სიახლეები

2022.12.05

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უარყოფითი საზოგადოებრივი შეფასების სისწორე ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა

ტრანსგენდერი კაცის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა იმავე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" და „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" უარყოფითი შეფასების მართებულობა.     

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1 დეკემბერს საქმეზე ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ერთხმად დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევა ტრანსგენდერი კაცის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დავაში, რომელიც ეხებოდა პირის დაბადების მოწმობაში სქესის ნიშნის შეცვლას. 

ტრანსგენდერი კაცი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა იმის გამო, რომ საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრების მიუხედავად, ვერ მიაღწია საკუთარ დაბადების მოწმობაში სქესის ნიშნის შეცვლას. როგორც საქართველოს ადმინისტრაციულმა ორგანომ, ისე ეროვნულმა სასამართლოებმა უარი უთხრეს მის მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებას, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით, სქესის შეუქცევადი ცვლილების შემთხვევაში.

ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2021 წელს დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს და დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში შეფასდა საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული 100 გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი. მათ შორის იყო ხსენებული ტრანსგენდერი კაცის საქმე. კვლევაზე მომუშავე შემფასებელი ექსპერტების ერთ-ერთი დასკვნა იყო, რომ გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგან:

  • ტრანსგენდერის მოთხოვნის უარყოფა სქესის ჩანაწერის შეცვლაზე იმ საფუძვლით, რომ მან არ ჩაიტარა სქესის შეცვლის ოპერაცია, რაც სტერილიზაციას იწვევს, არის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა. ამით უზენაესმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და შეინარჩუნა საკითხისადმი დრომოჭმული მიდგომა.  

მოგვიანებით, 2022 წლის 1 დეკემბერს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ხსენებულ საქმეზე კვლევაში გაკეთებული შეფასებები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს სააქტო ჩანაწერში სქესის ნიშნის შეცვლის შესაძლებლობას, მაგრამ აღნიშნული კანონის იმგვარი წაკითხვა, თითქოს სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის აუცილებელი იყო სქესის, როგორც ბიოლოგიური მახასიათებლის შეუქცევადი ქირურგიული ცვლილება, წარმოადგენდა მომჩივანის პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. 

საქმე ა.დ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ არის სისტემური პრობლემის მაგალითი, როცა ადამიანი საქართველოს ვერც ერთი დონის, მათ შორის ვერც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში აღწევს საკუთარი უფლების დაცვას. 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

  • საქართველოს სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისა და საქართველოს მიერ ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის გაატაროს ძირეული და არა ზედაპირული რეფორმები. 

 


 https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22documentcollectionid2%22:[%22GRANDCHAMBER%22,%22CHAMBER%22],%22itemid%22:[%22001-221237%22]}

 ეროვნულ დონეზე და ევროპული სასამართლოს წინაშე ტრანსგენდერი კაცის ინტერესებს იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

 https://democracyindex.ge/uploads_script/studies/tmp/phpuQ1l9u.pdf

 https://democracyindex.ge/uploads_script/studies/tmp/phpuQ1l9u.pdf გვ. 96, 97. შემფასებელი ექსპერტები: ბესო ლოლაძე, დავით ჯანდიერი.