სიახლეები

2019.10.25

ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შერეული, მოსამართლე და არამოსამართლე წევრებით დაკომპლექტების წესი მიზნად ისახავს, საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა მოსაზრებების გათვალისწინების გზით, მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის უზრუნველყოფას. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობისა და საბჭოში საზოგადოების მრავალფეროვანი წარმომადგენლობის რეალურად უზრუნველსაყოფად მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საბჭოს არამოსამართლე წევრის პოლიტიკური საქმიანობა და მის მიერ აზრის, მათ შორის კრიტიკული მოსაზრების გამოხატვა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს ეზღუდება პოლიტიკური საქმიანობა, რაც გულისხმობს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას. ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს მეათე დასკვნის თანახმად, არამოსამართლე წევრი არ შეიძლება იყოს აქტიური პოლიტიკოსი, პარლამენტის, აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადმინისტრაციის წევრი. აღნიშნული გულისხმობს, რომ არც სახელმწიფოს მეთაურს და არც მინისტრს არ შეუძლია იყოს მართლმსაჯულების საბჭოს წევრი.

შესაბამისად, საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, რომელიც არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ იკავებს არცერთ პოლიტიკურ თანამდებობას, არ მოქმედებს არცერთი პოლიტიკური სუბიექტის სახელით, უფლებამოსილების შეწყვეტა ამა თუ იმ საკითხზე საკუთარი აზრის გამოთქმის გამო წარმოადგენს საბჭოს წევრისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას და ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსს - ასახავდეს საზოგადოებაში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას.