საპარლამენტო ოპოზიცია, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრების წარმომადგენლობით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს
გასული წლის დეკემბერში, პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში. განხორციელებული ცვლილებები არღვევს მოსამართლეთა კონსტიტუციურ უფლებებს, ზღუდავს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს და სასამართლოს მმართველ გავლენიან ჯგუფს უზრდის ბერკეტებს ინდივიდუალურ მოსამართლეთა შესავიწროებლად.
კანონში შეტანილი ცვლილებებით მოსამართლეებს შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლება, თანამდებობის დაკავების უფლება, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს მიეცათ შეუზღუდავი შესაძლებლობა მიავლინონ მოსამართლე სხვა სასამართლოში მისი თანხმობის გარეშე, მის მიმართ დაიწყონ დევნა ბუნდოვანი საფუძვლებით. კანონი ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის სტანდარტს და აძლევს იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს თვითნებობის, კანონის შერჩევითად, არანამდვილი მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე კონსტიტუციური სარჩელები წარდგენილი აქვთ მოსამართლეთა ჯგუფს და სახალხო დამცველს. პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/5 (30 დეპუტატი) ასევე უფლებამოსილია წარადგინოს კონსტიტუციური სარჩელი გაცილებით ფართო სამართლებრივი საფუძვლებით. წინამდებარე სარჩელით საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა შეზღუდვის, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან, მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებთან გასაჩივრებული კანონის შესაბამისობის შემოწმების მოთხოვნით.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეები არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ სტრატეგია „აღმაშენებლის“, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები.
პარლამენტის წევრთა სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას განახორციელებენ ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის წევრები.