სიახლეები

2021.11.17

მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე საპარლამენტო კონტროლი უნდა განხორციელდეს


მიხეილ სააკაშვილის უფლებათა უხეში დარღვევის შესახებ ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია და შეფასება გავრცელდა. ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს პერმანენტული საპროტესტო აქციები მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მულტიფუნქციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით. ამავე მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში 10 დეპუტატი შიმშილობს. საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა შეფასებები მწვავეა.[1] ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ამ დრომდე არ ჰქონია ასახვა ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობაზე და აღნიშნული საკითხები არც კი დამდგარა პარლამენტის განხილვის დღის წესრიგში. 

ამ დრომდე აღმასრულებელი უწყებების მხრიდან საზოგადოებას მიეწოდება ცალმხრივი და ზეპირი ინფორმაცია პატიმრის მდგომარეობასთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს არ გამოუყენებია მის ხელთ არსებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევისა და მაკონტროლებელი რეაგირების მოხდენის მიზნით.

აღმასრულებელი უწყებების ბოლო დროინდელი გადაწყვეტილებები და მოქმედებები პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რასაც ფართო საზოგადოებაც ადევნებს თვალს მედიის თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო შემფასებლების მეშვეობით, მიუთითებს პარლამენტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მაკონტროლებელი ორგანოს ჩარევის საჭიროებაზე. ამ დრომდე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს თავისი საკონტროლო ფუნქციები არ გამოუყენებია და არავითარი რეაგირება აღნიშნულ უფლებადარღვევებზე არ მოუხდენია:

  1. სახალხო დამცველის მიერ ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეფასდა[2] სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით გადაყვანის ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელება.

 

  1. სახალხო დამცველმა არაერთხელ აღნიშნა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.[3] მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი[4], ასევე, პატიმრის მონახულებაზე უარი უთხრეს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასა და უკრაინის სახალხო დამცველს.

 

  1. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კანონის დარღვევით არ უზრუნველყო მიხელ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. სამსახურის 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება უსაფრთხოებისა და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მითითებულია, რომ ისინი უზრუნველყოფენ სასამართლო სხდომის სამკურნალო დაწესებულებაში ან დისტანციური საშუალებებით გამართვას.[5] საქართველოს კანონმდებლობით სხდომის დისტანციურ რეჟიმში გამართვისა და ადგილის განსაზღვრა არ შედის პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილებაში.[6] ამასთან, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მოსამართლის წინაშე უშუალოდ წარდგენის კანონიერი ალტერნატივა არ არის არც სასამართლო სხდომაზე მისი დისტანციური ჩართვა და არც სხდომის საპატიმრო დაწესებულებაში გამართვა. დისტანციურ რეჟიმში მოსამართლეს ვერ ექნება პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია ბრალდებულთან, რაც გაართულებს პატიმარზე შესაძლო არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის შემოწმების შესაძლებლობას, მოწმეთა უშუალოდ დაკითხვაში მის მონაწილეობას და სხვა.[7] სამკურნალო დაწესებულებაში სასამართლო სხდომის გამართვის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სხდომის საჯაროობა, რაც არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ საზოგადოების უფლებაა.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაუყოვნებლივ გამოიყენოს მის ხელთ არსებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, კერძოდ:

  • კომიტეტის სხდომაზე დაიბაროს და მოუსმინოს იუსტიციის მინისტრს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, დარგობრივ ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს;
  • ყოველმხრივ და საჯაროდ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მდგომარეობა;
  • შეიმუშაოს დასკვნა და აღმასრულებელ უწყებებს მისცეს კონკრეტული რეკომენდაციები და დავალებები.

 

 

[1] Amnesty International-ი - მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მე-5 კვირაა შიმშილობს, ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში - ეს არის არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება. 09.11.2021. იხ: https://bit.ly/30xmeSN; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება 10.11.2021. იხ: https://bit.ly/3nonoJn; კონგრესმენი ბრედ შერმანი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე და გადაიყვანოს საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის 31.10.2021. იხ: https://bit.ly/3qHlkOQ; კელი დეგნანი - ჩვენი ძლიერი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი, რომ უზრუნველყოს სააკაშვილი იმ სამედიცინო დახმარებით, რომელიც ესაჭიროება - მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით 09.11.2021. იხ: https://bit.ly/3ckuDMd. ანა ფოტიგა - ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან, 09.11.2021. იხ: https://bit.ly/3FnJtOn

[2] სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში შესახლების კადრების გავრცელებას ეხმიანება 11.11.2021 იხ: https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsveli-mikheil-saakashvilis-n18-datsesebulebashi-shesakhlebis-kadrebis-gavrtselebas-ekhmianeba

[3] სახალხო დამცველმა პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა 09.11.2021. https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelma-penitentsiuri-samsakhuris-n18-samkurnalo-datsesebulebashi-mikheil-saakashvili-moinakhula

[4] შოთა თუთბერიძე: ექიმთა კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს 14.11.2021. https://www.radiotavisupleba.ge/a/31560989.html

[5] სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტება მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური,  https://bit.ly/3wOiI2J [16.11.2021]

[6] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (სსსკ) 38-ე მუხლის მე-14, 185-ე მუხლის პირველი და 188-ე მუხლის მესამე ნაწილების მიხედვით, სასამართლოს სხდომის დისტანციურ რეჟიმში ჩატარება ან მისი ადგილის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მხარეთა შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღება.

[7] სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, https://personaldata.ge/ka/press/post/7726  [16.11.2021]