სიახლეები

2022.07.20

პრეზიდენტის მოწვევის საფუძველზე პარლამენტმა სასესიო რეჟიმში უნდა იმუშაოს

2022 წლის 18 ივლისიდან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეულია პარლამენტის რიგგარეშე სესია, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ ხერხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ნორმათა მანიპულაციური განმარტების გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრეზიდენტის აქტი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ ძალაშია და პარლამენტმა სასესიო რეჟიმში უნდა იმუშაოს.  

18 ივლისის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განმარტებით, რიგგარეშე სესია უნდა გაიხსნას პლენარული სხდომით, ხოლო სხდომისთვის საკითხები ამ დროისთვის არ არის მომზადებული. ეს განმარტება არ გამომდინარეობს არც საქართველოს კონსტიტუციიდან და არც პარლამენტის რეგლამენტიდან და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მმართველი უმრავლესობისთვის მიუღებელია ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ინიციატივა, მიუხედავად მისი შინაარსისა. მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყანაში არსებულ დეპოლარიზაციას პოლიტიკურ ძალებს შორის.

რიგგარეშე სესიის ზუსტი დღის წესრიგის განსაზღვრის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს 

სესია (სხდომისგან განსხვავებით) წარმოადგენს საპარლამენტო მუშაობის სამუშაო ციკლს. რიგგარეშე სესიის მოწვევის თარიღი განსაზღვრულია პრეზიდენტის განკარგულებით და იგი გრძელდება მოწვევის მიზნად დასახული სავარაუდო საკითხის განხილვის დარულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 5 სექტემბრამდე. სესიას შეუძლებელია ჰქონდეს წინასწარ მისი მიმდინარეობის დროში გაწერილი ზუსტი დღის წესრიგი. ამიტომაც რიგგარეშე სესიის მოწვევისას განისაზღვრება მხოლოდ სავარაუდოდ განსახილველ საკითხთა ნუსხა. 

პარლამენტის სამუშაო პროცესის ორგანიზების ფუნქცია პარლამენტის ბიუროს გააჩნია. ამ მიზნით, ბიურო აღჭურვილია სპეციალური უფლებამოსილებებით. მათ შორისაა, როგორც  პლენარული სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა (მათ შორის, რიგგარეშე სესიის ფარგლებშიც), ასევე კომიტეტისთვის გარკვეული საკითხის განხილვის დავალება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი რიგგარეშე სესიაზე განსახილველი საკითხი საჭიროებს საკომიტეტო მუშაობას და კომიტეტი თავისი ინიციატივით არ იკრიბება, ბიურო უფლებამოსილია დაავალოს მას საკითხის განხილვა.

რიგგარეშე სესიის გახსნისთვის პლენარული სხდომის ჩატარების ვალდებულება კანონით დადგენილი არ არის

18 ივლისს ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარის შემაჯამებელი განმარტებით არაერთგზის აღინიშნა, რომ რიგგარეშე სესიის გახსნა ხდება აუცილებლად პლენარული სხდომით. ეს განმარტება მცდარია. ასეთ შეზღუდვას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, რეგლამენტი იმპერატიულად არ არეგულირებს რიგგარეშე სესიის გახსნის ფორმას. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რა მანიპულაციური განმარტებებით იხელმძღვანელა პარლამენტის ბიურომ, პრეზიდენტის მიერ 18 ივლისიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის აქტი ძალაშია და ამ წუთებშიც პარლამენტი სასესიო რეჟიმში იმყოფება. პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა დაარღვიოს აღნიშნული მოცემულობა არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ მმართველობით წესრიგს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მოიწვიოს ბიუროს სხდომა რიგგარეშე სესიის გახსნის და რიგგარეშე სესიაზე საკითხების განხილვის ორგანიზების მიზნით. ბიურომ გამოიყენოს რეგლამენტით დადგენილი უფლებამოსილება და დაავალოს კომიტეტს განსახილველი საკითხების პლენარული სხდომისთვის მომზადება.