ქართული ოცნება პრობლემების გადაფარვას პრეზიდენტის წინააღმდეგ უპერსპექტივო დავის წამოწყებით ცდილობს
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება იმის შესახებ, რომ მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დასადგენად, ემსახურება პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაში დაყენებული მწვავე საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია თავის განცხადებაში აპელირებს სხვადასხვა დროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის რამდენიმე შემთხვევაზე, საკითხზე სამართლებრივი რეაგირების ინიციატივით გამოვიდა პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენების გაკეთებიდან მეორე დღეს. მოხსენებაში პრეზიდენტმა გააკრიტიკა ხელისუფლება და ქვეყნის არადემოკრატიული მართვის მნიშვნელოვან პრობლემებზე მიუთითა.
პოლიტსაბჭოს განცხადებაში მითითებულ დავას პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის და კომპეტენციათა გამიჯვნის შესახებ, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და წარმატების პერსპექტივა.
პარლამენტში წლიური მოხსენების ფარგლებში, პრეზიდენტმა საგანგაშო შეფასებები გააკეთა ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ:
- ქვეყანა არ მუშაობს ერთიან, შეთანხმებულ გეგმაზე და რეფორმების პაკეტზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო;
- პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემა და მისი დამაზიანებელი ეფექტი;
- არ არსებობს პოლიტიკური თანამშრომლობის პრაქტიკა (ომი და მასთან დაკავშირებული საფრთხეები ვერ გახდა პარლამენტში უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მსჯელობის საგანი);
- არ მუშაობენ შესაბამისი ინსტიტუტები (არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არ შედგა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა);
- სწორედ იმ დროს, როცა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გაძლიერებული კომუნიკაცია პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა პარიზში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე.
პარლამენტში წლიური მოხსენების ფარგლებში დასახელებული პრობლემების საპასუხოდ პრეზიდენტმა გააჟღერა ინიციატივა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ.
შესაბამისად, ერთი მხრივ, მმართველი პარტია დაგვიანებით სადავოდ ხდის პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლის, ასევე, პრეზიდენტის მიერ წარსულში განხორციელებულ რიგ უფლებამოსილებებს, ხოლო მეორე მხრივ, პასუხს არ სცემს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაში დაყენებულ მწვავე საკითხებს, არ განმარტავს თუ რა გეგმა აქვს მმართველ ხელისუფლებას პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად და ევროინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას:
- შეწყვიტოს არსებითი პრობლემების გადაფარვის მიზნით, არაფრისმომცემი პოლიტიკური კამათი; დაუყოვნებლივ შეუდგეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე არსებით მსჯელობას კონსტიტუციური ინსტიტუტების და არა ვიწრო პარტიულ ფორმატში.
მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას:
- დადგნენ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და გამოიყენონ ყველა ბერკეტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული პრობლემების საპარლამენტო ფორმატებში განსახილველად.
მოვუწოდებთ მედიას:
- გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მძლავრი ბერკეტი და პრიორიტეტულად გააშუქონ პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაში მითითებულ პრობლემებზე სახელმწიფოს რეაგირების საკითხები.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- დემოკრატიის ინდექსი - საქართველო
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)