სიახლეები

2020.07.07

მამხილებლის ინსტიტუტის არარსებობა და მოწმის უარი თანამშრომლობაზე ტოვებს უპასუხოდ კითხვას - ვინ და რა ვითარებაში მოკლა გიორგი შაქარაშვილი; ვინ და რა ვითარებაში დააყოვნა გამოძიება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე

ყოველი ახალი დანაშაულის გამოძიება საქართველოს ახალი ტრაგედიაა, იმ ფონზე, როდესაც 1. მამხილებლის ინსტიტუტი პრაქტიკულად არ არსებობს და 2. არ თანამშრომლობს მოწმე. აღნიშნული ორი მწვავე პრობლემა იწვევს ზუსტად იმ შედეგებს, რაც გამოვლინდა გიორგი შაქარაშვილის საქმეში დღეს და ხორავას ქუჩის ტრაგედიაში - გუშინ.

- არ ამხელს მამხილებელი, რადგან მას არ იცავს სახელმწიფო შემდგომი წნეხისგან.

- არ თანამშრომლობს მოწმე, რადგან მას არ იცავს სახელმწიფო შემდგომი წნეხისგან,

სახელმწიფომ უნდა დაიცვას მამხილებელი და უნდა დაიცვას მოწმე. ამისთვის, პარლამენტმა

- უნდა მისცეს მოწმის დაცვის ბერკეტი სახელმწიფო ინსპექტორს და

- უნდა შექმნას საგამოძიებო სამსახურებში მამხილებლის მექანიზმი.

გიორგი შაქარაშვილის შემთხვევაშიც და ხორავას ქუჩის ტრაგედიაშიც ერთი მხრივ მოწმე არ იყო გულწრფელი, მეორე მხრივ გამოძიება არ იყო სრულყოფილი, რომელმაც ახალი - სამოხელეო დანაშაული წარმოშვა. მოწმე არ არის გულწრფელი, რადგან არ არსებობს მოწმის დაცვის გარანტია. გამოძიების პროცესში ჩადენილი სამოხელეო დანაშაული არ იმხილება, რადგან არ არსებობს მამხილებლის ინსტიტუტი. მოწმის უარი თანამშრომლობაზე და მამხილებლის ინსტიტუტის პრაქტიკული არარსებობაა სწორედ ის წინაპირობები, რომლებიც ტოვებს უპასუხოდ შემდეგ კითხვას - ვინ და რა ვითარებაში მოკლა გიორგი შაქარაშვილი; ვინ და რა ვითარებაში შეუშალა ხელი გამოძიებას გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე.

მოქმედი კანონმდებლობით მამხილებელი საჯარო სამსახურში და განსაკუთებით საგამოძიებო სტრუქტურებში დაუცველია. მას ეშინია ინფორმაციის გასაჯაროვების, რადგან არ აქვს იმის განცდა, რომ ის თავად არ გახდება დევნის ობიექტი. მაგალითად, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ძმისთვისე.წ. „ნარუშილოვკის“ მინიჭების მხილების ფაქტზე პოლიციელი მიუთითებს დევნაზე, შსს-დანნარკოტიკების გატანის სქემის მხილების ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელიც მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დევნაზე, ხოლო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი სამსახურიდანაც დაითხოვეს იმის გამო, რომ ის ცდილობდა შსს-ს მხრიდან კრიმინალის სტატისტიკისგაყალბების მხილებას.

როდესაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიებაზე ჩნდება თავად გამოძიების სამსახურში უფლებამოსილების გადამეტების, ან ბოროტად გამოყენების ან სხვა კონკრეტული სამოხელეო დანაშაულის სავარაუდო ნიშნები, ამ დანაშაულს ამ წრიდან ვერავინ ამხელს, რამდენადაც გამოძიების სამსახურში არ არსებობს მამხილებლის ინსტიტუტი. მამხილებელს სახელმწიფო არ იცავს.

როდესაც გიორგი შაქარაშვილის საქმეში მოწმე არ თანამშრომლობს, ან როდესაც ხორავას ტრაგედიის ფაქტზე მოწმე არ თანამშრომლობდა, ეს გარდა მენტალიტეტისა, განპირობებულია იმითაც, რომ სახელმწიფო მოწმეს არ იცავს. კანონმდებლობაში მოწმეთა დაცვის არსებული მექანიზმი აბსოლუტურად არაეფექტიანია. როდესაც თავად საგამოძიებო წრეებში ჩადენილ დანაშაულზე მოწმე არ თანამშრომლობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან (მისი უფლებამოსილებაა მსგავსი დანააულის გამოძიება), ინსპექტორს მოწმის დაცვის არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.

იმისათვის, რათა მოწმეებმა ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან, აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ ფიზიკური უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა. სწორედ ამის უზრუნველსაყოფადაა საჭირო ის, რომ სახელმწიფო ინსპექტორს შსს-სა და პროკურატურისგან დამოუკიდებლად თავადაც ჰქონდეს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა.

მამხილებლის მექანიზმის მარეგულირებელი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს ხარვეზიანობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ თავდაცვის, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემებში მამხილებლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა დღემდე არაა მიღებული.

ასეთი არასრულყოფილი საკანონმდებლო გარემოს პირობებში პარლამენტი არ უნდა დარჩეს უმოქმედოდ და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სათანადო საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. საქართველოს პარლამენტს, მოქმედი რეგლამენტი აძლევს შესაძლებლობას, მიმდინარე არასასესიო პერიოდში სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დაიწყოს აღნიშნული პრობლემის შესწავლა. პარლამენტის, როგორც საკანონმდებლო ორგანოს, მხრიდან საკითხის განხილვაში მონაწილეობა არსებითია, რადგან მამხილებლის დაცვის შესახებ დამოუკიდებელი საკანონმდებლო აქტის მიღება უზრუნველყოფს მამხილებლის ინსტიტუტის ერთიანი სისტემის შექმნასა და ყველა საკითხის დეტალურ მოწესრიგებას.ამასთან, იქნება მხარდამჭერი სიგნალი საგამოძიებო ორგანოების მოქმედი თანამშრომლებისთვის, რომ საჯაროდ ამხილონ კანონდარღვევები, თუკი ისინი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის მიხედვით, მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები და აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანოები არიან გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო, „პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი მუშაობისთვის საკანონმდებლო გარანტიები უნდა გააძლიეროს“, < https://bit.ly/3f3KBKt > [11:27 06.07.2020]