D E M O C R A C Y   I N D E X

სამთავრობო პროგრამა არ ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით
2020-12-21

საქართველოს პარლამენტში დაწყებულია მთავრობის ფორმირების პროცესი, რაც მოიცავს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის მოსმენასა და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

სამთავრობო პროგრამის ეფექტიანობას უნდა დაეფუძნოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, ვინაიდან სამთავრობო პროგრამა განსაზღვრავს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარების ძირითად მიმართულებებს და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას.

2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამა უმეტესად ზოგადი ხასიათისაა და ხშირად არ აზუსტებს თუ კონკრეტულად რა ღონისძიებების გატარებაა ნაგულისხმევი ამა თუ იმ სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად. დოკუმენტი ფართო და ერთი შეხედვით ყოვლისმომცველია. მიუხედავად ამისა, იკვეთება რიგი მნიშვნელოვანი სფეროები, რომლებიც არ არის სამთავრობო პროგრამით მოცული. ზოგიერთ შემთხვევაში სამთავრობო პროგრამა „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამით გაცემულ დაპირებებს არ შეესაბამება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია პარლამენტის წევრებმა დასვან კითხვები სამთავრობო პროგრამის გარშემო, მათ შორის, იმ საკითხებზე,  რომლებზეც სამთავრობო პროგრამა არ სახავს გეგმას. ესენია:  

- სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერება;

- პროკურატურის დამოუკიდებლობა;

- სასჯელის ლიბერალიზაცია;

- პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია;

- სამართალდამცავ სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმების დახვეწა;

- სამხედრო პირთა უფლებების დაცვა და თავდაცვის სფეროს გამჭვირვალობა;

- პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გაგრძელება;

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება;

- ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით;

- სხვა.

 

კითხვები 2020 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში

წარდგენილი 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის გარშემო

პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების მიზნით, დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ შეისწავლა მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგრამის შემდეგი მიმართულებები: ა.  საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ბ. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება; და გ. სახელმწიფო მმართველობა. სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულება შესწავლილი არ ყოფილა.  

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის თითოეულ წევრს, არსებითად განიხილოს, დასვას შეკითხვები და მოითხოვოს ამომწურავი პასუხები სამთავრობო პროგრამის შემდეგ მიმართულებებთან დაკავშირებით:

1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები - ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით მთავრობის გეგმა განსხვავებით წინა სამთავრობო პროგრამებისგან (2016-2020; 2018-2020,) და დღეს არსებული გამოწვევების საპასუხოდ, არ შეეხება ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა:

- დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო; მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაძლიერება;

- პროკურატურის დამოუკიდებლობა;

- სასჯელის ლიბერალიზაცია;

- პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია;

- სამართალდამცავ სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმების დახვეწა;

- თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობა და სამხედრო პირთა უფლებების დაცვა.

დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო; მოსამართლის ინდივიდუალური როლის გაძლიერება - იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობა, მოსამართლის როლი კვლავ ქვეყნის სერიოზულ გამოწვევად რჩება და მასზე მიუთითებენ ბოლო წლების ავტორიტეტული შეფასებები (მაგ. ეუთო თავის დასკვნებში), მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებმა დასვან შეკითხვები, თუ რატომ არ შედის აღნიშნული პრობლემების მოგვარება მთავრობის მომდევნო 4 წლის გეგმაში. სავარაუდო არგუმენტი, რომ სასამართლო ხელისუფლება გამიჯნულია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ვერ ჩაითვლება დამაჯერებლად, რამდენადაც წინა სამთავრობო პროგრამებში აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გაგრძელება მთავრობის ერთ-ერთი ორიენტირი იყო ზუსტად იმ ფონზე, რომ მთავრობა მაშინაც გამიჯნული იყო სასამართლო ხელისუფლებისგან.

ამასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხის გაუთვალისწინებლობა სამთავრობო პროგრამაში შეუსაბამობაშია „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამასთან. აღნიშნული პროგრამა საარჩევნო დაპირების სახით ითვალისწინებდა შემდეგს: „გაგრძელდება და გაღრმავდება სასამართლოს სისტემური გაძლიერება, განმტკიცდება მისი დამოუკიდებლობა და ყველაფერი გაკეთდება მოსახლეობაში სასამართლოს მაღალი ნდობის მოსაპოვებლად.“ გასათვალისწინებელია სასამართლოს დამოუკიდებლობის და მოსამართლეთა პროფესიონალიზმის კუთხით საქართველოს პარტნიორების და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბოლო დროს გამოთქმული არაერთი მწვავე კრიტიკა.  

პროკურატურის დამოუკიდებლობა - საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის, არასაკმარისი ფუნქციური დამოუკიდებლობის, პროკურატურის შიგნით პროკურორთა სუბორდინაციის და სრული დაქვემდებარების სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული პროკურატურის რეფორმის ფარგლებში. პარლამენტის წევრები უნდა დაინტერესდნენ რატომ არ არის გათვალისწინებული სამთავრობო პროგრამაში პროკურატურის დამოუკიდებლობის და დეპოლიტიზირების კუთხით არსებული საჭიროებები.     

სასჯელის ლიბერალიზაცია - სასჯელის ლიბერალიზაცია 2016 წლის სამთავრობო პროგრამისგან განსხვავებით, არ შედის მთავრობის მომდევნო 4 წლის გეგმაში და მის ნაცვლად წარმოდგენილია მცირე ზომის საპატიმრო დაწესებულებების აშენების გეგმა. ამ ფონზე კითხვებს აჩენს და პარლამენტის წევრებმა უნდა დასვან შეკითხვები, რა კონკრეტულმა საჭიროებებმა განაპირობა დამატებითი საპატიმრო დაწესებულებების აშენება.

პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია - მთავრობის გეგმა მოდევნო 4 წლის განმავლობაში არ შეეხება იმ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, როგორიცაა პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური სუბკულტურის პრევენცია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული პრობლემის გამოვლენის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის დადგენილებით მთავრობას მისი მოგვარების რეკომენდაცია მისცა.

სამართალდამცავ სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმების დახვეწა - ქვეყნის უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სამართალდამცავი პირების კეთილსინდისიერი და უფლების დაცვაზე ორიენტირებული მუშაობა. მისი უზრუნველყოფის წინაპირობა კი შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანი მუშაობაა. აღნიშნული არ შედის მთავრობის გგემებში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ 2016 წლის სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და დღემდე გამოწვევად რჩება. პარლამენტის წევრებმა უნდა დასვნან შეკითხვები და გამოარკვიონ, რატომ აღარ შედის ამ მიმართულებით მუშაობა მთავრობის მომდევნო 4 წლის სამუშაო გეგმაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა არ მიუთითებს ამ სფეროში გაწეული სამუშაოსა ან რაიმე მიღწევების შესახებ.

თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობა და სამხედრო პირთა უფლებების დაცვა - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება დიდწილად შიდა ეფექტიან მუშაობაზეა დაფუძნებული, რომლის გარანტი სისტემის გამჭვირვალობა და სამხედრო პირების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომაა. მთავრობის წამორდგენილი პროგრამა ამ მიდგომას არ იზიარებს განსხვავებით 2016 წლის სამთავრობო პროგრამისა. პარლამენტის წევრებმა უნდა დასვან შეკითხვები, რა გარემოებებმა განაპირობა მიდგომის ცვლილება.

2. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება - ამ მიმართულებით მთავრობის გეგმა, წინა სამთავრობო პროგრამისგან განსხვავებით და დღეს არსებული გამოწვევების საპასუხოდ, არ შეეხება ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა:

- ჯადაცვის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის როლის გაძლიერება;

- სოციალური დაცვისმიმართულებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის გაუმჯობესება; აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვანთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა;

ჯადაცვის მიმართულებით პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებ - სამთავრობო პროგრამა არ უთითებს პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და ოჯახის ექიმის როლის გაძლიერების აუცილებლობაზე; არ ისახავს მიზნად ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისწავდომობის გაადვილებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის; არ უთითებს ჯანდაცვის მომსახურებასა და მედიკამენტების ხარისხზე მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის გაგრძელებაზე; არ საუბრობს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ჯანდაცვის სეგმენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე. 

