სიახლეები

2022.03.29

გაიგეთ რას საქმიანობს ინდივიდუალური დეპუტატი

რას ვაკეთებთ და რა მიზნით

 

მოკლედ მოგიყვებით ჩვენი პროექტის შესახებ, რომელიც ინდივიდუალური დეპუტატების საქმიანობის მონიტორინგსა და ინფორმაციის საჯაროობას ეხება. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობას ეხება. ამომრჩეველი ადვილად შეძლებს დაინახოს, თუ რა საკითხებს ლობირებს დეპუტატი და ასრულებს თუ არა წინასაარჩევნო დაპირებას.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო მონიტორინგი

დღესდღეობით განსაკუთრებით ჩანს თუ როგორი მნიშვნელოვანია საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს სწორ და უახლეს ინფორმაციაზე. ამ მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ უკვე მესამე წელია ახორციელებს საპარლამენტო მონიტორინგს. დეპუტატებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია ღია მმართველობის, დემოკრატიული წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის ფუნდამენტური ელემენტია.  პროექტის ფარგლებში ვაწარმოებთ დეპუტატების ინდივიდუალურ პროფილებს ჩვენს ვებ-გვერდზე. პროფილები მოიცავს პარლამენტის თითოეული წევრის საპარლამენტო საქმიანობის ამსახველ ინფორმაციას, რომელიც ამომრჩეველს აძლევს  შესაძლებლობას, მარტივად გაეცნოს სრულყოფილ ინფორმაციას ნებისმიერი პარლამენტარის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.  


სხდომათა დარბაზი

 

 

რატომ გახდა საჭირო პროფილების წარმოება - ინფორმაციის დეფიციტი

მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია უკვე ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე, არსებობს ერთ-ერთი ძირითადი ხაზი, რომელიც დასამუშავებელია. პარლამენტის გვერდზე არ ხდება ინდივიდუალური პროფილების წარმოება. ამასთანავე, განთავსებული  ინფორმაცია დეპუტატების ინდივიდუალური საქმიანობის შესახებ საკმაოდ მწირია. იგი არ არის მორგებული პარლამენტში ინდივიდუალური დეპუტატის საქმიანობის აღწერაზე. ვებ-გვერზე არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პარლამენტის წარმომადგენელმა  რა სამუშაო გასწია, რა საკითხებს ლობირებდა და რამდენად აქტიური იყო.   დეპუტატის პირადი გვერდი მოიცავს მხოლოდ ბიოგრაფიულ და საკონტაქტო ინფორმაციას. აგრეთვე, შემოიფარგლება იმის მითითებით, თუ რომელ ფრაქციაში, კომიტეტში ან სამუშაო ჯგუფში იყო ან არის გაწევრებული. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ რას საქმიანობდა დასახელებულ ჯგუფებში არ არის გამოქვეყნებული, იგი გაბნეულია ვებ-გვერდის სხვადასხვა სივრცეში. დაინტერესებულ პირს უწევს ყოველი კონკრეტული კანონის თუ დადგენილების ინიციატორთა და ავტორთა შემოწმება. ასევე, პლენარული, საკომიტეტო, კომისიების, სამუშაო და სხვა სხდომების მთლიანი ჩანაწერების თვალყურის დევნება, რომელთა დახარისხება არ ხდება მონაწილე დეპუტატთა მიხედვით. დამატებით, პარლამენტის წევრის პირად გვერდზე არ ქვეყნდება პარლამენტის წევრზე დახარჯული ფინანსური ინფორმაცია.

პარტიული დანაწილება 

       

როგორ დაიწყო პროექტი და რა გაკეთდა ამ დრომდე

არსებული რეალობის გამოსწორების მიზნით ჩვენ დავიწყეთ პროექტის შემუშავება. დასაწყისში შევისწავლეთ იმ ქვეყნების პარლამენტთა ვებ-გვერდები, რომლებიც დემოკრატიის წარმატებული გამოცდილებით გამოირჩევიან. უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატების პროფილებს, როგორც წესი თვითონ ამ ქვეყნების პარლამენტები აწარმოებენ თავიანთ გვერდებზე და არა სხვა ორგანიზაციები. დეპუტატები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ განახლებას და ამომრჩევლისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რაც გულისხმობს, რომ მისი შემდგომი არჩევა მის საქმიანობაზე არის დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტარს აქვს ინტერესი, მიაწოდოს ამომრჩეველს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. პროექტზე მუშაობისას გამოიკვეთა მინიმალური სტანდარტი, რასაც საზოგადოებასთან ანგარიშვალდებული პარლამენტის ვებ-გვერდი უნდა აკმაყოფილებდეს.

