სიახლეები

2020.07.15

პარლამენტში მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს

საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებზე მინისტრების დაბარების პრაქტიკა აჩვენებს, მათ ან არ იწვევენ, ან თუ იწვევენ, ისინი არ მიდიან პარლამენტში. 

საპარლამენტო უმრავლესობა, ფაქტობრივად, არ იწვევს მინისტრს კომიტეტის სხდომაზე საკითხის მნიშვნელობის მიუხედავად, ხოლო ოპოზიციის მიერ მოწვევის შემთხვევაში, თავად მინისტრები არ მიდიან პარლამენტში. 

მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებელ ფუნქციას და სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დემოკრატიული განვითარებისთვის. გარდა ამისა, აყალიბებს განცდას ქვეყანაში, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად სავალდებულო არაა.

საშემოდგომო სესიაზე მხოლოდ 1 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც კომიტეტმა ე.ი. საპარლამენტო უმრავლესობამ დაიბარა მინისტრი კომიტეტის სხდომაზე.

საგაზაფხულო სესიაზე კი საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი ინიციატივით არცერთ შემთხვევაში არ მოუწვევია რომელიმე მინისტრი. ამის საპირისპიროდ საგაზაფხულო სესიაზე უკვე მესამე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ოპოზიციური დეპუტატები/ფრაქციები ითხოვენ მინისტრების მოსვლას საკომიტეტო ფორმატში, მიმდინარე მწვავე საკითხებზე კითხვების დასასმელად, მაგრამ მინისტრები ან არ ცხადდებიან პარლამენტში ან კომიტეტი არ ასრულებს ოპოზიციური დეპუტატების/ფრაქციების მოთხოვნას და არ იწვევს მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე:

- თებერვალში ფინანსთა მინისტრი არ გამოცხადდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. იგი დაბარებული იყო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოთხოვნით.

- თებერვალში და შემდეგ ივნისშიც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამოცხადდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში. იგი დაბარებული იყო პირველ შემთხვევაში ფრაქციების: „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ, ხოლო მეორე შეთხვევაში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ. 

- ივლისში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არ შეასრულა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის მოთხოვნა და არ მოიწვია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე. 

ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა უხეშად დაარღვიეს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რაც მათი იმპიჩმენტის საფუძველია. აღნიშნულ ფაქტებს ჯერ კიდევ თებერვალში გამოეხმაურა „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ და მოუწოდა პარლამენტს, დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა. იუსტიციის მინისტრის არმოწვევით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თავად არღვევს პარლამენტის რეგლამენტს.

პარლამენტში მინისტრთა ვიზიტების სიხშირე აუცილებელია საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით, შესაბამისად, აუცილებელია პარლამენტის მხრიდან ქმედითი რეაგირება მინისტრთა თითოეულ უარზე მივიდნენ პარლამენტში და უპასუხონ შეკითხვებს.