სიახლეები

2022.06.10

ხელისუფლება არასწორად წარმოაჩენს პარლამენტის როლს ევროინტეგრაციის პროცესში

პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ევროპული მისწრაფების დემონსტრირებისთვის და ამით აჩვენოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის რეალიზების მტკიცე პოლიტიკური ნება.

საქართველოს პარლამენტმა, მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენებით, უნდა უპასუხოს ევროპარლამენტის მიერ 2022 წლის 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციაში[1] ხაზგასმულ მწვავე პრობლემებს:

  • ევროპარლამენტი გმობს თბილისში ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის დაუსჯელობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა და ანტი დისკრიმინაციული  კანონმდებლობა სრულად აღასრულოს

ჯერ კიდევ 2021 წლის 22 ივლისს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის მიერ ინიცირებულია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. კომისიის შექმნისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საკმარისი. პარლამენტში 60 ოპოზიციის და 84 უმრავლესობის დეპუტატია. მიუხედავად ამისა საგამოძიებო კომისია დღემდე არ შექმნილა.[2]

რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული უმცირესობების წარმომადგენელთა განგრძობადი დისკრიმინაციის პრობლემა.[3] საპასუხოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უნდა გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმი და შეისწავლოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების მდგომარეობა.[4] ასევე, პარლამენტს შეუძლია შექმნას თემატური მოკვლევის ჯგუფი.

  • ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს 2021 წლის 13 სექტემბერს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გავრცელებული ფაქტები

ფარული მოსმენებით მოპოვებული მასალის გავრცელებიდან თითქმის 10 თვეა გასული[5], თუმცა გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყონ სახელმწიფო უწყებების მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაზე დემოკრატიული კონტროლი. დემოკრატიული კონტროლის ერთ-ერთი ფორმაა საპარლამენტო კონტროლი, რაც შესაძლოა განხორციელდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვეობით.

ნაცვლად საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისა, პარლამენტმა ამა წლის 7 ივნისს მიიღო კანონი, რომელითაც გააფართოვა აღმასრულებელი უწყებების შესაძლებლობა ჩაატარონ ფარული საგამოძიებო მოქმედებები;[6] ამასთან, მნიშვნელოვნად იყო გაკრიტიკებული დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ინსტიტუტის - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.[7]

  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ სასამართლოს რეალური რეფორმის განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობაზე და მიუთითებს პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ფაქტებზე

პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ოპოზიციური პარტიების მიერ 2021 წლის ივლისსა და დეკემბერში ინიცირებული ორი კანონპროექტის განხილვა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პარლამენტმა უნდა შეასრულოს ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებით" გათვალისწინებული პუნქტი სასამართლოს ამბიციური რეფორმის გატარების შესახებ, ფართო, მათ შორის, საერთაშორისო ჩართულობით განახორციელოს სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების შეფასება.    

  • რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან იმ მიზნით რათა მას გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება  

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული შეფასებების ფონზე, პარლამენტმა, საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით უნდა შეაფასოს  პენიტენციური სისტემის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

 

 


[1] European Parliament resolution of 9 June 2022 on violations of media freedom and the safety of journalists in Georgia (2022/2702(RSP)), იხ: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2022-0239_EN.pdf

[2] 2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ" - https://info.parliament.ge/#law-drafting/22689

[3] რეზოლუციის პუნქტი 6, იხ: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2022-0239_EN.pdf

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლი.

[5] პროკურატურამ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყო და მედიებს სთხოვს, მტკიცებულებები მიაწოდონ

[6]  ამ საკითხს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც. იხ: ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კომენტარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, https://www.eeas.europa.eu/delegations/georgia/ევროკავშირის-ელჩის-კარლ-ჰარცელის-კომენტარი-სისხლის-სამართლის-საპროცესო-კოდექსში_ka

[7] აშშ-ის საელჩოს განცხადება მმართველი პარტიის მიერ წლის ბოლოს, ნაჩქარევად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, 3 იანვარი 2022 წელი. იხ: https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-the-ruling-partys-rushed-end-of-year-legislation-ka/?_ga=2.249236677.336916442.1654764795-359159698.1652039487