პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ავნებს წინასაარჩევნო გარემოს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, პარლამენტში განიხილება უმრავლესობის წევრ დეპუტატთა მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელწიფო ბიუჯეტში შესატანი ვალდებულების პატიებას. კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, 2020 წლის 20 ივლისამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეების მიერ ზედმეტობით მიღებული სახელმწიფო პენსიის, საარსებო შემწეობის, სოციალური პაკეტისა და კომპენსაციის გაცემული თანხების პატიება მოხდება. ცვლილებით, მოქალაქეებს აღარ ექნებათ ვალდებულება დააბრუნონ მათ მიერ კანონიერი საფუძვლის გარეშე ბიუჯეტიდან მიღებული თანხები.
კანონპროექტი ეწინააღმდეგება მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობას. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ბიუროს 31 აგვისტოს სხდომაზე მიღებულ იქნა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, რაც განხორციელდება წინასაარჩევნო პერიოდში და მიღების შემთხვევაში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.
საქართველოში სიღარიბე ათობით წლებია მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამ მდგომარეობას აუარესებს ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც 2020 წლის აპრილის თვიდან იჩენს თავს. მაგრამ, შექმნილი ვითარება არ უნდა იქნას არასათანადოდ გამოყენებული მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო მიზნებისთვის. მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. ამიტომ, პარლამენტს საგაზაფხულო სესიისა და რიგგარეშე სესიის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილებები, ხოლო, 2020 წლის ივნისი-ივლისიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე შემდგომი მოწვევის პარლამენტმა უნდა იმსჯელა.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათი შეეხება 2000-ზე მეტ სოციალური დახმარების მიმღებ პირს (1594 პენსიონერს, 230 ბენეფიციარსა და 178 კომპენსაციის მიმღებ პირს) და 3478 სოციალურად დაუცველ ოჯახს. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში არ დაბრუნდება 1 541 128 ლარი. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ბენეფიციარისგან თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება დროში გახანგრძლივებული პროცესია. გამომდინარე აქედან, დაუსაბუთებელია შეღავათის სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დაწესების აუცილებლობა.
აღნიშნული შესაძლოა შეფასდეს, როგორც მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის. ბიუჯეტის სასარგებლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ათასობით მოქალაქეს ეპატიება გადასახდელი ჯამში 1,5 მილიონზე მეტი ლარი.
ვალდებულების პატიება არ არის სიახლე საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთვის. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მმართველი პარტიის მხრიდან გაჟღერებული 600 000 ადამიანისთვის კერძო ფინანსური ინტიტუტების მხრიდან ვალის ჩამოწერის ინიციატივა, ეუთო/ოდირის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიშის მიხედვით, შეფასდა ქმედებად, რომელმაც მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი გახადა. აღნიშნული ხაზს უსვამს, რომ ამგვარი პრაქტიკა ავნებს წინასაარჩევნო გარემოს და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენებს.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს შეაჩეროს აღნიშნული კანონპროექტების განხილვა წინასაარჩევნო პერიოდის დასრულებამდე და უზრუნველყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.