საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს
საპარლამენტო უმრავლესობა არ მიჰყვება ევროკავშირის მედიაციით დადებული 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებას და რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმების საწინააღმდეგოდ, ცდილობს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, შეინარჩუნოს პოლიტიკური ზეგავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაზე. კონსენსუსის პრინციპის დაცვა ვერც საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყო.
19 აპრილის შეთანხმებით განისაზღვრა ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის მექანიზმი, რაშიც გათვალისწინებული იქნა პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო წესი. კერძოდ, თავმჯდომარის ორჯერ 2/3-ით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მას პარლამენტი წევრთა 3/5-ის უმრავლესობით ირჩევს, ხოლო თუ კანდიდატებმა ხმათა ეს რაოდენობაც ვერ შეაგროვეს, ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
19 აპრილის შეთანხმებით ასევე განისაზღვრა, რომ თითოეული წარუმატებელი კენჭისყრიდან მომდევნო კენჭისყრამდე 4 კვირა უნდა იყოს გასული. საკონსულტაციო 4 კვირიანი ვადის დადგენა მიზნად ისახავს პოლიტიკურ პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევას და აზღვევს რისკს, რომ უმრავლესობა განამტკიცებს თავის გავლენებს ცესკოზე. კონსესუსის შედეგად შერჩეული კანდიდატის წარდგენის პროცედურა ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდისა და კონსტიტუციური ორგანოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზანს.
ცესკოს თავმჯდომარის გადადგომამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პოზიციების დაახლოებით შეძლონ ნდობით აღჭურვილი ახალი თავმჯდომარის შერჩევა, რაც საარჩევნო პროცესს მეტ სანდოობას და საზოგადო ლეგიტიმაციას შესძენდა. ნაცვლად ამისა, კონსენსუსის პრინციპი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევი კომისიის ეტაპზევე დაირღვა და პრეზიდენტმა პარლამენტს შესარჩევი კომისიის მხოლოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატურები წარუდგინა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 5 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ხოლო 6 წევრი - აკადემიური სფეროდან, ორი კანდიდატის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო 5-დან მხოლოდ 1 არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით.
თავის მხრივ, პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევი ორივე კენჭისყრის წინ არ გამოიკვეთა პოლიტიკური კონსულტაციების მიმდინარეობა საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ორი კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის (საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით) მხარდაჭერა რაც ასევე, კონსენსუსის არარსებობაზე მიუთითებს და პროცესი მიჰყავს ერთპარტიულად ცესკოს თავმჯდომარის არჩევისკენ. გასათვალისწინებელია საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები, რომელთაც აღნიშნეს, რომ ხელისუფლება ცდილობს მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი კანდიდატის შერჩევას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპრომისის მიუღწევლობას.
საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად აწარმოოს აქტიური, საჯარო კონსულტაციები საპარლამენტო ოპოზიციასთან, გაითვალისწინოს შერჩევის პროცესში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი უმრავლესობის შეფასებები და რეკომენდაციები და მხარი დაუჭიროს მხოლოდ ფართო კონსენსუსის შედეგად შერჩეულ კანდიდატს.
ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი: „სამომავლო გზა საქართველოსთვის“, თავი 2. „ამბიციური საარჩევნო რეფორმა“https://docs.rferl.org/ka-GE/2021/04/18/7724addb-bd54-4563-8147-6fde36aa3b03.pdf
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო, პარლამენტის მიერ მიღებული საარჩევნო ცვლილებებით, ნაცვლად 4 კვირიანი დაყოვნების ვადისა, გათვალისწინებულ იქნა ერთ კვირიანი დაყოვნების ვადები.
არასამთავრობო სექტორის შეფასებები https://publika.ge/isev-dzvel-kadrebs-vkhedavt-sandooba-dabali-iqneba-rogor-afaseben-ceskos-tavmjdomareobis-kandidatebs/
პოლიტიკური პარტიების შეფასებები https://publika.ge/isev-dzvel-kadrebs-vkhedavt-sandooba-dabali-iqneba-rogor-afaseben-ceskos-tavmjdomareobis-kandidatebs/