პარლამენტში დაფიქსირდა კორუფციული რისკების შემცველი ინიციატივა
ინიციატივა შეიცავდა კორუფციულ რისკებს შემდეგ გარემოებათა გამო:
- გაუმჭვირვალეა თუ როგორ გამოავლინეს ინიციატორებმა მათ მიერ მითითებული პრობლემები
პარლამენტის წევრები, იმ ფონზე, როდესაც თვითონ შეზღუდული აქვთ ბიზნეს საქმიანობა, არ ასახელებენ თუ საიდან აქვთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩამოთვლილ პრობლემათა შესახებ ინფორმაცია. არ უთითებენ შესაბამისი კვლევებს ან რაიმე სხვა მონაცემებს, მათ შორის, მათ მიერ განხორციელებულ შეხვედრებს ან საპარლამენტო მექანიზმებს (როგორიც არის დეპუტატის კითხვა), რითაც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნულ პრობლემათა რეალურად არსებობის დადასტურება და შეფასება.
განმარტებით ბარათში არ არის მითითებული რომელ ორგანიზაციებთან ან ფიზიკურ პირებთან ქონდათ თუ არა და რა ფორმით კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. მათ შორის, ისინი არ უთითებენ რეგულაციის ადრესატთან, ლატარიის კომპანიასთან კონსულტაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას.
- ინიციატივა არ შეიცავს ფინანსურ გაანგარიშებას პრობლემის დასასაბუთებლად
იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტის ინიციატორები არ უთითებენ პრობლემათა იდენტიფიცირების წყაროს, პარალელურად არ აქვთ დაანგარიშებული თუ ზუსტად რა ოდენობით შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და როგორ მოხდება აღნიშნულის კომპენსაცია სხვა წყაროებიდან.
ინიციატორთა მიერ მოყვანილი სტატისტიკა ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და არა ზუსტ ფინანსურ გათვლებს, რომელიც პარლამენტის წევრებს მისცემს შესაძლებლობას კერძო და საჯარო ინტერესების სათანადო დაბალანსების საფუძველზე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. უცნობია ლატარიის კომპანიის პოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში რამდენად უზრუნველყოფდა თანხების რეინვესტიციას.
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ნებისმიერი რეგულაციის სამართლიანობა განპირობებულია თუ რამდენად არის კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსი. მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადასახადების გადახდა გარკვეულ ფინანსურ შემოსავლებს უმცირებს კონკრეტულ ბიზნესს არ არის საკმარისი მათ შესამცირებლად. განმარტებით ბარათში, არ არის მითითებული კონკრეტული ფინანსური გათვლები თუ რამდენად აისახება დაბეგვრის სისტემის ცვლილება სფეროს საქმიანობაზე და რამდენად დაბალანსებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საჯარო ინტერესი.
- დაუსაბუთებელია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის პროცედურა
დღეს არსებული დაბეგვრის მოდელი ბოლო 5 წელია მოქმედებს ლატარიის ორგანიზატორების საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, დაუსაბუთებელია თუ რატომ უნდა განიხილოს კანონპროექტი პარლამენტმა შეზღუდულ ვადებში, როდესაც სფეროს ეკონომიკური საქმიანობისთვის რაიმე კონკრეტული საფრთხე არ არის მითითებული ინიციატორთა მხრიდან.
როდესაც არ არსებობდა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საფუძველი, პარლამენტის ბიურომ კიდევ ერთხელ მიმართა დემოკრატიისთვის მავნე პრაქტიკას და დააკმაყოფილა დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ხარვეზად შეაფასა ევრო საბჭოს ანტიკორუფციულმა ჯგუფმა (GREKO). ამის შესახებ კი ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ მიუთითა პარლამენტს.
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიესალმება აღნიშნული კანონპროექტის გაწვევას მისი ინიციატორების მიერ და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ბიუროს და დარგობრივ კომიტეტებს:
- აღმოფხვრან პარლამენტის წევრების მიერ კანონპროექტების გაუმჭვირვალე გზით ინიცირების პრაქტიკა;
- შეწყდეს კანონპროექტების დაუსაბუთებლად დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა.
ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/23082
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, პუნქტი „დ“.
იხ. სხვა მრავალთა შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის №1/4/1380 გადაწყვეტილება საქმეზე "ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ",II-27
საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 5385-IIს, 08/06/2016.
ამის შესახებ იხილეთ ჩვენი ორგანიზაციის განცხადება - „GRECO მიიჩნევს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო პროცესში საჯარო ჩართულობას სათანადოდ არ უზრუნველყოფს“, https://bit.ly/3E3xa9M [30.11.2021]