პარლამენტმა უნდა დააზღვიოს ცალკეული გადასახადის გადამხდელებისთვის გადასახადის გადახდის გადავადების დისკრიმინაციული ან საარჩევნო მიზნებით გამოყენების რისკები
2020 წლის 4 მაისს საქართველოს მთავრობამ, ანტიკრიზისული გეგმის პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში წარადგინა საგადასახადო კოდექსში ცვლილებების N07-2/469/9 პროექტი. კანონპროექტი სამნაწილიანია და ორ შემთხვევაში ითვალისწინებს გადასახადის გადახდის გადავადებას, ხოლო ერთ შემთხვევაში საგადასახადო შეღავათის დაწესებას. მაშინ, როცა საგადასახადო შეღავათის დაწესება და დღგ-თი დაბეგვრის გადავადება შეიცავს გარკვეულ კონკრეტიკას, კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც ფინანსთა მინისტრტს და შემოსავლების სამსახურის უფროსს ანიჭებს უფლებამოსილებას ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს 6 თვემდე ვადით გადაუვადოს საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადახდა ისე, რომ არავითარ ჩარჩოს არ განუსაზღვრავს თანამდებობის პირებს, იძლევა გადასახადის გადამხდელების მიმართ შერჩევითი მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას.
ფინანსთ მინისტრისა და შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის ფართო დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ ითვალისწინებს კონკრეტულ ფარგლებს, იგი ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, რომლის განხორციელებით გამოწვეული დიფერენცირება არ დაუკავშირდება რაიმე კრიტერიუმს და იძლევა დისკრიმინაციული გამოყენების შესაძლებლობას, შეიცავს კორუფციის რისკებს. მსგავსი დისკრიმინაციული საფრთხეების შემცველი მიდგომა, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდზეც, რაც საარჩევნო მხარდაჭერის მიზნით მანიპულირების მავნებელ შესაძლებლობას წარმოშობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე "სს ''ტელენეტი'' საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოქმედების თავისუფლების გარკვეული ფარგლების მინიჭებას, ხშირ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელისუფლების ეფექტური განხორციელებისათვის, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაურეგულირებელი, გაუმართლებლად ფართო და აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭების ავტომატურ დასაშვებობას.
საკონსტიტუციო სასამართლო იმავე გადაწყვტილებაში აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ დისკრეციას, მის პოზიტიურ ასპექტებთან ერთად, ყოველთვის თან ახლავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მომეტებული რისკი და აუცილებელია, ადმინისტრაციული ორგანოსთვის დისკრეციის დელეგირება ხდებოდეს მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმების, პირობების შესაბამისად, რაც მინიჭებულ უფლებამოსილებას მოაქცევს სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოფს სამართლიანი ბალანსის დაცვას დისკრეციის მიზნებსა და მისი ბოროტად გამოყენების რისკს შორის. ამასთან, განჭვრეტადს გახდის დისკრეციის განხორციელების საფუძველს და წინაპირობებს ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას დაქვემდებარებული პირისათვის.
განსახილველი კანონის პროექტი კი, ადმინისტრაციულ ორგანოს (ამ შემთხვევაში საქართველოს ფინანასთა მინისტრს ან/და შემოსავლების სამსახურის უფროსს) ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას გადასახადის გადახდის ვადა გადაუვადოს ცალკეულ გადასახადის გადამხდელებს ყოველგვარი ძირითადი კრიტერიუმის განსაზღვრის გარეშე.
თავის მხრივ, იმ ფონზე, როდესაც კანონი ან/და კანონქვემდებარე აქტი არ გვაძლევს კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ რის საფუძველზე მოხდება იმ გადასახადის გადამხდელთა დიფერენციაცია, რომლებსაც გადაუვადდებათ გადასახადი, ამ ფუნქციის დელეგირება ორ სუბიექტზე გამოიწვევს მეტად არაერთგვაროვან პრაქტიკას გადასახადის გადამხდელთა მიმართ. კანონპროექტის ინიციატორი ვალდებულია განუმარტოს საზოგადოებას თუ რა მიზნით სურს შემოსავლების სამსახურის უფროსის განსაზღვრა გადაწყვეტილების მიმღებ პირად.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს:
- იმ გადასახადის გადამხდელთა პირობების კანონით განსაზღვრა, რომლებზეც გავრცელდება საშემოსავლო ან/და ქონების გადასახადის გადახდის გადავადება;
-
კანონპროექტის ინიციატორმა განმარტოს, თუ რა საფუძვლით სურს დასახელებული უფლებამოსილებით აღჭურვოს არა მხოლოდ ფინანასთა მინისტრი, არამედ, შემოსავლების სამსახურის უფროსიც, რის შესაბამისადაც პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.