ანტიკორუფციული კანონპროექტით ევროკომისიის რეკომენდაციის ხუთი საკითხიდან მხოლოდ ერთი სრულდება
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ანტიკორუფციულ საკითხებზე ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტი (N07-3/259/10) უზრუნველყოფს ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციით გათვალისწინებული 5 საკითხიდან ერთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი 4 საკითხი შეუსრულებელი რჩება.
მოქმედი კანონმდებლობით კორუფციული დანაშაულის გამოძიება ევალება შემდეგ უწყებებს:
- პროკურატურას
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს
- იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობა განსაზღვრულია გენერალური პროკურორის ბრძანებით)
- საჯარო სამსახურის ბიუროს ევალება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი (ბიუროს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი)
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევალება პოლიტიკური პარტიების ხარჯების აუდიტის განხორციელება
ხოლო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების და მისი შესრულების მონიტორინგის მიზნით, საქართველოს მთავრობაში შექმნილია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო." საბჭოს შემადგენლობას და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ევროკომისიამ მიიჩნია, რომ მოქმედი კანონმდებლობით შექმნილი მდგომარეობა საკმარისი არ არის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის გასაძლიერებლად, აღნიშნა რიგი საკანონმდებლო ხარვეზები და ჩამოაყალიბა შესაბამისი მოთხოვნები:
- ანტიკორუფციული პოლიტიკის აღსრულება არაეფექტურია, ანტიკორუფციული საბჭო ბოლოს 2019 წელს შეიკრიბა; არ არის მიღებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
- თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები არ მოიცავს ამ პირთა ოჯახის წევრებს. შესაბამისად, აუცილებელია დეკლარაციების მოქმედების, დანერგვისა და მონიტორინგის ფარგლების გაფართოება;
- აუცილებელია მამხილებელთა დაცვის გარანტიების გაძლიერება;
- არ არსებობს ერთიანი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც ექნება შემდეგი უფლებამოსილებები: ინტერესთა კონფლიქტებზე რეაგირება, დეკლარირებულიქონების (აქტივების) შემოწმება, პოლიტიკური პარტიების ხარჯების აუდიტი დამამხილებელთა დაცვა. აუცილებელია ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების ქმედითი კონტროლის განხორციელების მიზნით.
- არ არსებობს სპეციალიზებული სამართალდამცავი ორგანოები ან სპეციალიზებულისასამართლოები, რომელთა უფლებამოსილებაც იქნებოდა ხელისუფლების მაღალ დონეზეკორუფციასთან ბრძოლა. აუცილებელია მაღალი დონის კორუფციის ფაქტების გამოძიების გაძლიერება.
ზემოაღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც აუცილებელია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც გააერთიანებს ყველა ძირითად ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით, მაღალი დონის კორუფციული საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით.
წარმოდგენილი კანონპროექტით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქცია საქართველოს მთავრობიდან გადაინაცვლებს საქართველოს პარლამენტში, ხოლო მის შესრულებას კოორდინაციას გაუწევს ანტიკორუფციული ბიურო. აღნიშნული ღინისძიება მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის საჯარო განხილვის გზით დამტკიცებისა და მისი ეფექტიანი შესრულებისთვის, რაც ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მთავრობაში აღნიშნული უფლებამოსილების არსებობის პირობებში.
მიუხედავად ხსენებული მნიშვნელოვანი ცვლილებისა, ანტიკორუფციული ბიუროს ნაწილში კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებულიანტიკორუფციული ბიუროსთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მინიჭება. კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება რჩება მათ, ვისაც ამჟამად აქვს ეს ფუნქცია. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ბიურო „თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს". ისმის კითხვა, იქნება კი დამოუკიდებელი ის ბიურო, რომლის უფროსსაც თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან; საკონკურსო კომისია კი შედგება 7 წევრისაგან, რომელთაგან 5 სახელმწიფო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირია.
ამრიგად, ევროკომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მიზნით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განსახილველ ძირითად კანონპროექტსა და თანმდევ კანონპრექტებში შეიტანოს შემდეგი ცვლილებები და გაატაროს სხვა ღონისძიებები:
- ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუროს მიენიჭოს კორუფციული დანაშაულების გამოძიების, მამხილებელთა დაცვის, ინტერესთა კონფლიქტზე რეაგირების და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები, ხოლო მისი ხელმძღვანელი თანამდებობაზე აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა.
- გაფართოვდეს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მოქმედების, დანერგვისა და მონიტორინგის ფარგლები;
- გაძლიერდეს მამხილებელთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები;
- ამასთან, პარლამენტმა დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი საკონტროლო/საზედამხედველო ღონისძიებები რათა გაიზარდოს მაღალი დონის კორუფციის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობა.