პარლამენტმა COVID-19-ის კრიზისის დროს არ უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება
პანდემიასთან გამკლავებას საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ყოველდღიური შეკრებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის რეგულარული მიწოდებით ამ დრომდე წარმატებით ახერხებს. ხოლო, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველოს პარლამენტის მონაწილეობა ნომინალურია და შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული დეპუტატის მიერ გამართული საინფორმაციო ბრიფინგებით. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში პარლამენტის ერთი წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც პარლამენტის მანდატის ეფექტიან აღსრულებად ვერ ჩაითვლება.
შექმნილი უპრეცედენტო პანდემიის მდგომარეობა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკის მრავალ დარგს და ადამიანთა კეთილდღეობას. ამას ემატება ის, რომ საქმე გვაქვს ახალ კორონა ვირუსთან, რომლის შესახებ სპეციალისტებისთვის ცოტა რამ არის ცნობილი, და მასთან გამკლავების და მის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირების თუ აღმოფხვრის გზების ძიება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი.
ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პარლამენტმა არათუ არ შეაჩეროს თავისი საქმიანობა, არამედ იქცეს ახალ კორონა ვირუსთან ბრძოლის გზების დასახვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შემცირების, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის დახმარების, საზოგადოების განსაკუთრებით მოწყვლადი წევრების მხარდაჭერის საკითხებზე საჯარო მსჯელობის სივრცედ.
პარლამენტის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებითა და მთავრობისთვის მთელი რიგი საგანგებო ფუნქციების დელეგირებით, როგორც ეს საქართველოში მოხდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის როლი და დანიშნულება გულისხმობს, რომ საგანგებო ვითარებაშიც პარლამენტი რჩება ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ხალხის წარმომადგენლობით ორგანოდ და აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას, როგორც კანონშემოქმედების, ისე მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით და ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო დებატების სივრცედ.
დღეს არსებულ ვითარებაში საქართველოს პარლამენტი უნდა განიხილავდეს და ზედამხედველობდეს რიგ საკითხებს, რაც ამ დროისთვის უკვე გამოიკვეთა როგორც პრობლემური საკითხები:
- ვირუსის დასაძლევად და მისგან წარმოშობილი საფრთხეების გასანეიტრალებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით სტრატეგიის დასახვა. ამ დრომდე არ არსებობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა და საგანგებო ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უპასუხოს როგორც ეკონომიკურ კრიზისს, ისე შემოსავლის გარეშე დარჩენილთათვის მყისიერი მხარდაჭერის საჭიროებას;
- ლარის რეკორდულად გაუფასურების პრობლემა და გამოსავლის გზების ძიება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად საკითხის განხილვით;
- სხვა შესაძლო პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილი არ გამხდარა.
ამდენად, საგანგებო ვითარების დროს, რაც მთავრობისთვის უჩვეულოდ ფართო უფლებამოსილებების მინიჭებას გულისხმობს და სერიოზულ რისკებს შეიცავს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, მთავრობა პარლამენტის ზედამხედველობის მიღმაა დატოვებული.
კარგ მაგალითად მხოლოდ ერთი კომიტეტის მიერ 2020 წლის 20 მარტს ჩატარებული სხდომა შეიძლება იქნას მოყვანილი. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა განიხილა მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა და ამ კუთხით საზღვარგარეთ მცხოვრები/მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორელების მდგომარეობა და მოუსმინა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
რეკომენდაცია:
- პარლამენტმა კომიტეტების და ასეთი საჭიროების წარმოქმნისას, პლენარული სხდომების ფორმატებში, განაახლოს საგანგებო რეჟიმში მუშაობა, ვირუსით ინფიცირების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის შესრულებით (მუშაობის ონლაინ ფორმატები, დისტანციის დაცვა, პირადი ჰიგიენისა და გახშირებული დეზინფექციის საშუალებების უზრუნველყოფა და სხვა).
- პარლამენტმა უზრუნველყოს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა კრიტიკული მნიშვნელობის საკითხზე მსჯელობა როგორც სტრატეგიის განსაზღვრის, ისე მთავრობაზე ზედამხედველობის კუთხით.
- იმსჯელოს დროებითი ერთობლივი კომისიის, კომიტეტის ან სხვა ფორმატში სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობაზე, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის, ფინანსების, ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით შემუშავდება პოლიტიკა და მთავრობასთან ერთად აქტიურად განაწილდება სამოქმედო ღონისძიებები;
- მოიწვიოს და მოუსმინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს და სხვა რელევანტურ პირებს მთავრობიდან არსებული ვითარების შესწვალის მიზნით, რომელიც არსებობს პანდემიის შედეგად და განიხილოს პრევენციული გეგმები საფრთხეების მინიმიზების მიზნით;
- საზოგადოების ინფორმირების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ რეგულარულად, ბრიფინგის ფორმატში, მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას პარლამენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში.