სიახლეები

2020.11.09

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ ხელყო მშვიდობიანი პროტესტის უფლება

8-9 ნოემბრის ღამეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო შეკრების დაშლის საფუძველი არ არსებობდა, ხოლო საპროტესტოდ შეკრებილთა წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული. სახელმწიფომ ვერ დაიცვა სათანადო ბალანსი შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის ვალდებულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზანს შორის, რითაც უკანონოდ შეზღუდა ადამიანების მიერ პროტესტის გამოხატვა.

ცესკოსთან პროტესტის გამოსახატად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელმწიფოს მიზანი არა ადამიანის უფლებების პატივისცემით საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება, არამედ პროტესტის მონაწილეთა დასჯა იყო.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი მოთხოვნები, რომლებიც ადგენენ შეკრების თავისუფლების და პროტესტის დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების სტანდარტებს. კერძოდ:

სახელმწიფოს მიერ შეკრების დაშლის საფუძველი არ არსებობდა

შეკრების დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას არ აქვს კანონიერი საფუძველი, ვინაიდან აქციას არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი. აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან ინდივიდუალური ძალადობრივი მოქმედებები არ არის საკმარისი საფუძველი სახელმწიფოს მიერ შეკრების დასაშლელად.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პროტესტის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება იყო ლოკალური და არ ატარებდა მასობრივ ხასიათს. პოლიციის მიერ გამოყენებული წყლის ჭავლი კი გამიზნული იყო პროტესტის ყველა მონაწილისკენ, მათ შორის, დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები და პროტესტის მონაწილეთა ნაწილი, დაზიანდა ტექნიკა. შეკრების მონაწილეები არ წარმოადგენენ ჰომოგენურ ჯგუფს. მათი დიფერენცირების მთავარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს ის, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, და არა ის, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

საპროტესტო შეკრების მიმდინარეობის შეწყვეტა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება გამართლებული იყოს თუ სახეზეა აქციის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება და არსებობს ძალადობის მყისიერი საფრთხე (როცა აქცია მთლიანად ძალადობრივ ხასიათს იღებს ან ძალადობა იმდენად მასშტაბური ხდება, რომ ნაკლებ ძალადობრივი მეთოდით მისი განეიტრალება შეუძლებელია). სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრებით არ დასტურდება აქციის ორგანიზატორების მსგავსი განზრახვა და მყისიერი საფრთხის არსებობა.

ძალადობის ცალკეული შემთხვევები (მაგ., ქვების სროლა პოლიციის ტექნიკის მიმართულებით, რაც ვიდე-კადრებში ჩანს) განხილულ უნდა ყოფილიყო როგორც ინდივიდუალური შემთხევები და მათი აღკვეთა პოლიციის მიერ უნდა მომხდარიყო ისე, რომ ამას არ გამოიწვია შეკრების უფლების რეალიზაციის სრულად შეწყვეტა.

მსგავსი ერთგვაროვანი მიდგომა საპროტესტო აქციაზე ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი შეკრება ძალის გამოყენებით დაშალოს, რაც ზოგადად შეუძლებელს გახდიდა ქვეყანაში შეკრების უფლების რეალიზებას.

აქციის მონაწილეები წინასწარ არ გაუფრთხილებიათ ძალის გამოყენების შესახებ

არც ადგილობრივი თვითმმართველობის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ გაუფრთხილებიათ აქციის მონაწილეები პოლიციის მიერ ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ, როგორც ამას კანონი ავალდებულებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღიარა, რომ აქციის მონაწილეთა წინასწარ გაფრთხილება, მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, არ მომხდარა.

საქართველოს კანონმდებლობა მკაცრად ავალდებულებს პოლიციას გამოიყენოს გაფრთხილება იძულების ღონისძიებების გამოყენების წინ. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა პოლიციის მიერ გამოყენებულ იძულების საშუალებებს მთლიანად უკანონოდ აქცევს. სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ არ არსებობდა არავითარი იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რაც აუცილებელს გახდიდა პოლიციის მიერ იძულების მასშტაბური ღონისძიებების დაუყოვნებლივ გამოყენებას, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა

გაეროს ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს მიხედვით,  წყლის ჭავლი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ სერიოზული საზოგადოებრივი უწესრიგობის სიტუაციაში, როდესაც არსებობს სიცოცხლის დაკარგვის, სერიოზული დაზიანების ან ქონების ფართომასშტაბიანი განადგურების რისკი. წყლის ჭავლის გამოყენებას თან ახლავს სპეციფიკური რისკები, კონკრეტულად - ჰიპოთერმიის (გადაციება), ცივი წყლის შოკის ცივ ამინდში, მოცურების ან წყლის ძლიერი ნაკადით კედლებსა ან სხვა მყარ საგნებზე მიხეთქების რისკები. რამდენადაც აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია მასობრივ დარღვევას და არც ძალადობის მყისიერი საფრთხე იყო სახეზე, მასობრივად წყლის ჭავლის გამოყენება პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, იყო არაპროპორციული.

სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებიდან ნათლად იკვეთება, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული სპეციალური ძალა ატარებდა ძალადობის პრევენციის და არა მისი აღკვეთის ხასიათს. აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება პრევენციული მიზნებით ყოვლად დაუშვებელია და ეწინააღმდეგება მყისიერი საფრთხის არსებობის მოთხოვნას. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, მაშინაც კი როდესაც შეკრება მიიჩნევა უკანონოდ სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე, სამართალდამცავმა უწყებებმა არ უნდა გამოიყენონ ძალა, მხოლოდ მისი უკანონობის გამო. ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მყარი მიზეზების არსებობისას - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციისთვის.

ძალადობის ცალკეული შემთხვევები შესაძლოა იყო პროვოცირებული საპოლიციო ძალის უკანონო გამოყენებით

სხვადასხვა მედისაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეო კადრებიდან იკვეთება, რომ პოლიციის მიერ გაფრთხილების გარეშე არაპროპორციული ძალის გამოყენებამ გამოიწვია სწორედ პროტესტის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის სიტუაციის გამწვავება და ადგილზე ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევების პროვოცირება. სწორედ საპოლიციო ძალის უკანონოდ და არაპროპორციულად გამოყენების შემდეგ დაფიქსირდა პროტესტის მონაწილეების მხრიდან ქვების სროლის შემთხვევები. პოლიციამ მხოლოდ ამის შემდგომ შეასრულა აქციის მონაწილეთა გაფრთხილების ვალდებულება.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას:

- სიტუაციის გამწვავების შესაჩერებლად გამოიყენოს ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური გზა ბოიკოტში მყოფ ოპოზიციასთან დიალოგის წარმოებისა;

- დაიწყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცედურები იმ პირების მიმართ, რომლებმაც გაფრთხილების გარეშე ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ.

 

 

ფოტო-ტაბულა

 

ვიდეოკადრები - აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად ​მოარღვიეს ჯებირი და შეეცადნენ უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცესკოს ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/2071353789666355 [09.11.2020 12:20]

United Nation Human Rights, GUIDANCE ON LESS-LETHAL WEAPONS IN LAW ENFORCEMENT, 2020, გვ. 38-39

Amnesty International, Use of Force: Guidelines for Implementation of the UN Basic Principles on the Use of Force and Firearms by Law Enforcement Officials, 7 September 2015, Guideline No.7, გვ. 147-148

Inter-American Commission on Human Rights, Report on the situation of human rights defenders in the Americas, 2006, § 68.