სიახლეები

2022.10.24

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევა სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო შეამცირებს და უკან დახევს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე

2022 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩია. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მიიჩნევს რომ სასამართლო ხელისუფლების ეს მოქმედება გარდა იმისა, რომ შეამცირებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციას.

  • ლევან მურუსიძე არის საქართველოს ისტორიაში არაერთი გახმაურებული საქმის, მათ შორის გირგვლიანის საქმის მოსამართლე. ის განასახიერებს მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს, რომელიც ემსახურება არა კანონს, არამედ მმართველ პარტიას. იგი ასევე იქცევს საზოგადოების ყურადღებას თავისი საჯარო გამოსვლებით, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან სასამართლოს კრიტიკის სისტემის დამცველი. ბოლო პერიოდში მის მიმართ დამატებითი კითხვები გააჩინა ყოფილი მოსამართლეების მხრიდან არაფორმალურ გარიგებაში მისმა დადანაშაულებამ, ასევე სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის მხრიდან ლევან მურუსიძის სავარუდო კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის მხილებამ. საგულისხმოა, რომ ამ საკითხებზე არც საგამოძიებო ან დისციპლინურ ორგანოებს, არც საქართველოს პარლამენტს რეაგირება არ ჰქონია და საზოგადოებას პასუხები არ მიუღია. ამის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სპეციალურად მისთვის „ადგილის გამოთავისუფლება" და წევრად კიდევ ერთხელ არჩევა კვლავ ადასტურებს სასამართლო სისტემაში არსებულ ღირებულებით კრიზისს და დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს. 
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩამოყალიბდა „სათადარიგო წევრის" ინსტიტუტი, რომლის ერთადერთი ფუნქციაა დროებით შეავსოს საბჭოში არსებული ვაკანსია, რათა შემდგომ კლანის მოთხოვნით ადგილი დაუთმოს სხვას. საერთაშორისო და შიდა საზოგადოების მწვავე კრიტიკული შეფასება გამოიწვია ანალოგიურმა ე.წ. არჩევნებმა იუსტიციის საბჭოში, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ გაიმართა. სწორედ ასეთი ფუნქცია ამჯერად „დააკისრეს" გიორგი გოგინაშვილს და გოჩა აბუსერიძეს, რომლებმაც საბჭოს წევრობა არჩევიდან 1 წელიწადში დატოვეს. 
  • „ქართული ოცნება" და სასამართლო ხელისუფლება არ ავლენენ არანაირ მზაობას, რომ შეასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების სავალდებულო მოთხოვნა, რაც დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლოს შექმნას გულისხმობს.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო" მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა ვერ გამოსწორდება შემდგომი კოსმეტიკური ცვლილებებით, არამედ საჭიროა ვითარების სიღრმისეული შეფასება და ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • ადეკვატურად მიუდგეს მართლმსაჯულების რეფორმას და ხელი შეუწყოს ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს; 
  • შექმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტის ფორმატში, სასამართლო სისტემაში არსებული სავარაუდო კანონდარღვევების გამოძიების მიზნით.