კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“
2023 წლის 25 ივლისს „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკატერინე ციმაკურიძე იყო ერთ-ერთი მომხსენებელი სასამართლო რეფორმის შესახებ პანელურ დისკუსიაში კონფერენციის „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" ფარგლებში.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თანაორგანიზებით და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მმართველ პარტიას, საპარლამენტო ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სიღრმისეული დიალოგის ხელშეწყობას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გასატარებელ სასამართლო და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა განიხილეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების მდგომარეობა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად გადასადგმელი ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობის, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის, დეოლიგარქიზაციის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მიმართულებებით.
კონფერენციას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის, საპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების საელჩოების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების ამ ერთობლივ ინიციატივას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიების გამართვას მოიცავს: "ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჭეშმარიტი ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება."
[1] https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/ევროკავშირის-ელჩის-პაველ-ჰერჩინსკის-მისასალმებელი-სიტყვა-კონფერენციაზე-„საქართველოს-გზა_ka?s=221
ფოტო: საქართველოს პარლამენტი