სიახლეები

2023.07.29

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის შესახებ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ამავე საბჭოს ყოფილი წევრი შოთა ქადაგიძის არჩევა მორიგი დადასტურებაა, რომ საქართველოს სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული გავლენიანი ჯგუფის ხელშია მოქცეული.  

დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა სასამართლო სისტემაში 2017 წლიდან არსებობს. დამოუკიდებელი ინსპექტორი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა სასამართლო ხელისუფლებაში. ის აირჩევა 5 წლის ვადით და ახორციელებს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმეების წინასწარ შემოწმებას და მოკვლევას. მიუხედავად სახელწოდებისა, დამოუკიდებელი ინსპექტორი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი. ამ თანამდებობას ყოველთვის იკავებდნენ სასამართლო სისტემის გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული პირები - ქეთევან ცინცაძე (მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე) და ზურაბ აზნაურაშვილი (ასევე მიხეილ ჩინჩალაძესთან დაახლოებული პირი).  

ამჯერადაც, დამოუკიდებელ ინსპექტორად დაინიშნა ადამიანირომელმაც თავისი წარსული საქმიანობით დაადასტურა სასამართლო კლანის მიმართ ერთგულებ. ის  12 წელი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში მუშაობდა, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში მიხეილ ჩინჩალაძის მოსამართლეობის დროს. ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ცნობილ 10 კაციან სიას, რასაც დიდი საერთაშორისო და ადგილობრივი კრიტიკა მოჰყვა. 2017-2021 წლებში იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობაზე მყოფი შოთა ქადაგიძის გადაწყვეტილებები ან განცხადებები არასოდეს ყოფილა საბჭოში კლანის გადაწყვეტილებებისგან განსხვავებული. ის ბოლომდე დარჩა კლანის პოლიტიკის გამტარებელი ერთგული ხმა იუსტიციის საბჭოში 

შოთა ქადაგიძის დამოუკიდებელ ინსპექტორად ასარჩევი კონკურსი ჩატარდა სრულიად გაუმჭვირვალედ, საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა არც კანდიდატთა ვინაობა, არც მათი ხედვები და დახურული იყო შოთა ქადაგიძესთან გასაუბრების პროცესი.  

გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა თვისობრივად არ შეცვლილა. მას მართავს მოსამართლეთა იგივე ჯგუფი, რომლის მეშვეობით წინა მმართველი პარტია აკონტროლებდა სასამართლო ხელისუფლების შტოს. ამ ჯგუფის ხელმძღვანელები - მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, ირაკლი შენგელია და ლევან მურუსიძე ამჟამად იმყოფებიან აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციების ქვეშ, კორუფციაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში მონაწილეობის გამო.   

დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის შექმნა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობა, არამედ ევროკავშირში ინტეგრაციის 12 პუნქტიანი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ გეგმის შესრულების ფარგლებში, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული სარეფორმო პაკეტი არ პასუხობს სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევას, რაც არის მოსამართლეების ერთი კონკრეტული ჯგუფის ხელში მოქცეული სასამართლო ხელისუფლება, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას საშუალებას არ აძლევს რეალურად ჩაერთოს სასამართლოს მართვაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე შოთა ქადაგიძის დანიშვნის გადაწყვეტილება არადემოკრატიულია და კიდევ უფრო გვაშორებს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პერსპექტივას.  

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საზოგადოებასთან დიალოგის და ადვოკატირების გზით.         

ჯგუფის წევრები არიან:   

1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)   

2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)    

3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)   

4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)    

5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი)

6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)     

7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)    

8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)    

9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი) 

10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი   

11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო)

12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)   

13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)   

14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი)

15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი)   

16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი,  ყოფილი მოსამართლე) 

17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)

18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)

19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)

20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე)    

21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი)