სიახლეები

2022.01.31

პარლამენტმა არ უნდა შეუწყვიტოს ბადრი ჯაფარიძეს მანდატი


„დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტსა და მის წევრებს მიმართა სამართლებრივი მოსაზრებით და მოუწოდა უარი თქვას ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან დანაშაულის დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის ვალდებულებას წარმოშობს. თუმცა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობების არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების უპირობო შეწყვეტის საფუძველს.

მხედველობაშია მისაღები, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა აქარწყლებს დამნაშავის ყოველგვარ პასუხისმგებლობას. პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან,  არ ითვლება ნასამართლევად, არ ეზღუდება სხვა უფლებები, მათ შორის, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. შესაბამისად, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა ზღუდავს ბადრი ჯაფარიძის მიერ საჯარო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

ამ ქმედებას არ აქვს გამართლება არც პარლამენტის რეპუტაციის ან/და ადამიანის აქტიური საარჩევნო უფლების დაცვის მიზნებით. გასათვალისწინებელია, რომ ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრად არჩეულ იქნა ისეთ პირობებში, როდესაც ამომრჩეველთათვის ცნობილი იყო ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ. ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია მისი ამომრჩევლისთვის, მიენიჭებინა მანდატები მათი ლიდერობით არჩევნებში მონაწილე პარტიისთვის და შესაბამისად, კონკრეტულად ამ პირებისათვის.

კონკრეტული მოცემულობის არსებობის პირობებში პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეესაბამება ამ მექანიზმის არსებობის მიზანს, ამასთან, ეწინააღმდეგება პარლამენტის წევრის მანდატის მდგრადობასა და გაწვევის დაუშვებლობის კონსტიტუციურ დანაწესის არსს.

 

იხილეთ მიმართვა სრულად