„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ ეხმაურება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პროექტს
ცვლილებათა პროექტში საყურადღებოა ორი პრობლემური საკითხი:
1. სარეკრეაციო ტერიტორიების და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მდებარე უძრავი ქონების განკარგვისთვის აღარ იქნება საჭირო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი უფლებამოსილი იქნება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული ქონების განკარგვის შესახებ.
სარეკრეაციო ტერიტორიები და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონები წარმოადგენს საზოგადო მოხმარებისა და ინტერესის საგანს და მათი ერთპიროვნულად და დაჩქარებულად, მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განკარგვა არ შეესაბამება არც საზოგადოების ინტერესებს და არც გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობის სტანდარტს. ხაზგასასმელია, რომ პრობლემას არა თავისთავად სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ პრივატიზების პროცესში საზოგადოებრივი ინტერესების მეორე პლანზე გადატანა წარმოადგენს.
ცვლილების პროექტი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია აბასთუმნის და წყალტუბოს გარშემო ბოლო დროს მედიაში გავრცელებული არაერთგვაროვანი ინფორმაციისა და კორუფციულ გარიგებებზე ეჭვების კონტექსტში.
2. ცვლილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იხსნის პასუხისმგებელობას სახელმწიფო ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაზე და აღნიშნული დავების განხილვა პირდაპირ სასამართლოში მოხდება (სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აქტები, ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში). ცვლილება უგულებელყოფს ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების მნიშვნელობას დავების სწრაფად განხილვის თვალსაზრისით, რაც სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებული დავების წარმოებას დროში გაჭიანურებულს და არაეფექტურს ხდის.
მთავრობა ცვლილების მიზეზად მიუთითებს იმას, რომ სამინისტრო ხშირად ქონების სააგენტოს გადაწყვეტილების თაობაზე ადმინისტრაციული საჩივრის მიმართ არ გამოსცემს არავითარ აქტს, რაც აჭიანურებს მოქალაქისთვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით სარგებლობას.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება სინამდვილეში აირეკლავს წლების განმავლობაში ადმინისტრაციულ ორგანოებში არაეფექტური და არაკეთილსინდისიერი მმართველობის პრაქტიკას. ნაცვლად იმისა, რომ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებისას საჩივარი დაწვრილებით იყოს გამოკვლეული ან გათვალისწინებული იყოს მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა და სასამართლოს განმარტებები, მიიღება ძირითადად შაბლონური გადაწყვეტილებები. თავისი არსით ერთჯერადი გასაჩივრება სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ დაზოგოს მომჩივნის ხარჯები და დრო. ამასთან, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების მექანიზმი სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რასაც ინიცირებული ცვლილება უგულებელყოფს.
ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს კანონპროექტზე დასაბუთებული მოსაზრებით და კონკრეტული რეკომენდაციებით. ორგანიზაცია მოითხოვს, რომ პარლამენტმა არ მიიღოს მთავრობის მიერ ინიცირებული ზემოაღნიშნული ცვლილებები.