სიახლეები

2020.03.10

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით

2020 წლის 9 მარტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს  ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 10 მარტს დანიშნულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. ამასთან, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ მცირე სამ წევრს.  

უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სასამართლო სისტემას მართავს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფი, კლანი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, როგორც სასამართლოს პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა საკადრო გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღების, არამედ კლანის ინტერესის გაძლიერების მიზნით, რისი დასტურიც იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. შესაბამისად, ადვილია იმის გამოცნობა, რომ უზენასი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანსიაზე ნომინირებული იქნება კლანის და ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებადი კანდიდატი. 

აღნიშნულის პარალელურად აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ პროცედურულ ხარვეზებზეც რასაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში. 

იუსტიციის საბჭოს არ უმსჯელია და რეგლამენტით არ დაურეგულირებია, თუ რა ფორმით და პროცედურით ხდება საბჭოსთვის წევრთა მხრიდან კანდიდატების წარდგენა, კანდიდატებისგან თანხმობის მიღება; რა თანმიმდევრობით ეყრებათ მათ კენჭი, როგორ ხდება ნომინირების საკითხის განხილვა, რა სახის აქტით ხდება გადაწყვეტილების მიღება, ხდება თუ არა კანდიდატთან გასაუბრება და სხვ. 

2018 წლის აგვისტოდან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა შესაძლებლობა ეზრუნა მისი შერჩევის პროცედურების და წესის განსაზღვრაზე, თუმცა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მსგავსი პროცედურები დღემდე არ შეუმუშავებია. 

ორგანული კანონის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ვებ გვერდზე სხდომამდე, არაუგვიანეს სამი დღით ადრე. ამ მოთხოვნის დაუცველობის პირობებში, ჩნდება ეჭვი, რომ საბჭოსთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე კანონის იმპერატიული დანაწესის დაცვა.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის საბჭო გეგმავს დახურულ ფორმატში გაიაროს კონსულტაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, თუმცა უცნობია ამ პროცედურის სამართლებრივი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში, სასამართლო სისტემის მხრიდან ხდება საჯაროობის და გამჭირვალობის პრინციპის უგულებელყოფა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს დაფარული ურთიერთობების და კლანური გარიგებების არსებობის თაობაზე. ამის ნათელი მაგალითია, უზენაესი სასამართლოს მხრიდან პლენუმის  ღია სხდომის დახურვა კანონიერი საფუძვლის გარეშე, https://netgazeti.ge/news/414603/რასაც სამწუხაროდ, მოსამართლეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

მოქმედმა ხელისუფლებამ დადო პირობა, რომ ამ მოწვევის პარლამენტი აღარ დანიშნავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს დარჩენილ ვაკანსიებზე. ამავე ლოგიკით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა მართლმსაჯულების სისტემაში და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელია არ უნდა დაინიშნოს მანამ სანამ არ შეივსება უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანსიების აბსოლუტური უმრავლესობა. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ მომწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის  დანიშვნაც შემდეგი მოწვევის პარლამენტს უნდა დაუთმოს. შესაბამისად,

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

შემდგომი მოწვევის პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებამდე თავი შეიკავოს უზენაესი სასამართლოს თავმჯომარის ნომინირებისგან. 

მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს:

არ მიიღონ მონაწილეობა კულუარულ კონსულტაციებში, და დახურული ფორმატის მოლაპარაკებებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის საკითხზე, ვინაიდან მათი თითოეული მოქმედება პირდაპირ განსაზღვრავს სასამართლოს მიმართ მოქალაქის ნდობას.