პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის საკანონმდებლო გარანტიები უნდა გააძლიეროს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმი, შეიქმნა სამართალდამცველებისა და საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დაუსჯელობის მრავალწლიანი პრობლემის აღმოსაფხვრელად. სამსახური შეიქმნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ძალისხმევისა და სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად, სისხლის სამართლის სფეროში პოლიტიკური ჩარევებისა და მანკიერი პრაქტიკების აღმოსაფხვრელად.
მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედებიდან ცოტა დროა გასული, სამსახურის ანგარიშში მკაფიოდ გამოიკვეთა რამდენიმე გამოწვევა, რომლებიც ხელს უშლის სამსახურს ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილ დანაშაულებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემები სამსახურთან მოწმეთა თანამშრომლობის კუთხით, რაც ხელს უშლის დანაშაულზე საკმარისი მტკიცებულებების შეგროვებას და დამნაშავეთა დასჯას; ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების ვადების გაჭიანურების პრობლემა, რაც აბრკოლებს საქმეთა დროულად გამოძიებას.
ანგარიშისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დამატებით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის შეჯამების საფუძველზე ვასკვნით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი გაძლიერება სულ მცირე შემდეგი მიმართულებებით:
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს არ აქვს მოწმის დაცვის ღონისძიებების გამოყენების კომპეტენცია, რაც შეუძლებელს ხდის მოწმის დაცვას ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედების საფრთხეებისგან.
დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ მოწმეებთან და დაზარალებულებთან კომუნიკაციის პრობლემა ადრეც გამოავლინა და პარლამენტს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაც შესთავაზა. 2020 წლის თებერვალში ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ორგანიზაციის მოსაზრებით, იმისათვის, რათა მოწმეებმა/დაზარალებულებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ფიზიკური უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. სწორედ ამის უზრუნველსაყოფადაა საჭირო ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორს შსს-სა და პროკურატურისგან დამოუკიდებლად თავადაც ჰქონდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა.
პრობლემის სიღრმისეული კვლევისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის პოზიციის გამოსახატად შესაძლებლობის მიცემის გარეშე, 2020 წლის მაისში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ორგანიზაციის აღნიშნულ წინადადებაზე უარყოფითი დასკვნა გასცა.
- სამართალდამცავი სისტემისთვის უნდა შეიქმნას მხილებისა და მამხილებლის დაცვის მექანიზი, რაც აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან მოწმეთა თანამშრომლობისთვის.
გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიში მიუთითებს პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროულად შეტყობინებისა და მოწმეთა მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან თანამშრომლობის პრობლემაზე.
ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილის საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მხილების განხორციელებისა და მამხილებლის დაცვის საკითხები უნდა მოწესრიგებულიყო სპეციალური კანონმდებლობით. მიუხედავად ამისა, მსგავსი კანონმდებლობა დღემდე არ არის მიღებული, ხოლო პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შეტყობინების და მამხილებლის დაცვის სისტემა არ არის შექმნილი.
როგორც ირკვევა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის რთულია მოწმეებთან/დაზარალებულებთან კომუნიკაცია. ისინი ან გადათქვამენ თავდაპირველად გაგზავნილი შეტყობინების შინაარსს ან უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე და თავს იკავებენ მამხილებელი ჩვენების მიცემისგან. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორი მიუთითებს: „...გამოძიებას არ აწვდიან ინფორმაციას მომხდარ ფაქტებზე, გამოკითხვისას გასცემენ ინფორმაციას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება მათივე შეტყობინების შინააარსისგან ან/და არ შეესაბამება გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს, გამოძიებას არ აწვდიან მათ ხელთ არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს...“
ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეებში სავარაუდო დანაშაულის თვითმხილველები ძირითადად სამართალდამცავი პირები არიან, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურებია მისი ან კოლეგის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი და, ჩვულებრივ, გამოკითხვისას ისინი სრულიად სხვა გარემოებებზე მიუთითებენ (2019 წელს გამოიკითხა სამართალდამცავი ორგანოს 114 თანამშრომელი). გარდა ამისა, დაფიქსირდა ჩვენების საერთოდ არმიცემისა (2019 წელს 9 შემთხვევა) და პოლიციის თანამშრომლის მამხილებებელი ჩვენების შეცვლის (2019 წელს 1 შემთხვევა) ფაქტები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სავარაუდო დანაშაულთა შესახებ შეტყობინება ინსპექტორის სამსახურში შედის 3, 7 დღის შუალედში ან უფრო გვიან. ერთი კვირის ან მეტი დროის გასვლის შემდეგ შეტყობინებები იგზავნება როგორც მოქალაქეთა მხრიდან, ისე სახელმწიფო უწყებებისგანაც. დაგვიანებული შეტყობინებები ართულებს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მტკიცებულებების მოპოვებასა და ქმედითი გამოძიების ჩატარებას, მაგალითად, ქრება დაზიანებათა კვალი.
