სიახლეები

2020.02.27

დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს პარლამენტს ციხეებში არსებული პრობლემების საპასუხოდ გაატაროს კონკრეტული ღონისძიებები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არასაგნობრივად განიხილა სახალხო დამცველის ანგარიში ციხეებში არსებული პრობლემების შესახებ, რა დროსაც აქცენტი მთავარიდან არარელევანტურ საკითხებზე გადაიტანა. 
 
2019 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცევლის სპეციალური ანგარიში N2, N4, N8 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში მონიტორინგის ვიზიტის შედეგების შესახებ, რომელიც შეიცავს საგანგაშო ინფორმაციას ციხეებში არაფორმალური მმართველობის შესახებ. ანგარიში აღწერს ციხეებში ე.წ. მაყურებლების არსებობას და მათ მიერ პატიმრებზე ძალადობის შემთხვევებს, რომლის მასშტაბებიც აღწევს ციხეში არაფორმალური მმართველობის ხარისხს. 
 
საკითხის სიმწვავის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ანგარიშის გამოცემიდან ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში არ გამოუყენებია თავისი უფლებამოსილება მოეწვია სახალხო დამცველი და საკომიტეტო ფორმატში მოესმინა მისთვის. 
 
კომიტეტის მიერ ანგარიშის მოსმენა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სახალხო დამცველის მოთხოვნით 2020 წლის 21 იანვარს, რა დროსაც იუსტიციის მინისტრმა ასევე წარმოადგინა საპასუხო მოხსენება.
 
 
სახალხო დამცველის ანგარიშის საპასუხოდ იუსტიციის მინისტრის გაკეთებული მოხსენება იყო არასაგნობრივი, უმეტესად არ შეეხებოდა ანგარიშით წარმოჩენილ მწვავე პრობლემებს და ყურადღება გადატანილი იყო სრულიად არარელევანტურ საკითხებზე და უმეტესად, მიმართული იყო ანგარიშის დისკრედიტაციისაკენ. 
 
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ციხეებში არსებული პრობლემები ასევე არასაგნობრივად განიხილა და სხდომაზე სიღრმისეულად არ გამოიკვლია: 
  • დეპუტატებს არ დაუსვამთ კრიტიკული კითხვები ანგარიშში ასახულ მწვავე პრობლემებზე;
  • დეპუტატები უმეტესად ეჭვქვეშ აყენებდნენ თავად სახალხო დამცველის ანგარიშის სანდოობას, ნაცვლად მასში ასახულ პრობლემებზე იუსტიციის მინისტრის გამოკითხვისა; 
  • კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატები, დამატებითი შესწავლის გარეშე, წინასწარვე უარყოფდნენ პრობლემის არსებობას, რა დროსაც ეყრდნობოდნენ მხოლოდ პირად გამოცდილებას, მაშინ როცა, ანგარიში ასახავს 800-ზე მეტი პატიმრის გამოკითხვის და ადგილებზე ვიზიტის შედეგებს; 
  • პარლამენტი არაადეკვატურად რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაწყვეტაც მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა, რაც აკნინებს მის მიმართ საზოგადოების ნდობას და ხელს უწყობს აღმასრულებელი ხელისუფლების არაეფექტიან მმართველობას.
 
მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს:
 
შემაჯამებელ ეტაპზე ეფექტიანად შეასრულოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და კომიტეტის დასკვნაში განსაზღვროს პასუხიმგებელ უწყებათა და გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული.
 
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს: 
 
კომიტეტის ზემოთხსენებული დასკვნის საფუძველზე მიიღოს პარლამენტის დადგენილება, რომლითაც პასუხისმგებელ უწყებებს დაევალებათ კონკრეტული ღონისძიებების გატარება.