სიახლეები

2020.12.06

საქართველოს მთავრობამ უნდა დაასაბუთოს კორონა ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებული თითოეული შეზღუდვის საჭიროება საზოგადოების ინფორმირებისა და დაბნეულობის თავიდან აცილების მიზნით

კორონა ვირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მთავრობამ ბოლო პერიოდში თანდათან გაამკაცრა შეზღუდვები. შეზღვუდვები შეეხება ცხოვრების არაერთ სფეროს და ბუნებრივად, მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაზე. ამასთან, გაჩნდა ამა თუ იმ შეზღუდვების საჭიროებასთან დაკაშვირებული არაერთი შეკითხვა საზოგადოებაში. მთავრობას არ წარმოუდგენია შეზღუდვების საჯარო დასაბუთება. ამასთან, საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის შეზღუდვების შესახებ მიღებული მთავრობის დადგენილებათა განმარტებითი ბარათები, სადაც წარმოდგენილი უნდა იყოს შეზღუდვათა დასაბუთება.

ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება დემოკრატიულ საზოგადოებაში გამართლებული, აუცილებელი და ამდენად, ლეგიტიმური მიზანია. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად ყველა შეზღუდვა უნდა იყოს აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული. 

შეზღუდვების ჩამონათვლაშია არაერთი იმგვარი შეზღუდვა, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უამრავ კითხვას აჩენს მათ მიზანშეწონილობასა და უშუალოდ ვირუსთან ბრძოლის საჭიროებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა დროის გარკვეულ მონაკვეთში ზრდის ადამიანების მომეტებული რაოდენობის თავმოყრის რისკს სასურსათო მაღაზიებში დროის დაშვებულ მონაკვეთში; პირბადის ტარების ვალდებულება მაგალითად პარკში ან სხვაგან, თუ იქ სხვა ადამიანები არ იმყოფებიან, ვირუსის გავრცელების საფრთხეს არ ქმნის და ჩნდება კითხვა შეზღუდვის საჭიროების შესახებ; და სხვა.

შეზღუდვების საჭიროების შესახებ არასაკმარისად მოწოდებული ინფორმაცია საზოგადოების წევრების მხრიდან წინააღმდეგობას, და ამდენად, წესების დარღვევის მიდრეკილებას იწვევს, რაც თავისთავად საზოგადოების ჯანდაცვაზე ახდენს უარყოფით გავლენას. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან საჯარო კომუნიკაციის აუცილებლობას მის მიერ გატარებულ თითოეულ ღონისძიებაზე არა მხოლოდ ღია და გამჭვირვალე მმართველობის, არამედ, უშუალოდ ვირუსის პრევენციის დანიშნულებაც ენიჭება. 

საქართველოს მთავრობა დღეს არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ახლადარჩეული პარლამენტი ჯერ არ შეკრებილა და არ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი; შესაბამისად, მისი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში თვითნებობის რისკი ბევრად მაღალია. აღნიშნულს ემატება ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით და თანმდევი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებით. 

ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, და მათ შორის, განსაკუთრებით საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე მთავრობის ფუნქციონირების პირობებში, მთავრობას მომეტებული ანგარიშვალდებულება და ღია კომუნიკაცია მოეთხოვება საზოგადოებასთან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, მასქიმალურად გასაგები და ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. 

მთავრობის პირდაპირი კომუნიკაცია საზოგადოებასთან შექმნილ ვითარებაში შესაძლოა იყოს მისი თვითნებობის რისკის გარკვეული დოზით დაბალანსება. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა იღებს, უნდა იყოს დასაბუთებული და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; დასაბუთების საჭიროება გადაწყვეტილების მართებულობასა და პროპორციულობას შეუწყობს ხელს. 

“დემოკრატიის ინდექსი - საქართველო” მთავრობას მოუწოდებს მის მიერ კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი შეზღუდვები ყველა მიმართულებით ინდიდივუალურად დაასაბუთოს; ახსნას ყველა შეზღუდვის უშუალო კავშირი ვირუსის პრევენციასთან და გამოაქვეყნოს საჯაროდ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით - ინტერნეტის საშუალებით.