- პარლამენტმა უნდა შეისწავლოს სამედიცინო ექსპერტიზის დროულად ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები და შესაბამისი ზომები მიიღოს მათ აღმოსაფხვრელად.
იმ მოცემულობაში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების ქვემდებარე საქმეები სწორედ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებია, ბუნებრივია, რომ პრაქტიკულად ყველა გამოძიების ფარგლებში აუცილებელი ხდება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაზიანებების ხარისხისა და მექანიზმის დასადგენად. 2019 წელს 75 სავარაუდო მსხვერპლიდან სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა 59-ს და ეს სახელმწიფო ისნპექტორის სამსახურის წარმოებაში მხოლოდ 2019 წელს არსებული 68 საქმიდან 55 საქმეში.
სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად ინსპექტორის სამსახური მიმართავს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს და აწყდება პრობლემებს: 1. სავარაუდო მსხვერპლთა ნაწილი უარს აცხადებს ექსპერტიზის ჩატარებაზე; 2. სავარაუდო დანაშაულიდან დიდი დროის გასვლის გამო დაზიანებები ქრება; 3. ექსპერტი არ არის ხელმისაწვდომი არასამუშაო და უქმე დღეებში; 4. ექსპერტიზის დასკვნები ინსპექტორის სამსახურს მიეწოდება შეფერხებით. ამასთან, სამხარაულის ბიურო მე-3 და მე-4 ფაქტორებზე მიზეზად მიუთითებს არასაკმარის ადამიანურ რესურსს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დანიშნული 59 ექსპერტიზიდან დასკვნა ინსპექტორის სამსახურს მიღებული აქვს 27-ზე (46%).
საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ექსპერტიზის დასკვნას პირდაპირ უკავშირებს ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რა მიმართულებით განვითარდება სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, მთლიანად არის დამოკიდებული ექსპერტიზის შედეგზე. ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ექსპერტიზის დასკვნის დროულად მიღება იმისათვის, რათა სწრაფად დასრულდეს გამოძიება და საქმეს მიეცეს შემდგომი მსვლელობა - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.
გაჭიანურებულ გამოძიებებზე მეტყველებს სტატისტიკაც - 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორმა გამოძიება დაიწყო 68 საქმეზე, ხოლო დევნა დაიწყო მხოლოდ 1 პირის მიმართ.
ექსპერტიზის შეფერხება არსებით კავშირშია ეფექტიან და დროულ გამოძიებასთან, არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის ქვემდებარე საქმეების გამოძიებებისთვის. ექსპერტიზის ჩატარების ხანგრძლივობის მიზეზით გაჭიანურებული გამოძიებები საფრთხეს უქმნის ადამიანის სამართლიანი სასამართლოს უფლებას, აზრს უკარგავს მართლმსაჯულებას, ამცირებს საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა შემდეგ საკითხებზე:
- შექმნას საკანონმდებლო მექანიზმები, სახელმწიფო ინსპექტორისთვის მოწმის დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიებისა და მოწმეების/დაზარალებულების სამსახურთან თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით მიიღოს მხილებისა და მამხილებლის დაცვის მექანიზმების მარეგულირებელი კანონმდებლობა სამართალდამცავი სისტემისთვის, როგორც ამას საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონი მოითხოვს.
- სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებათა და, ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებების დროულობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად შეისწავლოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზების გაჭიანურების მიზეზები. შედეგების მიხედვით, შეიმუშავოს საკანონმდებლო ცვლილებები და განიხილოს ბიუროსთვის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა.