვლოდ ზღუდავს ადამიანის თავისუფლების უფლებას; 2. მისი დაჩქარებული განხილვა მიმდინარეობს უსაფუძვლოდ და კიდევ ერთხელ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კანონშემოქმედებას; 3. აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებასთან და ამდენად, პოტენციურად ზღუდავს მას.

  1. ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უსაფუძვლოდ ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ულებას;

კანონპროექტით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლითაც დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, უნდა წარედგინოს სასამართლოს.[2] კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს არა უგვიანეს 12 საათში, ხოლო თუ დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა იგი გრძელდება 48 საათამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის ავტორი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში[3] მიუთითებს რომ პროექტის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, მისი ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც კანონი 12-დან 48 საათამდე უხანგრძლივებდა დაკავების ვადას ყოველგვარი რაციონალური დასაბუთების გარეშე, როდესაც შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 24 საათში წარდგენილიყო პირი სასამართლოს წინაშე. მიუხედავად ამისა, ინიციატივის ავტორი ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს განუსაზღვრავს 48 საათიან დაკავების საერთო ვადას, ნაცვლად 24 საათისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გონივრულად მიიჩნია.

კანონპროექტის ინიციატორს არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტი თუ რატომ უნდა შეიცვალოს აღნიშნული მიდგომა და დაკავების ვადა გახანგრძლივდეს 48 საათამდე მაშინაც, როდესაც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია პირის სასამართლოს წინაშე სამუშაო საათებში წარდგენა.

26 აპრილის საკომიტეტო სხდომაზე ინიციატორმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული რეგულაცია თავსებადია კონსტიტუციით განსაზღვრულ მაქსიმალურ 48 საათიან ვადასთან.[4] კონსტიტუცია 48 საათს, როგორც მაქსიმალურ ვადას, ისე განსაზღვრავს. შესაბამისად, თუ გონივრული ვადა 48 საათზე ნაკლებია, მაშინ შესაბამისად, ნაკლები ვადით უნდა იყოს პირი დაკავებული[5]. საკონსტიტუციო სასამართლომ 24 საათი მიიჩნია ასეთად ყველა ადმინისტრაციულად დაკავებული პირისთვის, მიუხედავად ამისა, ინიციატივა 48 საათიანი დაკავების ვადას განსაზღვრავს.  

  1. მისი დაჩქარებული განხილვა მიმდინარეობს უსაფუძვლოდ და კიდევ ერთხელ საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ კანონშემოქმედებას

კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით. იმ ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 29 დეკემბერს განუსაზღვრა პარლამენტს ხუთთვიანი ვადა, [6] პარლამენტი მხოლოდ 4 თვის გასვლის შემდგომ მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ, მკაცრად შემჭიდროებულ ვადებში.

კანონპროექტის განხილვა და მიღება დაგეგმილია ერთ კვირიან პერიოდში. ხოლო პროექტი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 26 აპრილის ბიუროს სხდომის შემდგომ იმავე დღის საკომიტეტო მოსმენამდე ერთ საათზე ნაკლები ვადით ადრე.

პარლამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მავნე პრაქტიკას და ამით არ აძლევს ჩართულობის შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ხარვეზად შეაფასა ევრო საბჭოს ანტიკორუფციულმა ჯგუფმა  (GREKO). ამის შესახებ კი ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ მიუთითა პარლამენტს.[7]

საკანონმდებლო საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის არსებითი ხელშეშლა პარლამენტის ბოლო პერიოდის მავნე პაქტიკაა, რომელიც სწორედ არსებითად მზღუდავი კანონპროექტების უსაფუძვლოდ დაჩქარებული წესით განხილავში და მათ დაგვიანებულ ხელმისაწვდომობაში გამოიხატება[8]. აღნიშნული პრობლემა გამოვლინდა ამჯერადაც ისეთ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვის დროს, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ სამართლებრივ სიკეთეს - მისი თავისუფლების შეზღდვას განიხილავს.

პარლამენტის კანონშემოქმედების პროცესში ორი უკიდურესობა ვლინდება: ა) უსაფუძვლოდ კანონპროექტის განხილვის დაჩქარების პრაქტიკა და ბ) უარის თქმა კანონშემოქმედებით საქმიანობაზე. პირველი ვლინდება ამ მოცემული კანონპროექტის განხილვის დროსაც. რაც შეეხება თავისი კონსტიტუციური მოვალეობის შეუსრულებლობას, იგი ვლინდება იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში არ აღასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილებები კი დაკონკრეტებულია ჩვენი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ მოსაზრებაში. 

  1. აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებასთან და ამდენად, პოტენციურად ზღუდავს მას

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი წლების განმავლობაში გამოიყენება პროტესტის მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებისთვის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად. კანონპროექტის განხილვა კი დაჩქარებული წესით მიმდინარეობს მაისში დაანონსებული საპროტესტო აქციების წინ. [9] აღნიშნული ქმნის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენების საფრთხეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ; მეორე მხრივ კი, ხელს შეუწყობს იგი თვითცენზურის დაწესებას. ზუსტად იგივე მიდგომა გამოავლინა პარლამენტმა ადმინისტრაციული სანქციების გამკცარების მიზნით დაჩქარებულად განსახილველი კანონპორექტით, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩიებლობისთვის სანქციებს ამკაცრებს[10]

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს.

 

 

 

 

 

[1] საკანონმდებლო ინიციატივა და თანდართული ფაილები ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებ. გვერდზე https://info.parliament.ge/#law-drafting/21960 [13:24 27.04.2021]

[2] იქვე.

[3] განმარტებითი ბარათი კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/273229? [13:24 27.04.2021]

[4] საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა.

[5] იხ.  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე McKay v. the United Kingdom [GC], § 33.

[6] Supra 2, III-2

[7] ამის შესახებ იხილეთ ჩვენი ორგანიზაციის განცხადება: https://democracyindex.ge/ge/news/read/92/greco-miichnevs-rom-parlamenti-sakanonmdeblo-processhi-sajaro-chartulobas-satanadod-ar-uzrunvelyofs [14:10 27.04.2021]

[8] იქვე

[9]დასახელებულ საკითხთა დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ჩვენი ორგანიზაციის განცხადება: https://democracyindex.ge/ge/news/read/93/administraciuli-sanqciebis-gamkacreba-gamoiwvevs-gamoxatvis-tavisuflebis-shezgudvasa-da-tvitcenzuras-sazogadoebashi

[10] იქვე