სიახლეები

2021.12.15

პარლამენტის წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებას

საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ ერთპარტიულად გეგმავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარის არჩევას, რომლის უფლებამოსილების ვადა თებერვალში იწურება. პარლამენტის რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე კვლავ არადემოკრატიულად - ერთპარტიული მხარდაჭერით იქნება არჩეული. აღნიშნული დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეჭვქვეშ დადგება არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობა, რაც შეიძლება კიდევ ერთხელ გახდეს მწვავე პოლიტიკური კრიზისის საფუძველი.

ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი, რომელიც „შარლ მიშელის შეთანხმების“ შედეგად იქნა მიღებული, ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებისთვის, მოლაპარაკებების 4 რაუნდის ჩატარებას და ოთხჯერ კენჭისყრას. მხოლოდ სამი წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ ეძლევა უმრავლესობას უფლებამოსილება ერთპარტიულად აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე. შემოთავაზებული ცვლილებებით, თავმჯდომარის ასარჩევად მხოლოდ 2 კენჭისყრა იქნება გათვალისწინებული და უქმდება კონსენსუსის მისაღწევად პარტიებს შორის მოლაპარაკებების ჩატარების ვალდებულება. შედეგად, პირველი კენჭისყრა მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას შეიძენს და ხელახალ კენჭისყრაზე უმრავლესობას მიეცემა შესაძლებლობა, სწრაფად და ერთპარტიული მხარდაჭერით აირჩიოს ცესკოს თავმჯდომარე.

აღნიშნული ნაბიჯით უმრავლესობა ფაქტობრივად უარს ამბობს 2020 წლის 19 აპრილს ევროპის კავშირის მედიაციით დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული ამბიციური საარჩევნო რეფორმის მთავარ პრინციპზე - ცესკოს თავმჯდომარის პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე და ფართო მხარდაჭერით არჩევაზე.

ასევე, ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. სრულიად იგნორირებულია კომისიის მოწოდება, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერით იყოს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხზე კონსენსუსი მიღწეული.

დამატებით შეშფოთების საგანია ინიციატივის განხილვის დაჩქარებული პროცედურა. სამწუხაროდ, პარლამენტმა კიდევ ერთხელ მიმართა მავნე პრაქტიკას და შეზღუდულ ვადებში დაუსაბუთებლად განიხილავს დემოკრატიული პროცესებისთვის მაღალი მნიშვნელობის საკითხს, რაც ხელს უშლის საკითხის გარშემო სრულყოფილ მსჯელობას.

ცალკე ხაზგასმას საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში. კანონის თანახმად, პრეზიდენტთან შექმნილი კომისიის მეშვეობით შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენით, პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს მედიატორის როლი და შექმნას წინაპირობები პარტიებს შორის კონსენსუსის მისაღწევად. 2020 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ პრეზიდენტმა აღნიშნული როლი ვერ შეასრულა. მან პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა ორი კანდიდატუტრა, რომელთაც შესარჩევი კომისიის ფართო მხარდაჭერა არ ჰქონდათ მიღებული.

 

 

ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/#law-drafting/23223

„სამომავლო გზა საქართველოსთვის“ (არაოფიციალური თარგმანი), გვ.4 https://bit.ly/3DTGuvW [14.12.2021]

UROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), JOINT URGENT OPINION ON DRAFT AMENDMENTS TO THE ELECTION CODE, CDL-PI(2021)005, 2021, par 31.

„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“, საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო ადმინისტრაციაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, https://bit.ly/3dUrbsA [15.12.2021]