საკანონმდებლო ინიციატივა არაპროპორციულად ზღუდავს საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლის უფლებას
საქართველოს პარლამენტში განიხილება „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. კანონპროექტი, მიუხედავად მისი ლეგიტიმური მიზნისა, ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც მოქალაქეს არ სთავაზობს თავისუფალი მიმოსვლის დარღვეული უფლების აღდგენის საკმარის და ეფექტიან გარანტიას, შესაბამისად, აჩენს საქართველოს მოქალაქეების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკს.
კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის დისკრეციის ფარგლებში ექცევა საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებისა და წესების განსაზღვრა, რომელიც ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში მიემგზავრება, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს საზღვრის კვეთის შესახებ უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს.
აღნიშნული რეგულაცია, სცდება პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებს, და შინაგან საქმეთა მინისტრს აძლევს დისკრეციას კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებული რეგულირება. „ნორმატიული აქტების“ შესახებ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხოლოდ საკანონმდებლო აქტით შეიძლება დარეგულირდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მოქალაქესთან ურთიერთობისას არის მხარე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ იქნება ობიექტური მონაწილე დაადგინოს, მოქალაქისთვის ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლების დაცვის წესები და პროცედურები.
ამ მოცულობის ფართო დისკრეცია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში შექმნის საფრთხეს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ ქვეყნიდან გასვლა, უარის შემთხვევაში ვერ მოახერხებენ თავიანთი დარღვეული უფლებების დროულ და ეფექტიან დაცვას.
შესაბამისად, პარლამენტმა, ნაცვლად დელეგირებისა, თავად უნდა განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის თავისუფლების დაცვის წესები და პროცედურები საკანონმდებლო აქტით.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უარყოფითად აფასებს აღნიშნულ კანონპროექტს და მოუწოდებს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს მის მიღებას.