სიახლეები

2020.06.09

ამომრჩეველმა უნდა იცოდეს პარლამენტში მისი წარმომადგენლის საქმიანობა


თითოეული პარლამენტარის ყოველდღიური საპარლამენტო საქმიანობა საზოგაოდებისთვის უნდა იყოს ცნობილი. ამ პრაქტიკაზე არა მხოლოდ თავად საპარლამენტო დემოკრატიის სახელმწიფო წყობის პრინციპი, არამედ დემოკრატიული განვითარების გაცილებით მაღალ საფეხურზე მყოფი ქვეყნების პარლამენტთა ოფიციალურ ვებ გვერდებზე განთავსებული აქტიური ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა მიუთითებს.

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერების, დეპუტატების პასუხისმგებლობის გაზრდის, საზოგადოებაში დაბალანსებული და ფაქტებზე დაფუძნებული შეფასებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით მოუწოდებს პარლამენტს წარდგენილი რეკომენდაციით, რომ ყველა დეპუტატის პროფილზე განთავსდეს მათი ყოველდღიური საპარლამენტო საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე  მოცემულია დეპუტატთა სია. თითეოული დეპუტატის პროფილზე კი განთავსებულია მხოლოდ და მხოლოდ დეპუტატის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რეზიუმე, პარტიული და სხვა და სხვა გაერთიანებების/დელეგაციების წევრობა. არ არის განთავსებული ამ პარლამენტარის საქმიანობა - მისი საჯარო გამოსვლები, მისი განცხადებები, მის მიერ მიერ დამუშავებული, ან თანაავტორობით წარდგენილი კანონპროექტები, მისი შეხვედრები თუ სხვა საპარლამენტო მონაწილეობა.

პარლამენტარის საქმიანობა გაბნეულია ვებგვერდის სხვა და სხვა სივრცეში. დაინტერესებულ პირს უწევს ყოველი კონკრეტული კანონის თუ დადგენილების ინიციატორთა და ავტორთა შემოწმება, აგრეთვე, პლენარული, საკომიტეტო, კომისიების, სამუშაო და სხვა სხდომების მთლიანი ჩანაწერების თვალყურის დევნება. აღნიშნული რეჟიმი მთლიანად საპარლამენტო საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას ასე თუ ისე, იძლევა, თუმცა, ვერ უზრუნველყოფს თითოეული პარლამენტარის მიმართ კონკრეტული ხედვის ჩამოყალიბებას საზოგადოების წევრის თვალში - რა მსოფლმხედველობა აქვს მას, რამდენად აქტიურია, რჩება თუ არა თავისი მოღვაწეობით იმ ღირებულებებისა და მიზნების განზომილებაში, რომლის ირგვლივ არსებული წინასაარჩევნო დაპირებებითაც ის მოვიდა პარლამენტში. 

პარლამენტის წევრის პირად გვერდზე არ ქვეყნდება ფინანსური ხარჯები. ვებგვერდის მომხმარებელს უწევს პარლამენტის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ყოველ ფინანსურ დოკუმენტებში სასურველი დეპუტატის შესახებ მონაცემის მოძიება. ხოლო დეკლარაციები, არათუ ინტეგრირებული არ არის, არამედ ვებგვერდი მათი გამოქვეყნების ადგილის მისამართსაც არ უთითებს.

წარმატებული დემოკრატიის ქვეყნებში პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, თითოეული პარლამენტარის პროფილზე დინამიურად ქვეყნდება სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

  • პარლამენტის წევრის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო თუ სხვა აქტები;
  • პარლამენტის წევრის მიერ გაგზავნილი წერილობითი კითხვები და მიღებული პასუხები;
  • მის მიერ პლენარულ, საკომიტეტო და კომისიების სხდომებზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო ჩანაწერები;
  • დეპუტატის მონაწილეობის ამსახველი ამონაწერი სხდომებიდან;
  • მინისტრის საათზე პარლამენტარის მიერ დასმული კითხვების ვიდეოჩანაწერები;
  • ინტერპელაციის წესით დასმული კითხვები და მიღებული პასუხები;
  • დეპუტატის მიერ ჩატარებული შეხვედრების შესახებ ანგარიშები;
  • პარლამენტის წევრთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები (მათ შორის, მიღებული საჩუქრები).
  • მონაცემები წარდმოგენილია პერიოდების მიხედვით და კატეგორიზებულია თითოეული პარლამენტარის პროფილზე, რაც განთავსებულია პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

წარდგენილი რეკომენდაციით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უზრუნველყოს თითოეული დეპუტატის შესახებ ზემოაღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ინდივიდუალური დეპუტატის პროფილზე განთავსების უზრუნველყოფა და რეგულარულად განახლების სისტემის შექმნა.

 

ორგანიზაციამ შეისწავლა აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს და კანადის საკანონმდებლო ორგანოების ოფიციალური ვებგვერდები.