სიახლეები

2021.03.17

პარლამენტმა არ უნდა გადადოს მინისტრის საათის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელის მოსმენა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენების გაუქმება პარლამენტის მხრიდან მთავრობის კონტროლზე უარის თქმის კიდევ ერთი დეკლარირებული ნაბიჯია.

„მინისტრის საათის“ ფორმატში მინისტრების მოსმენის 2021 წლის განრიგით 16-19 მარტს პარლამენტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისთვის უნდა მოესმინა. 2021 წლის 17 მარტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ მინისტრ ჩხენკელს არ მოუსმენენ.  

მოხსენების გაუქმების მიზეზად სამინისტროს გაყოფა დასახელდა. როდესაც ერთ-ერთი უმსხვილესი სამინისტრო წყვეტს არსებობას, სწორედ მაშინ ხდება მომეტებული ინტერესის საგანი, პარლამენტმა მოისმინოს მისი გაწეული საქმიანობა - მიღწევები და გამოწვევები, რამდენად ეფექტურად ასრულებდა სამინისტრო სამთავრობო პროგრამას.

რეგლამენტით დასაშვებია მინისტრის მოსმენის განრიგში ცვლილების შეტანა თუმცა, კანონი არ ითვალისწინებს „მინისტრი საათის“ განრიგიდან სრულად ამოღებას. პარლამენტის ბიუროს არ განუსაზღვრავს მინისტრ ჩხენკელის მოსმენის ახალი თარიღი, ამასთან, არსებული სახით აღნიშნული სამინისტრო აღარ იარსებებს, რაც ამ სამინისტროს მომავალში მოსმენის შესაძლებლობას გამორიცხავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეათე მოწვევის პარლამენტს აღნიშნული სამინისტროს მუშაობზე ზედამხედველობა ამ დრომდე არ  განუხორციელებია.

„მინისტრის საათის“ მექანიზმის არსი კონკრეტულ სფეროში სამთავრობო გეგმის შესრულების  შესახებ საკანონმდებლო ორგანოს ინფორმირებაა, რაც კონკრეტული სფეროს მინისტრის პლენარულ სხდომაზე გამოსვლით ხდება. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მსხვილი სამინისტრო ორად იყოფა, შეუძლებელია ახალმა მინისტრმა, „მინისტრის საათის“ ფორმატში მისი გამოსვლისას, ამომწურავი პასუხები გასცეს დეპუტატების კითხვებს იმ მიღწევებსა თუ პრობლემებზე, რაც არსებობდა შესაბამის დარგში მანამ, სანამ სამინისტრო გაიყოფოდა. ახალი მინისტრის მოხსენების მოსმენა წინა მინისტრის პერიოდთან დაკავშირებით, ასეთის ჩატარების შემთხვევაშიც კი, არაეფექტურია და მიუთითებს პარლამენტის მიერ კონტროლის ფუნქციის მხოლოდ ფორმალურ შესრულებაზე.

ამასთან, პარლამენტის ბიუროს „მინისტრის საათის“ განრიგის შესაცვლელად კანონმდებლობა მკაცრ ჩარჩოს არ განუსაზღვრავს, რაც უმრავლესობას უქმნის პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობას. აუცილებელია ბიუროს მიერ „მინისტრის საათის“ განრიგში ცვლილებას გააჩნდეს მყარი არგუმენტაცია, რაც დააზღვევს მისი მოდიფიცირებისას უმრავლესობის ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების შესაძლებლობას.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს მიმდინარე კვირაში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოუსმინოს მიხეილ ჩხენკელს და სრულყოფილად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის კონსტიტუციური ვალდებულება.

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 153.2 მუხლი.