სიახლეები

2023.03.27

პრემიერ-მინისტრმა ანგარიში უნდა ჩააბაროს და შეუთანხმოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა პარლამენტს

ინტერპელაცია არის მთავრობაზე კონტროლის კონსტიტუციური ინსტრუმენტი, როდესაც მთავრობის წევრი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტში და პლენარულ სხდომაზე, საჯაროდ უპასუხოს პარლამენტის წევრის კონკრეტულ კითხვას. 2023 წლის 24 მარტს გამართული ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის დრო არამიზნობრივად გამოიყენა; პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ საფრთხედ დაასახელა უკრაინის სახელმწიფო, რაც არ შეესაბამება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მოქმედ პოლიტიკას.     

ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის დეპუტატების მიერ დასმული 7 შეკითხვიდან[1] მხოლოდ ორს უპასუხა და ინტერპელაციის დრო დაუთმო ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც კავშირში არ იყო ინტერპელაციასთან და არ პასუხობდა დეპუტატების შეკითხვებს.[2] ინტერპელაციისას პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ საფრთხედ დაასახელა უკრაინის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების  გეგმა საქართველოში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტს უკრაინის სახელმწიფო საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხედ არ უღიარებია.[3] აღნიშნული შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ეროვნული საფრთხე არ შეესაბამება რეალობას, თვითნებურია და ვიწრო პარტიული მიზნებითაა ნაკარნახევი.

შეკითხვები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციისას პასუხი გასცა:

1. კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მთავრობაში დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ უკრაინაში ომის შედეგების პროგნოზირების შეუძლებლობა ხელს უშლის მათ განახლებას.

კანონით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია უნდა გადაიხედოს ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც და განახლდეს ნებისმიერ დროს, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. დოკუმენტის განახლება ხდება პარლამენტის მიერ მთავრობის წარდგინებით. რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების ვითარების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ 2011 წელს დამტკიცებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია საჭიროებს განახლებას, თუმცა მთავრობის მიერ არ ხდება საკითხის წარდგენა პარლამენტში. აღნიშნული გაუმჭვირვალეს და თვითნებურს ხდის მთავრობის უსაფრთხოების პოლიტიკას და საფრთხეებზე რეაგირებას. იგივე შეიძლება ითქვას ეროვნული უსაფრთხოების სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების განახლებაზე/დამტკიცებაზე: საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს ამტკიცებს მთავრობა; ხოლო, უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტებს ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი, რაც ასევე არ არის აღსრულებული. 

2. კითხვაზე, გაიზარდა თუ არა საქართველოს საფრთხეები და გამოწვევები უკრაინაში ომის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ასეთ საფრთხედ დაასახელა ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობა უკრაინის სახელმწიფოს რიგი მაღალჩინოსნების და საქართველოში მოქმედი მტრული ძალების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული საფრთხე არ არის გამოვლენილი, იდენტიფიცირებული, შეფასებული და პროგნოზირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით - ეროვნული უსაფრთხოების მოქმედი კონცეფციითა და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, არ არის  განახლებული/დამტკიცებული ქვეყნის უსაფრთხოების კონცეპტუალური და სტრატეგიული დოკუმენტები, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული უკრაინის სახელმწიფოსაგან მომდინარე საფრთხე არ შეესაბამება რეალობას, თვითნებურია და ვიწრო პარტიული მიზნებითაა ნაკარნახევი.

შეკითხვები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციისას უპასუხოდ დატოვა: 

3. რატომ არ იკრიბება უსაფრთხოების საბჭო კანონით გათვალისწინებული წესით, სამ თვეში ერთხელ მაინც?

4. რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ეროვნული მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად?

5. გაზრდილი საფრთხეების ფონზე, რატომ არის რადიკალურად შემცირებული თავდაცვის ბიუჯეტი?

6. ომის დაწყებიდან დღემდე რა მოიმოქმედა პრემიერ-მინისტრმა რათა დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მომხდარიყო საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება?

7. როდის აპირებს პრემიერი დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვის შემუშავებას და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცებას?

საქართველოს კონსტიტუციის 43.2 მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იყო სწორედ პარლამენტის სხდომაზე, საჯაროდ და ზეპირად გაეცა პასუხი ინტერპელაციის წესით მისთვის დასმულ შეკითხვებზე. ამასთან, პრემიერ-მინისტრის წერილობითი პასუხები[4] პარლამენტის წევრებს ინტერპელაციის დაწყებამდე არაგონივრულ ვადებში დაურიგდათ, რაც ხელის შემშლელია ინტერპელაციის პროცედურით გათვალისწინებული დებატების სათანადოდ ჩატარებისთვის. 



[1] ინტერპელაციის ავტორების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის გაგზავნილი წერილი, იხ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/323714

[2] პრემიერის ძირითადი სიტყვა და დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხი, იხ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=whRDtSDFgWg&t=5664s , 45:50 - 1:34:21-წთ.

პრემიერის დასკვნითი სიტყვა იხ. ბმულზე:  https://www.youtube.com/watch?v=AVnXUpKuj10 , 1:09:43 – 1:24:22 წთ.

[3] საქართველოს პარლამენტის 2011 წლის N5589 დადგენილება „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ.“

[4] ინტერპელაციის ავტორების მიერ გაგზავნილ წერილზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხი იხ.ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/323715?