სიახლეები

2020.01.29

დავით ზალკალიანმა უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა ღონისძიებები გაატარა რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამოსარიცხად

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველომ გადაიბარა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან[1]. მინისტრთა კომიტეტის ამ სხდომას ესწრებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელმაც კომიტეტს წარუდგინა საქართველოს პრიორიტეტების სია და დაგეგმილი ღონისძიებები. აღნიშნულ სხდომაზე მინისტრთა კომიტეტი შეთანხმდა, რომ 2020 წლის მაისში თბილისში გაიმართება მინისტრთა კომიტეტის სესია, სადაც საქართველო ოფიციალურად თავმჯდომარეობას გადააბარებს საბერძნეთს[2]

 

ცხადია, დავით ზალკალიანისთვის ცნობილი იყო მინისტრთა კომიტეტის შემადგნელობაში რუსეთის წარმომადგენლობა და შესაბამისად, ისიც - რომ რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ასევე იგულისხმებოდა მაისის სესიის თბილისში ჩატარების შემთხვევაში. 

 

2020 წლის 28 იანვრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთის წარმომადგენელს უპასუხა: „მაისში საქართველომ უნდა უმასპინძლოს საპარლამენტო ასამბლეას და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო აპირებს გვერდი აუაროს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც უკრძალავს იმ მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ნებართვის გარეშე ესტუმრნენ ოკუპირებულ ტერიტორიებს და რომელიც გამორიცხავდა რუსეთის დელეგაციის უამრავი წევრის ქვეყანაში შემოსვლას. რამდენადაც ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული პოლიტიკისა, პატივს სცემს თავის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და აპირებს პატივი სცეს მას, ჩვენ უნდა მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეის წევრები, როგორც ნაკარნახევია საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და რეგულაციებით და ჩვენ მიერ ამ ორგანიზაციის პრინციპების შესრულებით“[3]. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეის ნაცვლად ზემოხსენებული მინისტრთა კომიტეტის სესია იგულისხმება. 

 

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის ჩატარება და მინისტრთა კომიტეტის ყველა წევრის მასპინძლობა საქართველოს მიერ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილია.[4] მეორე მხრივ, რუსეთის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კონსტიტუციურ პრინციპსა და, ამდენად, ეროვნულ ღირებულებებთან პირდაპირ კონფლიქტშია, რაც, სრულიად ბუნებრივად, საზოგადოების მწვავე პროტესტს იწვევს. 

 

საზოგადოების მწვავე პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობის კონკრეტულმა პასუხისმგებელმა წევრმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც უშუალოდ წარმოადგენდა საქართველოს მინისტრთა კომიტეტის 2019 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე, უნდა აუხსნას საქართველოს მოქალაქეებს რა ღონისძიებები გაატარა მაშინ და რას - გეგმავს ეხლა საიმისოდ, რომ რუსეთის დელეგაციის წევრთა ვიზიტი საქართველომ თავიდან აირიდოს. 

 

  

 

[1] 2019 წლის 27 ნოემბრის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის დღის წესრიგი

 

 

[2] ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2019 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება CM/Del/Dec(2019)1361bis/1.3 2020 წლის 15 მაისს მინისტრთა კომიტეტის სესიის თბილისში ჩატარების შესახებ <https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectID=090000168098fc5d&fbclid=IwAR2GXt3CKNhrhrnqyfPZFTO7SoKfF4PkK8VNJA_rNXjoOooZQqobRMb958o>

 

[3] საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე <https://vodmanager.coe.int/coe/webcast/coe/2020-01-28-1/en/46>

 

[4] ევროპის საბჭოს წესდება, 1949 წლის 5 მაისი.