სიახლეები

2020.12.08

მეათე მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი

მეათე მოწვევის პარლამენტის 150 კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია. თითოეული პარლამენტის წევრის განათლება, პროფესია, წარსული გამოცდილება და ინდივიდუალური აქტიურობა პარლამენტში განსაზღვრავს მთლიანად პარლამენტის ეფექტურ მუშაობას.    

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ახალ პარლამენტში არასაკმარისადაა წარმოდგენილი საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები, ასევე, არასაკმარისადაა წარმოდგენილი ის სფეროები, რომლებმაც ქვეყნის წინაშე არსებულ დიდი ხნის თუ ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. კერძოდ:     

  1. პარლამენტის წევრებს შორის პროფესიული კუთხით ბალანსი არ არის დაცული. დეპუტატების წამყვანი რაოდენობა იურისტები არიან. პარლამენტში არასაკმარისადაა წარმოდგენილი ქვეყნის ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი და პრობლემური სფეროები, როგორებიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება. ოკუპაციისა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების პრობლემების მიუხედავად, უსაფრთხოების სფეროდან წარმომადგენლები პრაქტიკულად არ შედიან პარლამენტში.

 

  1. ყოველ მესამე პარლამენტის წევრს არ აქვს საზოგადოებრივი საქმიანობის გამოცდილება.შესაბამისად, უცნობია მათი ხედვები და პოზიციები ქვეყანაში არსებული პრობლემების მიმართ. ამასთან, არ დასტურდება მათი გამოცდილება საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, განსხვავებით მათი პროფესიული საქმიანობისა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათი პარტიული წარმომადგენლობა მხოლოდ ვიწრო ინტერესებს შესაძლოა ემსახურებოდეს.

 

 

  1. პარლამენტში ბიზნესი მყარად იქნება წარმოდგენილი. ამ ეტაპზე 100-დან 13 იდენტიფიცირებული მილიონერია. თავისთავად, ეს არ არის პრობლემა - პარლამენტში უნდა იყო წარმოდგენილი ყველა სოციალური ჯგუფი. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც გამჭვირვალე ლობირების მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს, ბიზნესის ფარული ლობირების რისკები კვლავ იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში. მეათე მოწვევის პარლამენტმა საკუთარ პრიორიტეტად უნდა აქციოს პარლამენტში ლობირების პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

 

 

  1. პარლამენტის წევრთა ნაწილს აქვს ერთი ან რამდენიმე მოწვევის პარლამენტში საქმიანობის გამოცდილება. ასეთი სულ 60 პარლამენტარი იქნება ახალ პარლამენტში. აქედან 8 პარლამენტის წევრს არასოდეს ჰქონია საკანონმდებლო ინიციატივა; ორის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება; ხოლო 27 დეპუტატს ათზე ნაკლები კანონპროექტი აქვს ინიცირებული დეპუტატად ყოფნის პერიოდში, მაშინ როდესაც ზოგიერთ დეპუტატს 200-ზე მეტი კანონპროექტი აქვს ინიცირებული. აღნიშნული პარლამენტის წევრები არც მთავრობაზე კონტროლის განხორციელების მიმართულებით ყოფილან აქტიური წინა მოწვევის პარლამენტში. პარლამენტის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია, რომ თითოეული დეპუტატი სრულად იყოს ჩართული როგორც კანონშემოქმედებით, ისე საზედამხედველო საქმიანობაში.  

 

 

  1. მე-10 მოწვევის პარლამენტის გამოწვევად რჩება გენდერული ბალანსი. პარტიებმა საკანონმდებლო სტანდარტი მხოლოდ მინიმალურად დაიცვეს. სავალდებულო მინიმუმის უზრუნველყოფა არ არის საკმარისი გენდერული ბალანსის მისაღწევად და ქალთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად ქვეყნის მართვის პროცესში. პარტიების ამგვარი დამოკიდებულება კარგად წარმოაჩენს მათი მხრიდან სკეპტიკურ დამოკიდებულებას ქალთა გაძლიერების მიმართ.

წინა მოწვევასთან შედარებით ამ მხრივ ვითარება ოდნავ გაუმჯობესებულია, რადგან რამდენიმე დეპუტატით გაზრდილია ქალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა. საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელითაც დამკვიდრდა კვოტირება, ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი. რამდენადაც მაჟორიტარული წესით კანდიდატების წარდგენისთვის ეს ვალდებულება არსებობს, მეათე მოწვევის პარლამენტში ყოველი მეოთხეს ნაცვლად ყოველი მეხუთეა ქალი - სულ 30 ქალი პარლამენტის წევრი.

ქალთა მწირი წარმომადგენლობა პარლამენში ვერ უზრუნველყოფს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული ასპექტის გათვალისწინებას.  

 

 

  1. საქართველოში რეგიონებსა და დედაქალაქში ცხოვრების დონეებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ამ ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტარების უმრავლესობა თბილისში მაცხოვრებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარლამენტის წევრთა უმეტესობას რეგიონებში არსებული პრობლემების მიმართ არ ექნებათ მგრძნობელობა, მათ გაუჭირდებათ იქ არსებულ რეალურ და ყოველდღიურ პრობლემებზე მუშაობა.

 

 

 

საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის წამყვანი როლის სათანადოდ შესრულების მიზნით აუცილებელია საქართველოში განვითარდეს პარტიული კულტურა. კერძოდ:

- პარტიები ვალდებულნი არიან დემოკრატიულად - დამსახურების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტივობის საფუძველზე შეადგინონ საპარლამენტო სიები. ამასთან, ამომრჩევლისთვის შეთავაზებული პარტიული შემადგენლობა, განათლების, გამოცდილებისა და წარსული საქმიანობის თვალსაზრისით უნდა პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ მიმდინარე და ახალ გამოწვევებს.

- პოლიტიკოსებმა უნდა გააცნობიერონ ქალთა უფლებრივი როლის და პარლამენტის საქმიანობაში გენდერული ბალანსის მნიშვნელობა და ამ საკითხში არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ კანონმდებლობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით.

- მეათე მოწვევის პარლამენტმა უნდა იმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოაწესრიგებს ლობისტურ საქმიანობას, აგრეთვე, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმომადგენლობის გაზრდას პარლამენტში.