აღნიშნულის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა ამომრჩეველს პირდებოდა ჯანდაცვის სფეროს უმთავრესი პრიორიტეტის - პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მომდევნო ეტაპის განხორციელებას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდა ოჯახის ექიმის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას.   

სოციალური დაცვის მიმართულებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერის გაუმჯობესება; აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვანთა ხელმისაწვდომობის შეზღუდვა - ამ მიმართულებით მთავრობაგანაგრძობს იმავე მიდგომებს, რაც წლებია გააჩნია სახელმწიფოს, უთითებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის წესის დახვეწის აუცილებლობაზე, მსგავსად ადრიდნელი პროგრამებისა, თუმცა არც ახლა აკონკრეტებს რას გულისხმობს მასში; შეცვლილი ეკონომიკური ვითარების ფონზე, რაც მსოფლიოში 2020 წლის პანდემიამ გამოიწვია, აუცილებელია, პარლამენტის წევრებმა დასვან კითხვები, როგორ აპირებს ამ მიზნით მუშაობას მთავრობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

2016 წლის სამთავრობო პროგრამით განისაზღვა აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არასრულწლოვნებისა და დამოკიდებული პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებული პირებისათვის შეზღუდვები არ დაწესებულა, წარმოდგენილი პროგრამა უკვე აღარ ისახავს მიზნად ამგვარ ცვლილებებს. პარლამენტის წევრებმა უნდა დასვან შეკითხვები, თუ რამ განაპირობა ადრე განსაღვრული ხედვების ცვლილება.

3. სახელმწიფო მმართველობა - ამ მიმართულებით მთავრობის გეგმა აღარ შეიცავს „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში ბიუროკრატიის, ავტოპარკისა და სახელმწიფო სტრუქტურების შემცირებას. ასევე, არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ფისკალური დეცენტრალიზაციის გზით.   

„მცირე მთავრობის“ კონცეფცია - 2018 წლის სამთავრობო პროგრამა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოიაზრებდა მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, რომლისთვის, პროგრამის მიხედვით, ამოსავალი წერტილი იყო ბიუროკრატიის, ავტოპარკისა და სახელმწიფოს სტრუქტურების შემცირება. 2020 წელს მხოლოდ სახელმწიფოს ეფექტიანობაზე არის ყურადღება გამახვილებული, ხოლო „მცირე მთავრობის“ კონცეფცია ბიუროკრატიის მოცულობის შემცირების ნაწილში აღარ არის გათვალისწინებული. მთავრობა აღარ გეგმავს სახელმწიფოს სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურების ფიქსაციას მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელთან მიმართებით, აგრეთვე, ავტოპარკის შემცირებას.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, 2016 წლიდან მოყოლებული 2019 წლის ჩათვლით 27 800 კაცით გაიზარდა. 2018 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა პრაქტიკულად იგივე გადარჩა - მხოლოდ, მცირედით, 100 დასაქმებულით შემცირდა. აგრეთვე, გამოწვევად დარჩა სახელმწიფო ავტოპარკის ჭარბი მოცულობა. ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი.

„მცირე მთავრობის“ კონცეფციის მნიშვნელობაზე ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის საუბარია „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში. პარლამენტის წევრები უნდა დაინტერესდნენ, ამ მონაცემებისა და პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ფონზე, დასრულებულად ჩაითვალა თუ არა „მცირე მთავრობის“ კონცეფციის განხორციელება და რატომ აღარ არის რელევანტური ამ კონცეფციის გაგრძელება.   

ადგილობრივი თვითმმართველობა - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხედვა სამთავრობო პროგრამაში შეზღუდულად არის წარმოჩენილი. მისასალმებელია რომ მთავრობას ხედვა აქვს დეცენტრალიზაციის პროცესში სუბსიდიარობის პრინციპის გათვალისწინებაზე, მაგრამ საუბარი არ არის ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე.

თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს შესაბამისი გარანტირებული ფინანსური რესურსი, რათა უზრუნველყოს დელეგირებული თუ ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელება. როგორც 2016 წლის, ასევე, 2018 წლის სამთავრობო პროგრამები ითვალისწინებდნენ ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავლების ხვედრითი წილის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებში ეტაპობრივად ზრდას.