„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აფასებს მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცესს
მონიტორინგის შედეგად პარლამენტის უუნარობა გამოიკვეთა შემდეგში:
- სამთავრობო გუნდისა და პროგრამის განხილვისას პარლამენტის წევრთა კითხვები იყო ფასადური;
- მათი უმეტესობა იწყებოდა მთავრობის წინა საქმიანობის ქება-დიდებით;
- კითხვების ნაწილი იყო აბსულუტურად არარელევანტური;
- პარლამენტის წევრებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რიგი საკითხები;
- სამოქალაქო საზოგადოების დასწრების პროცესი არ იყო გამჭვირვალე.
საპარლამენტო კონტროლი საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ფორმირების პროცესიდან იწყება. ხანგრძლივ საკომიტეტო, ფრაქციულ და პლენარულ სხდომებში ჩართულია ყველა პარლამენტის წევრი და მინისტრობის კანდიდატები. პარლამენტის წევრებს განხილვების დროს აქვთ შესაძლებლობა დასვან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვები და პასუხები გახადონ მსჯელობის საგანი.
დეტალურად:
- საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვები იყო ფასადური.
დეპუტატების მხრიდან ხშირად ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც მომხსენებლის მიერ პასუხის გაცემის დროს, კითხვის ავტორი პარლამენტის წევრები არ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში. მეტიც, პარლამენტის წევრებისთვის ყველა შემთხვევაში მინისტრობის კანდიდატისგან გაცემული პასუხი დამაკმაყოფილებელი იყო. პრაქტიკულად არ დასმულა დამაზუსტებელი კითხვები. მინისტრობის კანდიდატების პასუხები არ გამხდარა პარლამენტში დისკუსიის საგანი.
მთავრობის შემადგენლობის წინა, 2019 წლის, განხილვისგან განსხვავებით, სადაც ოპოზიცია მყარად იყო წარმოდგენილი, მეათე მოწვევის პარლამენტში არ გამართულა პოლიტიკური დებატები, არ მომხდარა კითხვების დაზუსტება და დეპუტატები პრაქტიკულად არ იყენებდნენ პოზიციების დასაფიქსირებლად საპარლამენტო ტრიბუნას.
უმრავლესობის დეპუტატებისგან უკვე გამოიკვეთნენ პარლამენტის წევრები, რომლებიც არ იყვნენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვისას ჩართულები. მათ შორის იყვნენ კომიტეტების თავმჯდომარეები - თეა წულუკიანი, ანრი ოახანაშვილი, ბექა ოდიშარია, დიმიტრი ხუნდაძე, დიმიტრი სამხარაძე, ირაკლი კოვზანაძე. დეპუტატების მესამედმა მხოლოდ საბოლოო კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობას.
2. პარლამენტის წევრთა კითხვის უდიდესი ნაწილი ეთმობოდა მთავრობის საქმიანობის ქებას
ოპოზიციის არარსებობის ფონზე, პარლამენტში კრიტიკული აზრი საგრძნობლად შემცირდა. პარლამენტის წევრების მიერ დასმული კითხვების დიდი ნაწილი მინისტრობის კანდიდატების საქმიანობის პოზიტიურად წარმოჩინებას ემსახურებოდა. საპარლამენტო რესპუბლიკაში სამთავრობო გუნდის მიმართ ნდობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ნდობის გამოცხადების შედეგად ყალიბდება სამთავრობო შემადგენლობა და განისაზღვრება ის ძირითადი პოლიტიკური სამოქმედო გეგმა, სამთავრობო პროგრამის სახით, რომლის შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს მთავრობამ.
ნდობის გამოცხადების პროცესში საჯარო განხილვები აუცილებელია საზოგადოებისთვის, რათა ყურადღება გამახვილდეს პრობლემებზე და სამთავრობო პოლიტიკის სისუსტეებზე. როდესაც პარლამენტში ოპოზიციის, კრიტიკული აზრის არარსებობის ფონზე მიმდინარეობს განხილვები, აზრი ეკარგება მთელ საპარლამენტო პროცესს. საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებისთვის უცნობი რჩება სამთავრობო პოლიტიკის ხარვეზები. ეს ხაზს უსვამს პარლამენტის უუნარობას, კრიტიკულად შეაფასოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებები და ეფექტურად გააკონტროლოს იგი.
