სიახლეები

2022.06.22

პარლამენტი ბათუმში უკონტროლო მშენებლობისთვის საკანონმდებლო ნიადაგს ქმნის

საქართველოს პარლამენტში განიხილება მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ცვლილება შედის სამშენებლო კოდექსში. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაში, ბათუმში განაშენიანების ინტენსივობის (ე. კ-2) კოეფიციენტის მაქსიმალურ ოდენობას საკრებულოს ნაცვლად ქალაქის მერი განსაზღვრავს.[1]

კანონპროექტი ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, რომლის მიხედვითაც განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის განსაზღვრა მხოლოდ საკრებულოს კომპეტენციაა. ამასთან, საკრებულოს კომპეტენციებში უხეში ჩარევით ირღვევა ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპი, რაც კანონპროექტს შეუსაბამოს ხდის საქართველოს კონსტიტუციასთან და  ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. კონსტიტუციის მიხედვით, მერს არ აქვს საკრებულოს გადაწყვეტილების შეცვლის, კორექტირების, რაიმე ფორმით დაბალანსების უფლებამოსილება.

ნიშანდობლივია, რომ საკრებულოს ფუნქციების შეზღუდვა, ავტომატურად გამოიწვევს მერის საქმიანობის კონტროლის მექანიზმების შესუსტებას. საკრებულოს მიერ მერის ეფექტური კონტროლი არის მერის მიერ თვითნებური და უკანონო გადაწყვეტილებების მიღების პრევენციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ადგილობრივ დონეზე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი. კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში კი, მერის ხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებით იზრდება უფლებამოსილების ბოროტად, კორუფციული მიზნებით გამოყენების რისკები.

 

დეტალურად იხილეთ ორგანიზაციის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი სამართლებრივი მოსაზრება.



[1] საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდი, მოძებნე კანონმდებლობა, https://info.parliament.ge/#law-drafting/24375  [22.06.2022]