სიახლეები

2019.11.04

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს

ბოლო დღეებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირში, ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების, ასევე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მისამართით მძიმე ბრალდებები გაჟღერდა, რაც სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. კერძოდ, პირველ შემთხვევაში საუბარია სავარაუდოდ მკვლელობის მომზადების დანაშაულზე, ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დანაშაულზე.

აღნიშნულმა განცხადებებმა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გამოიწვია როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკოსებს შორის, გაჟღერებულ ბრალდებებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების საჭიროებასთან დაკავშირებით. ხოლო, პროკურატურას არცერთ მათგანზე გამოძიება არ დაუწყია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს განცხადება, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს შეეხება, რაც არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს გამოძიებას შეიძლება დაექვემდებაროს ეკლესიის წიაღში ამა თუ იმ პირის სექსუალური ორიენტაციის საკითხი.

მღვდელმთავარ იაკობის განცხადებაზე გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ

2019 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მღვდელმთავარმა იაკობმა ისაუბრა 2017 წელს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებთან (იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შსს მინისტრი გიორგი გახარია და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი) გამართული შეხვედრის შესახებ, რომელზეც, მისი თქმით, განიხილებოდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლიკვიდაცია და შიო მუჯირის პატრიარქად არჩევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1 ნოემბერს გენერალურმა პროკურტურამ გაავრცელა განცხადება გამოძიების დაწყების საფუძვლების არარსებობის შესახებ.

გამოძიების დაწყებაზე უარის თქმისას პროკურატურა დაეყრდნო არგუმენტს, რომ მღვდელმთავარმა იაკობმა მოგვიანებით უარყო მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პატრიარქის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ, ასევე, რომ შეხვედრაში მონაწილე ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა უარყვეს ასეთი შეხვედრის არსებობა.
აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის უარყოფა თავისთავად არაავთენტურს არ ხდის თავდაპირველ ინფორმაციას და არ წარმოადგენს დანაშაულის გამოძიებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ შეეხება მოქმედ პრემიერ-მინისტრსაც და საუბარია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაზე. ასევე, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება გამოიძიოს დანაშაული მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა დანაშაულში სავარაუდო მონაწილე. ცხადია, პროკურატურას ვერ ექნებოდა მოლოდინი, რომ დანაშაულში მონაწილეებად დასახელებული პირები აღიარებდნენ შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც სადაც იგეგმებოდა დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული არგუმენტით გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ბრალდების მხარის ვალდებულება ამტკიცოს, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული; ბრალდებულის დუმილის უფლება; მოწმის უფლება არ აღიაროს დანაშაული და სხვა.

მღვდელმთავარ პეტრეს განცხადებაზე გამოძიების დაწყების საჭიროების შესახებ

31 ოქტომბერს ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა, მღვდელმთავარმა პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის,“ რომ „ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელობა, ეს არის პიდარასტია, საეკლესიო ტერმინი“ და რომ მან სინოდზე ითხოვა ბრალდების დასამტკიცებლად მოწმეების მოყვანაზე კურთხევა. ის, რომ მღვდელმთავარი პეტრე ცაავა შესაძლოა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირზე საუბრობდა დასტურდება ასევე, ტელეკომპანია მთავარის სიუჟეტში გაკეთებული მისი განცხადებიდან (გადაცემა „პოსტფაქტუმი“, 3/11/2019, დრო: 21:25:40), სადაც ის ამ საკითხზე საუბრისას ბავშვებს ახსენებს.

აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (ითვალისწინებს სრულწლოვანი პირის პასუხისმგებლობას 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მიუხედავად ამისა, გენერალურ პროკურატურას არ მოუხდენია რეაგირება აღნიშნულ განცხადებაზე და არც რაიმე განმარტება გაუკეთებია შესაძლო დანაშაულის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით.

* * *

აღსანიშნავია, რომ ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენები საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობის უმეტესობისთვის, ასევე, პოლიტიკური თვალსაზრისით, სენსიტიური საკითხია. თუმცა, ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, უნდა დაიწყოს გამოძიება, ხოლო პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ხელმძღვანელობს საჯარო ინტერესებით.

მნიშვნელოვანია ეკლესიის მისამართით გამოთქმული ბრალდებების ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება მომავალში ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობის, სახელმწიფო ხელისუფლების ეკლესიის საქმიანობაში არასათანადო ჩარევის პრევენციის თვალსაზრისითაც, რის თაობაზეც დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი გამოთქვამს ეჭვებს. გამოძიების ყოველმხრივ ჩატარება, მათ შორის, გულისხმობს იმასაც, რომ გამოკვლეულ იქნას ხომ არ იკვეთება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებლის ქმედებაში დანაშაულის შეუტყობინებლობის (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი) ან ცრუ დასმენის (სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლი) დანაშაულის ნიშნები.

ამასთან, უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენების სახელდება და დანაშაულის შემთხვევის იმთავითვე გამორიცხვა, მხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეში განსჯის საფუძველზე და არა კანონით დადგენილი წესით საკითხის გამოკვლევის შედეგად, ეწინააღმდეგება სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის პრინციპს და არასამართლიანია დანაშაულის შესაძლო მსხვერპლის მიმართ, თუკი ასეთი არსებობს. მოცემულ ვითარებაში კიდევ უფრო ნაკლებია ალბათობა, რომ მსხვერპლი გაბედავს ამხილოს დანაშაული, ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოებს და დაიცვას საკუთარი უფლებები.