დეპუტატებმა შეკითხვებისთვის გამოყოფილი დრო დაუთმეს სამთავრობო გუნდისა და განხორციელებული პოლიტიკის ქებას:
„დიდი მადლობა კანდიდატებს ამ ძალიან დეტალური მოხსენებისთვის, თქვენი სიტყვის ძალიან დიდი ნაწილი ეხებოდა იმ საქმეებს, რაც განგიხორციელებიათ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ამიტომ, მე შემიძლია გავიმეორო, რომ მოხარული ვარ თითოეული თქვენგანის ხილვით ამ რანგში, რადგან მინისტრს აქვს დადებითი და პოზიტიური შეფასება თავის საქმეში ის აუცილებლად უნდა ყოფილიყო მინისტრთა კაბინეტში“ - ნინო წილოსანი.
„ჩამოვიდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცის მაღალჩინოსანი 5 დღე დაჰყო საქართველოში, მან სანაქებოდ მოგვიხსენია, განა მან არ იცოდა როგორი ეკონომიკის ქვეყანაში მოხვდა? მაგრამ დაინახა რა გაკეთდა, შენიშვნებიც მოგვცა, მაგრამ აქედან წაიღო სხვა ქვეყნებში მათ სასწავლებლად; მე მინდა ახლა კიდევ საჯაროდ მინისტრს ვუთხრა მადლობა მთელი შემადგენლობით; ტერმინს რომ ამკვიდრებდნენ ჩამოიქცა სისტემა ეს არ ყოფილა მართალი; 2012 წლიდან ჯერადად გაიზარდა სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამა“ - ვლადიმერ კახაძე.
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და მისი შედეგები წინა ხელისუფლების პერიოდში. ჩვენ გვახსოვს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირების სხვადასხვა გზები თუ როგორ ქვეყნდებოდა ან არ ქვეყნდებოდა სხვადასხვა მონაცემები. ჩვენ ზუსტად ვიცით 2012 წლიდან დღემდე რა გზა გაიარა რეალურმა მოცემულობამ. სამთავრობო პროგრამაში მოცემულია 10% კლება ამ კუთხით. თქვენ ამაზე კარგად ისაუბრეთ. ისაუბრეს ჩვენმა კოლეგებმა ცალკეული მიმართულებებით თუმცა კიდევ ერთხელ თხოვნა იქნება რომ განმარტოთ ჩვენი საზოგადოებისთვის რეალურად მოცემულობა რა არის და რომ კრიმინოგენული მოცემულობის ზრდას რეალურად ადგილი არააქვს და ეს მხოლოდ მანიპულირებაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან“ - დავით მათიკაშვილი.
„ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულია ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები რომლებიც მიემართება ჩვენს ჯარისკაცებს. ეს პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი თავდაცვის ძალების პრესტიჟის ზრდისთვის მათ შორის ახალგაზრდებში პოპულარიზაციისთვის.“ - თამარ ტალიაშვილი.
პარლამენტში ჩატარდა კომიტეტების 4 გაერთიანებული სხდომა. იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებმაც მსგავსად ფორმულირებული კითხვები დასვეს შემდეგნაირად ნაწილდება:
- საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა;
- დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა:
- კითხვების ნაწილი იყო აბსულუტურად არარელევანტური;
პარლამენტის წევრებისგან იკვეთებოდა საკითხისადმი მათი არაკომპეტენტურობა, აგრეთვე, ინტერესდებოდნენ ისეთი საკითხებით, რომლებიც არ იყო სამთავრობო პროგრამის ნაწილი.
