D E M O C R A C Y   I N D E X

ადმინისტრაციული სანქციების გამკაცრება გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასა და თვითცენზურას საზოგადოებაში
2021-04-26
 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე სანქციების გამკაცრება მსუსხავ ეფექტს იქონიებს გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც შეაფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას და გამოიწვევს მიმდინარე თუ სამომავლო პროტესტის მონაწილეთა უფლებებში სამართალდამცავთა მხრიდან თვითნებური ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.

კანონპროექტით მნიშვნელოვნად მკაცრდება წვრილმან ხულიგნობაზე და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობა. დასჯადი ხდება წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენა ჯარიმით 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ან მისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის იზრდება ჯარიმის ქვედა ზღვარი 2000 ლარამდე. ქმედების განმეორებით ჩადენისთვის დგინდება ჯარიმა 3500 ლარიდან4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამასთან, კანონპროექტის განხილვის პროცედურაც არსებითად ხარვეზიანია - არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საფუძველი. პარლამენტი კიდევ ერთხელ მიმართავს მავნე პრაქტიკას და ამით არ აძლევს ჩართულობის შესაძლებლობას სამოქალაქო საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ სწორედ საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ხარვეზად შეაფასა ევრო საბჭოს ანტიკორუფციულმა ჯგუფმა  (GREKO)[1]. ამის შესახებ კი ჩვენმა ორგანიაციამ არაერთხელ მიუთითა პარლამენტს[2].

ცვლილების საჭიროებად განმარტებით ბარათში მოხმობილია ბოლო წლებში ზემოაღნიშნულ დარღვევათა გაზრდილი მაჩვენებელი[3]. თუმცა, არაერთი ობიექტური დამკვირვებლის ანგარიშები მიუთითებს, რომ სწორედ ამ სამართალდარვევების სახელით მოქალაქეთა უსაფუძვლო პასუხისმგებლობა არის ერთ-ერთი მავნე პრაქტიკა, რომელსაც სამართალდამცავები საპროტექსტო აქციების დროს მიმართავენ.

მაგალითად, სახალხო დამცველი თავის 2020 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ “წლების განმავლობაში ქვეყანაში სამართალდამცავები შეკრებების მართვისას აქტიურად მიმართავდნენ პროტესტის მონაწილეთა ადმინისტრაციულ დაკავებას წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, რაც უმეტესად ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებს”.[4]

საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაცია თავის 2017 წლის ანგარიშში აცხადებს, რომ “წვრილმანი ხულიგნობის დეფინიციის გამოყენებისას სასამართლო ადმინისტრაციული გადაცდომის ფარგლებს ძალიან ფართოდ - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების საწინააღმდეგოდ განმარტავს. ქმედება წვრილმან ხულიგნობად ფასდება, როდესაც პირის მიზანს არ წარმოადგენს კონკრეტული პირის/პირთა ჯგუფის თუ საზოგადოებისათვის შეურაცხყოფის მიყენება და არ არსებობს საპასუხო რეაქციის მყისიერი საფრთხე”[5].

ორგანიზაცია EMC თავის 2016 წლის ანგარიშში იმავეს მიუთითებს, რასაც “საია” და ამასთან აცხადებს, რომ “პოლიციელები, იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული გარემოება ამტკიცონ, რომლითაც გამოიხატა მოქალაქის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, უთითებენ ბანალურ ფრაზას “ არ დაემორჩილა პოლიეციელის კანონიერ მოთხოვნას”[6].

საკონსტიტუციო სასამართლოს გამარტებით, გამოხატვის თავისუფლების რეგულირებისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ნორმის გავლენა პირის უფლებაზე. გამოხატვის თავისუფლების უფლება „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის, თუ პირი, მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულია თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც. „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. გამოხატვის თავისუფლების სფეროს ამგვარად რეგულირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების გაუმართლებელი ჩაკეტვა, მისი მოქმედების თავისუფლების თვითშეზღუდვა, აიძულოს ადამიანები, მოახდინონ თვითცენზურა გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროს იმ ნაწილში, რომლის შეზღუდვის აუცილებლობაც არ არსებობს, რაც, თავისთავად, ამ უფლების არათანაზომიერად შეზღუდვის ტოლფასია.[7]

ამავე მიდგომას იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო. სასამართლოს პრაქტიკით, კონკრეტულ შემთხვევებში უნდა იქნას ყურადღება გამახვილებული იმაზე, ხომ არ ექნება სახელმწიფოს მოქმედებას მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით. მათ შორის, ეს გარემოება შეიძლება იყოს პროტესტის მონაწილეების დაკავება და პატიმრობაში დატოვება.[8]

დღეს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და სამომავლოდ დაანონსებული პროტესტების ფონზე,[9] წვრილმანი ხულიგნობისთვისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრება ხელს შეუწყობს ქვეყანაში თვითცენზურის დაწესებას. პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეების მიმართ დაუსაბუთებლად გამოყენების მრავალი შემთხვევის ფონზე, მკაცრი სანქციის შიშით, მოქალაქეებს არსებითად ეზრდებათ მოტივაცია თავი შეიკავონ პროტესტის მონაწილეობისგან ან მონაწილეობის შემთხვევაში საკუთარი პროტესტის თუნდაც კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატვისგან. 

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუჭიროს მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან დასახელებულ ცვლილებებს.

 

[1] ამის შესახებ იხილეთ ჩვენი ორგანიზაციის განცხადება: https://democracyindex.ge/ge/news/read/92/greco-miichnevs-rom-parlamenti-sakanonmdeblo-processhi-sajaro-chartulobas-satanadod-ar-uzrunvelyofs

[2] იქვე.

[3] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი: https://info.parliament.ge/?fbclid=IwAR1bC-XbiaKpjxSAhPaN59FKtDghO5tBoeLK5495k825auriQVhGimHXEqg#law-drafting/21959

[4] იხ. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, 2021, გვ. 19. https://bit.ly/3sNlXUh; EMC“, Political Neutrality in the Police System, გვ. 82, 2016 https://emc.org.ge/2016/09/07/emc-130/

[5] „საია“, პროტესტი სამართალდარღვევად მიჩნეული, 2017, გვ.5 https://bit.ly/3njBPNo [14:32 26.04.2021]

[6] EMC“, Political Neutrality in the Police System, გვ. 82, 2016 https://emc.org.ge/2016/09/07/emc-130/

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-8.

[8] იხ. მრავალთა შორის, Schweizerische Radio- und Fernsehgesellschaft and Others v. Switzerland, § 72, Steel and Others v. the United Kingdom, § 92; Açık and Others v. Turkey, §40.

[9] აღსანიშნავია, რომ დღეს პარლამენტის სასახლის წინ, ასევე რიონის ხეობაში პროტესტი აქტიურად მიმდინარეობს. აგრეთვე, თბილისში ოპოზიციის ნაწილს დაგეგმილი აქვს 15 მაისს,  https://bit.ly/2QZwzSM ხოლო ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ჩანიშნულია 23 მაისს https://bit.ly/3eAf1EW  [14:46 26.04.2021]