სიახლეები

2024.04.04

ვეწინააღმდეგებით ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს - ირაკლი კობახიძეს,

,,ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს

 აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დააბრუნებდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.

 მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია. პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი.

 კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი.

ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით.

 სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.

 მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წიანააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ , შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი.

 საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე. ჩვენ ურყევად დავიცავთ დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, თანასწორობას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არავის მივცემთ უფლებას დაგვაკარგინოს არაერთი თაობის ბრძოლით მონაპოვარი ევროპული მომავალი.