„ჩვენი ოპონენტები მიგვითითებენ იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვება არ მოგვილოცა არც ერთმა მეგობარმა ქვეყანამ. მე მინდა რომ პატარა კომენტარი გააკეთოთ ამასთან დაკავშირებით. ეხლა გვიყურებს მთელი ქვეყანა და ჩვენი ამომრჩეველი. მინდა რომ იცოდნენ მათ რომ ეს ასე არ არის“ - ირაკლი მეძმარიაშვილი
„პოლიტიკური ოპონენტები ძალიან უწყობენ ხელს დეზერტირობას ეგრეთწოდებული მღვდელმთავრობის სტატუსის მინიჭების ნაწილში. ... ამ მიმართულებით თუ იგეგმება რამე?“ - ირმა ზავრადაშვილი (დეპუტატისთვის უცნობია, რომ აღნიშნული კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელსაც მთავრობა ვერ შეცვლის).
„დამისახელეთ ერთი ბავშვი მაინც, ვინც შიმშილისგან დაიღუპა“ - ვლადიმერ კახაძე (კითხვა მიემართებოდა ჟურნალისტებს).
„იგეგმება თუ არა ფილანთროპიის შესახებ კანონმდებლობის მიღება“ - ქეთევან დუმბაძე (დეპუტატს გამორჩა ის ფაქტი, რომ კანონი, რომელზეც ის საუბრობს ინიცირებულია უკვე და მისი მიღების საკითხი პარლამენტის და არა მთავრობის გადასაწყვეტია).
- პარლამენტის წევრებმა ყურადღების გარეშე დატოვეს ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვანი რიგი საკითხები;
მსგავსი არაკომტეტენტური და შეუსაბამო კითხვების ფონზე, პარლამენტის წევრებმა არ გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღება, როგორიც არის:
- სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერება;
- პროკურატურის დამოუკიდებლობა;
- სასჯელის ლიბერალიზაცია;
- პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია;
- სამართალდამცავ სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმების დახვეწა;
დადებითად არის შესაფასებელი ის ფაქტი, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ნაწილობრივ გაითვალისწინა „დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს“ მოწოდება, და დასვეს კითხვები შემდეგ საკითხებზე:
- სამხედრო პირთა უფლებების დაცვა და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობა;
- პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაგრძელება;
- სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება;
- ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ იყო მოხსენიებული სამთავრობო პროგრამაში.
- სამოქალაქო საზოგადოების დასწრების პროცესი არ იყო გამჭვირვალე.
საკომიტეტო სხდომებზე განსხვავებული აზრის ფორმალურად უზრუნველსაყოფად მოწვეული იყო არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რომელთა მხრიდანაც საკითხების კრიტიკული განხილვა არ მომხდარა. სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით იქნენ შერჩეულნი აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელნი კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ.
ეს დეპუტატები იყვნენ: 1.მამუკა მდინარაძე 2.ანა ბუჩუკური 3.ელგუჯა გოცირიძე 4.მიხეილ დაუშვილი 5.ზაალ დუგლაძე 6.გოჩა ენუქიძე 7.არჩილ თალაკვაძე 8.ედიშერ თოლორაია 9.გიორგი კახიანი 10.პაატა კვიჟინაძე 11.სუმბატ კიურეღიან 12.ირაკლი კობახიძე 13.ირაკლი კოვზანაძე 14.კახაბერ კუჭავა 15.ბექა ლილუაშვილი 16.სამველ მანუკიან 17.ირაკლი მეზურნიშვილი 18.მაია მენაღარიშვილი 19.ანტონ ობოლაშვილი 20.ბექა ოდიშარია 21.ანრი ოხანაშვილი 22.დიმიტრი სამხარაძე 23.ირაკლი სესიაშვილი 24.მიხეილ ყაველაშვილი 25.გოდერძი ჩანქსელიანი 26.ვასილ ჩიგოგიძე 27.თეა წულუკიანი 28.ირაკლი ხახუბია 29.ვიქტორ ჯაფარიძე.