სიახლეები

2020.04.21

COVID-19-თან ბრძოლაში პარლამენტს არ აქვს თავისი სამოქმედო გეგმა და სპეციალური სამუშაო ფორმატი

როგორც ცნობილია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 2020 წლის 21 მარტიდან საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა მუშაობა და იმ ფონზე, როდესაც მთავრობა აქტიურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, საქართველოს პარლამენტის, როგორც ხელისუფლების ცალკე შტოს საქმიანობა საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი. 

2020 წლის 21 მარტის შემდეგ, პირველად პარლამენტის ბიუროს სხდომა 13 აპრილს ჩატარდა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის წევრების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა აქტივობა, რაზეც იყო მითითებული ბიუროს სხდომაზე, გაწეული იყო საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან ან ინდივიდუალურად ან მთავრობაში არსებული საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, რაშიც არ ყოფილან ჩართულნი საპარლამენტო ოპოზიციის წევრები (ასეთი შესაძლებლობის არარსებობის თაობაზე უმრავლესობის გარეთ არსებულმა ყველა დეპუტატმა მიუთითა ამავე სხდომაზე). აღნიშნული აქტივობები არ წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტისთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი როლის შესრულებას. 

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე პარლამენტი იკრიბება საგანგებო სესიაზე. საგანგებო სესია გრძელდება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. პარლამენტის რეგლამენტის 83-ე მუხლის თანახმად კი, საგანგებო სესია მუშაობს პარლამენტის ბიუროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც გეგმის სახით არის დამტკიცებული, მხოლოდ ადგენს, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ. 

პარლამენტს დღემდე არ აქვს გეგმა, საგანგებო მდგომარეობის დროს ან საგანგებო მდგომარეობის მიღმა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში პარლამენტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. იმისათვის, რომ პარლამენტმა შეასრულოს თავისი, როგორც ხელისუფლების ცალკე შტოს როლი და ფუნქცია, მან:  

 1. უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ერთიანი და კოორდინირებული ღონისძიებების გატარებას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ორი მიმართულებით: 

  • პადემიასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც პარლამენტისგან საგანგებო რეჟიმში რეაგირებას მოითხოვს და
  • პანდემიასთან დაკავშირებული ღონისძიებები, რომლებიც პარლამენტისაგან არა საგანგებო, არამედ ჩვეულებრივ რეჟიმში რეაგირებას მოითხოვს. 

 2. უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირების და გამოსავლის გზების/სტრატეგიის დასახვისთვის, მათ შორის ისეთ პრობლემებზე, რომელიც მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდს არ ეხება და საგანგებო მდგომარეობის მიღმა საჭიროებს მოგვარებას. ასეთია, შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანთა დახმარების პოლიტიკა, პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები და სხვა. სამუშაო ჯგუფი: 

  • უნდა დაკომპლექტდეს ჯანდაცვის, ფინანსების, ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით მომუშავე პარლამენტის წევრების და ექსპერტებისაგან;
  • უნდა ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პანდემიასთან ბრძოლის მიზნით;
  • უნდა განისაზღვროს სამუშაო ჯგუფის და მთავრობის კოორდინირებული საქმიანობის სქემა; 
  • სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პერიოდულად უნდა მოიწვიონ ჯანდაცვის, ეკონომიკის, ფინანსების, განათლების, სოფლის მეურნეობის, საგარეო ურთიერთობების და სხვა სფეროს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები, დარგის ექსპერტები და სხვა პირები კონკრეტული საკითხების განხილვის მიზნით;
  • უნდა იქნას უზრუნველყოფილი სამუშაო ჯგუფის სხდომათა საჯაროობა და ჩართულობა

3. უნდა მოახდინოს მთავრობის მიერ ამ დროისთვის გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობის შეფასება, კანონის ერთგვაროვან აღსრულებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე კონტროლი. ამისათვის, პარლამენტმა კითხვები უნდა დაუსვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და საპარლამენტო ფორმატში უნდა იმსჯელოს ყველა იმ საკითხზე, რაც ბუნდოვანია ან კითხვებს აჩენს საზოგადოებაში. მაგალითად: 

  • პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, რა კრიტერიუმებით ხდება ეკონომიკური საქმიანობების რეგულირება - აკრძალვა ან დაშვება, როდესაც არაერთხელ გამოიკვეთა მთავრობის არაერთგვაროვანი მიდგომები. მაგალითად, გაუკრვეველია რატომ აიკრძალა, ერთი მხრივ, კომპანია „სუფთა სახლის“ სავაჭრო საქმიანობა და გაგრძელდა - საეკლესიო მაღაზიების.
  • პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეკრეტით შეზღუდული შეკრების თავისუფლება მოიცავს თუ არა რელიგიური მსახურების მიზნით შეკრების შეზღუდვასაც და ერთგვაროვნად აღასრულებს თუ არა მთავრობა კანონს ყველა კონფესიის მიმართ. გაურკვევლობის მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების მიერ ამ საკითხზე არაერთხელ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები. 
  • პარლამენტმა უნდა იმსჯელოს პრეზიდენტის დეკრეტის შინაარსზე და მთვარობას უნდა მისცეს შესაბამისი მითითებები. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ პრეზიდენტის დეკრეტი შეიცავს ცალკეულ საკითხებს, რაც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან (მაგალითად, ბიუჯეტის ხარჯვა საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცების გარეშე) ან ზედმეტად ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს მთავრობას. 

4. საგანგებო მდგომარეობის დროს, როცა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული დაინტერესებულ პირთა ჩართულობის შესაძლებლობა გადაწყვეტილებების მიღებაში, პარლამენტმა უნდა განსაზღვროს მიდგომა იმ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისადმი, რაც არ უკავშირდება საგანგებო მდგომარეობას (მაგალითად, ამჟამად პარლამენტის კომიტეტებში განიხილება მრავალმილიონიანი სასესხო ხელშეკრულებების რატიფიცირების საკითები; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება და სხვა) და თუ, ჩართულობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მსგავსი საკითხების განხილვა გადადოს სხვა დროისთვის. 

ამავე საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აქტიურობით პარლამენტმა დაადგინოს პროცედურები, რომელიც გამორიცხავს ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების გამო პარლამენტის როლის შესუსტებას და მის მუშაობაში საჯაროობის პრინციპის უგულებელყოფას. პარლამენტმა უნდა მიიღოს ზომები, რათა არ შეწყდეს მისი ფუნქციონირება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს, არამედ მისი გაუქმების პირობებშიც, ვინაიდან მაღალია ალბათობა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც, ძალაში დარჩება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებული და ინფიცირების საწინააღმდეგო მთელი რიგი სპეციალური რეკომენდაციები.