სიახლეები

2019.10.24

დემოკრატიის ინდექსი-საქართველო პროკურატურაში სავარაუდო დანაშაულების და სხვა დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვს

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება შეიცავს პროკურატურის სისტემაში შესაძლო დანაშაულის და კორუფციული თუ სხვა სახის დარღვევების შესახებ ინფორმაციას. ყოფილი პროკურორი მიუთითებს ისეთი დარღვევების შესახებ, როგორებიცაა, ბრალდებულთა მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, შრომითი დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროვება, უკანონო სამსახურებრივი ბრძანებების გაცემა და კომპრომატებით მუქარა, შიდა ორგანიზაციული არაეფექტურობა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი და სხვა.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის განცხადებაში აღწერილი გარემოებები საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. კერძოდ:

საქართველოს პარლამენტმა - მის ხელთ არსებული კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებით, სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს პროკურატურაში არსებული ვითარება, გენერალური პროკურორისგან უნდა მიიღოს ინფორმაცია პროკურატურაში არსებული სავარაუდო სისტემური დარღვევების შესახებ, მოამზადოს დასკვნა და მოახდინოს დარღვევის შესაბამისი რეაგირება. საქართველოს გენერალური პროკურატურა არის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო და ვალდებულია პარლამენტს მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, გარდა კონკრეტული საქმის გამოძიებასა და დევნის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა. შესწავლას და შეფასებას საჭიროებს, ასევე, მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან ცოტა ხანში, 2018 წლის აგვისტოში, შალვა თადუმაძის მიერ პროკურატურაში დაწყებული შიდა რეორგანიზაციის დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანობა, გაჟღერებული სისტემური პრობლემების მოგვარებასთან კავშირში.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა - სათანადო ყურადღება მიაქციოს პროკურატურაში სავარაუდო დანაშაულების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი საგამოძიებო ქვემდებარეობა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გასათვალისწინებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებს პროკურატურაში სისტემურ დარღვევებზე, რაც თავის თავში გულისხმობს ისეთ დანაშაულებს, რომელთა ჩადენა ამა თუ იმ სისტემაში დაშვებული და გავრცელებული პრაქტიკაა და რომელიც სისტემის შიგნით დაფარული და დაუსჯელი რჩება. შესაბამისად, პროკურატურის სისტემაში სავარაუდო დანაშაულებრივი პრაქტიკების გამოძიების საჭიროება 2019 წლის 1 ნოემბრის შემდეგაც თანაბრად აუცილებელია და აღნიშნული გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქცეს.

საქართველოს პარლამენტმა - დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა პროკურატურის დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებისთვის და ინდივიდუალური პროკურორის ნეიტრალურად მუშაობისთვის საჭირო ყველა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით, რომელშიც აისახება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

მიუხედავად რამდენიმე რეფორმისა, რაც მოქმედი ხელისუფლების მიერ პროკურატურის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად იქნა გატარებული (საპროკურორო საბჭოს შექმნა, პროკურატურის გამოყვანა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებიდან და დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება), არცერთი რეფორმა არ ყოფილა ეფექტური და არ მიუღწევია დასახული მიზნისთვის, რაც იყო დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ეფექტიანი პროკურატურის სისტემის შექმნა. რეფორმის პროცესში არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის მიერ, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაცემული მთელი რიგი რეკომენდაციები, რასაც რეალურად უნდა უზრუნველეყო რეფორმის წარმატება.

შედეგად, საპროკურორო საბჭოს კვლავ არ გააჩნია ის ფუნქციები და გარანტიები, რაც მას სჭირდება პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად; ინდივიდუალურ პროკურორს არ აქვს ნეიტრალურად მუშაობისათვის საჭირო საკანონმდებლო გარანტიები; პროკურატურის სისტემა არის მკაცრად ცენტრალიზებული, რაც ქმნის ზემდგომი პროკურორის მიერ ინდივიდუალურ პროკურორზე არასათანადო ზეგავლენის მოხდენისთვის საჭირო პირობებს.