სიახლეები

2020.01.29

დისკუსია დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ

ბოლო პერიოდში არაერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთა გამოძიების პროცესში პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პრობლემა. საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია 2019 წლის 20-21 ივნისის აქციების ძალის გამოყენებით დაშლის დროს დაშავებულთათვის დაზარალებულის საპროცესო სტატუსის მინიჭების გაჭიანურებამ ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმამ.

 

დაზარალებულის საპროცესო სტატუსის მინიჭების პრობლემას განსხვავებული განმარტებები მოჰყვა საქართველოს პროკურატურის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან. პროკურატურა გამოძიებისას პირის დაზარალებულად ცნობის პრობლემას უკავშირებს საკანონმდებლო მოწესრიგებას მაშინ, როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკაში აღნიშნულ საკითხზე პროკურატურის არაერთგვაროვან მიდგომაზე.

 

შექმნილი ვითარება არის პარლამენტის მიერ კანონის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმის გამოყენების საფუძველი. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2020 წლის 09 იანვარს მიმართა და პარლამენტს წარუდგინა მოკვლეული დეტალური ინფორმაცია ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის მექანიზმის გამოყენების საჭიროების თაობაზე იმისათვის, რათა კომიტეტმა გამოავლინოს, რატომ ფერხდება დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მომწესრიგებელი კანონის აღსრულება პრაქტიკაში, ეს გამოწვეულია საკანონმდებლო ხარვეზებით თუ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომით და რა ღონისძიებებია გასატარებელი პრობლემის აღმოსაფხვრელად. შეხვედრაზე განიხილეს უცხო ქვეყნების მიდგომებიც დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

 

ფოტო გალერეა