სიახლეები

2022.05.25

პარლამენტში ოთხი მინისტრის ერთ დღეს მოსმენა არაეფექტურს გახდის ინტერპელაციის პროცედურას და დააზიანებს დებატებს

ბიუროს გადაწყვეტილებით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ერთ დღეს სამ მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, შემჭიდროვებულ ვადებში მოუსმენს, რაც ამცირებს მათთვის შეკითხვების დასმისა და დებატებისთვის განკუთვნილ დროს. ინტერპელაცია ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე მძლავრი პოლიტიკური მექანიზმია[1] და პროცედურული ბარიერებით მისი გამოყენების შეზღუდვა არ უზრუნველყოფს საკონტროლო მექანიზმის ეფექტიან და მიზნობრივ გამოყენებას. 

მეათე მოწვევის პარლამენტში 27 მაისს პირველად გაიმართება ინტერპელაციის წესით თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე მოსმენა. ინტერპელაცია საპარლამენტო კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია და დადებითად უნდა შეფასდეს მისი ინიცირება. 

ინტერპელაციის წესით პარლამენტში ოპოზიციამ იუსტიციის მინისტრი[2] და პრემიერ-მინისტრი[3] მარტსა და აპრილში დაიბარა; ხოლო, ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის მიერ საკითხის დაყენების შემდგომ, 10 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გაუგზავნა შეკითხვები ინტერპელაციის წესით.[4] რეგლამენტით დადგენილი წესის გათვალისწინებით, ოთხივე მინისტრი პლენარულ სხდომაზე მაისის ბოლო პარასკევს უნდა გამოცხადდეს,[5] თუმცა კანონის ჩანაწერი იძლევა დღის წესრიგის სხვაგვარად განსაზღვრის შესაძლებლობასაც.[6] მიუხედავად ამისა, ბიურომ ოთხივე თანამდებობის პირი ერთ დღეს დაიბარა, რითაც მნიშვნელოვნად შემცირდა თითოეული მათგანისთვის შეკითხვების დასმისა და დებატის დრო.

ოთხივე მინისტრის ერთ დღეს მოსმენის შემთხვევაში, ინტერპელაციის პროცედურა შუაღამემდე გასტანს. ამასთან, აღნიშნული მიდგომა თითქმის ორჯერ შეკვეცავს ინტერპელაციებისთვის კანონით დადგენილ საერთო დროს. აღნიშნული დრო და პროცედურა ყველა საკითხის საფუძვლიანი შესწავლისთვის სრულიად არასაკმარისია. 

ნიშანდობლივია, რომ ინტერპელაციის ინიციატივა „ქართულმა ოცნებამ“ მეათე მოწვევის განმავლობაში პირველად დააყენა, მას შემდეგ რაც იქამდე ოპოზიციამ დააყენა ინტერპელაციის ორი ინიციატივა.  რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიის მხრიდან ინტერპელაციის ინიციატივა  ოპოზიციის ინტერპელაციის ინიციატივების საპასუხოდ იქნა დაყენებული და ოპოზიციისთვის დამატებითი ბარიერების შექმნას ემსახურება, რაც ფორმალურსა და ზედაპირულს გახდის ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენებას.



[1] PARAMETERS ON THE RELATIONSHIP BETWEEN THE PARLIAMENTARY MAJORITY AND THE OPPOSITION IN A DEMOCRACY: A CHECKLIST, CDL-AD(2019)015, Opinion No. 845 / 2016., 127.

[2] ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მიმართვა ინტერპელაციის წესით შეკითხვით საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძეს. იხ:https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/300604

[3] პრემიერ-მინისტრი დაიბარა დეპუტატთა შვიდკაციანმა ჯგუფმა: დავით უსუფაშვილი; ანა ნაცვლიშვილი; სალომე სამადაშვილი; შალვა შავგულიძე; არმაზ ახვლედიანი; თამარ კორძაია; დილარ ხაბულიანი. იხ: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/300606

[5] პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტი. 

[6] პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტის ჩანაწერი „როგორც წესი“ იძლევა დისკრეციის შესაძლებლობას. იგივე ჩანაწერია 195-ე მუხლშიც, რომელიც პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ეხება. არსებული პრაქტიკით, ამ თარიღს ბიურო პრეზიდენტთან შეთანხმებით საჭიროებისამებრ ცვლის