ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არაკონსტიტუციურია
კანონპროექტის შესაბამისობა მედიის თავისუფლების დაცვის სტანდარტთან:
კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მმართველი უფლებამოსილია, გარდა ფინანსებთან დაკავშირებული მმართველობითი ფუნქციებისა, განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები. აგრეთვე, დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი.
შემოთავაზებული ინიციატივით, კანონპროექტი საშუალებას აძლევს სპეციალურ მმართველს ჩაერიოს მედიის სარედაქციო თავისუფლებაში. განსაზღვროს საეთერო ბადე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა.
გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვითაც მასობრივი საინფორმაციო საშუალებები თავისუფალია, ხოლო ცენზურა - დაუშვებელი. აღნიშნული წარმოადგეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძველს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც, შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიმართ გამოყენებულ იქნას ღონისძიება, რომელიც დროებით მმართველს მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს.
გამომდინარე მსჯელობიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კონსტიტუციური დაცვის სტანდარტი არის დროებითი მმართველის ჩაურევლობა მედიის სარედაქციო პოლიტიკაში. ინიცირებული კანონპროექტით კი, სპეციალურ მმართველს, რომელიც დროებით ინიშნება, მედიის მმართველი ორგანოს (ორგანოების) ფუნქციების სრული ჩანაცვლების უფლებამოსილება ენიჭება, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი განმარტებით, წინააღმდეგობაში მოდის საკონსტიტუციო მედიის თავისუფლებასთან.
კანონპროექტის შესაბამისობა საკუთრების უფლების დაცვასთან:
მედია ორგანიზაცია, გარდა იმისა, რომ არის გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, ის ასევე, წარმოადგენს საკუთრებას. სპეციალური მმართველის დანიშვნით კი გულისხმობს, იძულების წესით, საკუთრების სამართავად სხვისთვის გადაცემას.
საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია. იგი წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის განუყოფელ ნაწილს. კანონპროექტის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება უფლებამოსილი დანიშნოს სპეციალური მმართველი მედია ორგანიზაციაში.
შემოთავაზებული კანონპროექტით, მარეგულირებელ კომისიას, ყოველგვარი წინასწარი ან პოსტფაქტუმ სასამართლო კონტროლის გარეშე, აქვს უფლებამოსილება სამართავად გადასცეს მედიასაშუალება, როგორც საკუთრება, სპეციალურ მმართველს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ანალოგიურად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სპეციალური მმართველის ინსტიტუტს. აღნიშნული კანონი მართლაც ითვალისწინებს სპეციალური მმართველის ინსტიტუტს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული კანონის მიხედვით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. ხოლო, თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს ლიცენზიის მფლობელთა საკუთრების უფლების დაცვის ზოგად სტანდარტს სასამართლო კონტროლის პირობით. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით კი, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას არ სჭირდება სასამართლოს თანხმობა სპეციალური მმართველის დანიშვნისთვის. მეტიც, თანდართულ კანონპროექტში, რომლითაც ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, იზღუდება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის აქტის სასამართლოში გასაჩივრების შედეგად მოქმედების შეჩერება.
სასამართლო კონტროლის გარეშე მედიასაშუალებაში სპეციალური მმართველის შემოღება, გარდა გამოხატვის თავისუფლებისა, არაკონსტიტუციურად ზღუდავს საკუთრების უფლებასაც.
კანონპროექტის მიღების პროცედურა:
საქართველოს მთავრობამ კანონპროექტის განხილვა მოითხოვა დაჩქარებული წესით, რაც გულისხმობს მის სამივე მოსმენით განხილვასა და მიღებას პარლამენტის პლენარული სხდომების 1 კვირის განმავლობაში. დაჩქარებული რეჟიმი მნიშვნელოვნად ამცირებს კანონპროექტის ყოველმხრივ, საზოგადოების ჩართულობით განხილვის შესაძლებლობას.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დაჩქარებული განხილვა გამოწვეულია არსებული საკანონმდებლო ვაკუუმით, რაც ხელს უშლის კომისიის აქტების აღსრულებას. დამატებით, კომისიის აქტების აღუსრულებლობა ზიანს აყენებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ ინტერესებს. განმარტებით ბარათში არ არის კონკრეტულად დასახელებული საკითხი, რომლის წარმოშობამ განაპირობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა. ზოგადად მითითება არსებულ საკანონმდებლო ხარვეზზე და საჯარო ინტერესზე არ ქმნის საკითხის დაჩქარების საფუძველს, რადგან პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობა, ყოველთვის კავშირშია საჯარო ინტერესთან და საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრასთან.
დაჩქარებული წესით კანონის პროექტის განხილვა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როგორც წესი, შეზღუდულ შესაძლებლობას წარმოადგენს და მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისთვის შემონახული მექანიზმია, რომლის გარეშეც მოსაწესრიგებელ სფეროს დროის დაგვიანებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის შემოღების უფლებამოსილება არსებული კანონის მიღებიდან (2005 წლიდან) არასოდეს ჰქონია, შესაბამისად, დაუსაბუთებელია თუ რატომ არის აუცილებელი ერთი კვირის ვადაში კომისიის აღნიშნული უფლებამოსილებით აღჭურვა.
საქართველოს პარლამენტის ბიურომ, ყოველგვარი განხილვის გარეშე, 2020 წლის 6 ივლისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დააკმაყოფილა კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა. გადაწყვეტილება არც წერილობით დასაბუთებას შეიცავს.
საზოგადოებრივი ჩართულობის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება კანონპროექტის გამოქვეყნების თარიღია. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, კანონის პროექტის რეგისტრაციის თარიღი 1 ივლისია, ხოლო საზოგადოებისთვის პროექტი ხელმისაწვდომი გახდა ბიუროს 6 ივლისის სხდომის შემდგომ. დამატებით, პლენარულ სხდომებზე საკითხის განხილვის სავარაუდო თარიღი კი 13-14 ივლისი არის მითითებული.
დაჩქარებული წესით პროექტის მიღების მცდელობა საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს კრიტიკული მედიის თავისუფლება და საკუთრების უფლება, რაც აგრეთვე დააზიანებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს.
კანონპროექტის შესაბამისობა ასოცირების შეთანხმებასთან:
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილება გამოწვეულია ასოცირების შეთანხმების შედეგად ნაკისრი ვალდებულებებისგან. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს პარლამენტი და საქართველოს მთავრობა ვალდებულნი არიან, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები დაიცვან და კანონმდებლობაში იმპლემენტაცია უზრუნველყონ დემოკრატიული პროცესების შეფერხების გარეშე. ასოცირების შეთანხმება არ განსაზღვრავს კონკრეტულ ბერკეტებს თუ როგორ უნდა მოხდეს მარეგულირებლის ეფექტიანობის გაზრდა. ეს საკითხი ხელისუფლების დისკრეციაა, რა დროსაც იგი ვალდებულია დაიცვას არსებული სამართლებრივი სტანდარტები და არ დაარღვიოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
დემოკრატიის ინდექსი - საქართველო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უარყოფითად შეაფასოს და შეწყვიტოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა.