სიახლეები

2023.02.20

მოვუწოდებთ პარლამენტის ბიუროს მიიღოს გადაწყვეტილება 'ხალხის ძალის" ინიციატივის განხილვაზე უარის თქმის შესახებ

ხალხის ძალისმიერ ინიციირებული კანონპროექტის[1] მიზანია საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების შევიწროება - მათი შერაცხვა უცხო ქვეყნის აგენტებად“, საზოგადოების ხმის ჩახშობა და მმართველ ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლის საგრძნობლად შეზღუდვა.

კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო სამართალთან. მსგავსი კანონი არ არის მიღებული ევროკავშირის წევრ არცერთ სახელმწიფოში. ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შორის ასეთი კანონი მხოლოდ რუსეთში მოქმედებს[2], რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის გადაწყვეტილებით ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა.[3] ევროპის სივრცის მიღმა, ყირგიზეთში 2022 წლის ნოემბერში ანალოგიური კანონპროექტის ინიციირება არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობისთვის საფრთხედ შეფასდა და ყირგიზეთს მოუწოდეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ.[4]

როგორც ევროკავშირის, ისე ევროპის საბჭოს სტრუქტურების მიერ სხვადასხვა წლებში მიღებულია არაერთი გადაწყვეტილება თუ შეფასება[5] იმის შესახებ, რომ მსგავსი კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო მართვის დემოკრატიულ პრინციპებთან.  

კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ხელს შეუშლის საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. კანონის განხილვა და მიღება, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის სამართალთან და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებთან, ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან. მსგავსი კანონის მიღება გამორიცხავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი რეკომენდაციებით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანების შესრულებას. კანონპროექტის ის ასპექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადებას გულისხმობს, თავის მხრივ, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციისაკენ არის მიმართული, რაც ნაცვლად დეპოლარიზაციის ამოცანის შესრულებისა, კიდევ უფრო გაამწვავებს პოლარიზაციას. მსგავსი კანონის მიღება ასევე, ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ მე-10 პრიორიტეტულ ამოცანას, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფას „ყველა დონეზე“.[6]  

კანონპროექტი აშკარად დაუსაბუთებელია და ცრუ ინფორმაციას ეფუძნება. არ შეესაბამება სიმართლეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს (FARA) ეფუძნება.[7]



[1] „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ იხილეთ ბმულზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/25787

 

[2] 2022 წლის 17 მარტს რუსეთი გაირიცხა ევროსაბჭოდან, ასევე ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე თავდასხმის გამო: https://www.coe.int/en/web/cdcj/-/russian-federation-excluded-from-the-council-of-europe

[4] იხ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პარტნიორობის (IPHR) განცხადება ყირგიზეთში ინიციირებულ ე.წ „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით: https://www.iphronline.org/kyrgyzstan-foreign-agents-style-draft-law-poses-new-serious-threat-to-civil-society-groups.html

[5] იხ. „ვენეციის კომისიის“ 2017 წლის 2 ივნისის შეფასება მსგავსი კანონის უნგრულ მოდელთან დაკავშირებით: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2017)002-e

[6] ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, მე-10 პრიორიტეტი: https://www.radiotavisupleba.ge/a/31902732.html

 

[7] იხ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე: https://www.interpressnews.ge/ka/article/744983-saxelmcipo-departamenti-ucxouri-agentebis-shesaxeb-kanonproektze-amgvarma-kanonma-sheizleba-shearqios-sakartvelos-evroatlantikuri-integracia-is-epuzneba-rusetis-da-ungretis-kanonmdeblobas-da-ara-fara-s-an-romelime-sxva-amerikul-kanons/