ეს სტანდარტი მოიცავს პარლამენტის წევრის პირად გვერდზე განთავსებულ შემდეგი ტიპის ინფორმაციას: პარლამენტის წევრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო აქტები, პარლამენტის წევრის მიერ წერილობითი კითხვები და მიღებული პასუხები, მის მიერ პლენარულ, საკომიტეტო და კომისიების სხდომებზე სიტყვით გამოსვლის ვიდეო ჩანაწერები, მათი მონაწილეობის ამსახველი ამონაწერები სხდომებიდან, მინისტრის საათზე დასმული კითხვების ვიდეოჩანაწერები, ინტერპელაცისი წესით დასმული კითხვები და მიღებული პასუხები, ასევე, ფინანსური მონაცემები.  

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ვებ-გვერდზე არ მოიპოვება ინფორმაცია პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების შესახებ მოცემულ დროში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ პროფილების გვერდისთვის დაგვემატებინა ინფორმაცია, სადაც განთავსებულია შემდეგი მონაცემები: რამდენი პარტიისგან შედგება მოწვევა, რამდენი დეპუტატი ჰყავს თითოეულ პარტიას პარლამენტში (დეპუტატების მონაცემები იცვლება მის მიერ პარტიის შეცვლის შესაბამისად), მოცემულია ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის შესახებ, ასევე ვებ-გვერდზე ნახავთ ინფორმაციას დეპუტატების ფრაქციებსა  და საპარლამენტო ჯგუფებში განაწილების შესახებ. ეს ინფორმაცია მუდმივად ახლდება და აჩვენებს პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებას პარლამენტში. 

ფრაქციული დანაწილება

 

 

რას იპოვით ჩვენს გვერდზე

  • პარლამენტართა ბიოგრაფიები: მიღებული განათლება, სამუშაო გამოცდილება; ინფორმაცია დეპუტატების სოციალური ქსელების შესახებ, რაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს ხდის მათთან უშუალო კონტაქტს.

ბიოგრაფია

 

 

  • სიტყვით გამოსვლები: მუდმივ რეჟიმში ვათავსებთ დეპუტატის სიტყვით გამოსვლებს. დეპუტატის საქმიანობა აუცილებლად გულისხმობს სიტყვით გამოსვლებს, ვინაიდან მისი ნებისმიერი ინიციატივა ამ საკითხების  სხდომაზე განხილვას გულისხმობს. გაინტერესებთ, როგორ ვარჩევთ ინფორმაციას? სიტყვით გამოსვლებში ვაქვეყნებთ მხოლოდ იმ გამოსვლებს, რომლის დროსაც დეპუტატმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და შეფასება საკითხზე.

 

  • ინიციატივები: აქ თავს იყრის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ინიციატივა ჰქონდა პარლამენტის წევრს ან რა ინიციტიავას დაუჭირა მხარი. ეს ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რა საკითხებზე მუშაობს დეპუტატი და რამდენად პასუხობს მისი საქმიანობა ამომრჩევლის ინტერესებს.

ინიციატივები

  • სადეპუტატო კითხვა და ინტერპელაცია: აქ ქვეყნდება კონკრეტული უწყებებისთვის დეპუტატის მიერ დასმული კითხვები, ასევე მიღებული პასუხები. ინტერპელაცია კონტროლის მექანიზმია, რომელიც გულისხმობს კითხვის გაგზავნას, რომლის შემდგომ ამ საკითხზე იმართება პარლამენტში საჯარო განხილვა, რაც ამ მოწვევის პერიოდში არ გამოუყენებიათ დეპუტატებს.

სადეპუტატო კითხვა

  • ფინანსური ინფორმაცია: აქ  გარდა დეკლარაციისა, მოცემულია თუ  რა ხარჯები არის გაწეული პარლამენტის წევრზე და მის საქმიანობაზე მაგალითად: ხელფასი, პრემია, მივლინება, თანაშემწის ხარჯი, კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯი, დაზღვევა, საწვავი.

ფინანსური ინფორმაცია

  • მოქალაქეთა განცხადებები: დეპუტატის საქმიანობაში ამომრჩეველთან ურთიერთობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს ხდება როგორც სასესიო პერიოდში,  ასევე და განსაკუთრებით არასასესიო პერიოდში, რომელიც განკუთვნილია მოქალაქეებთან ურთიერთობისთვის. ამ ნაწილში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურად რეაგირებენ დეპუტატები მოქალაქეთა განცხადებებზე. იგივე შეიძლება ითქვას მოქალაქეებთან შეხვედრებზე, თუ რამდენად ხშირად აქვს დეპუტატს კომუნიკაცია მათი პრობლემების იდენტიფიცირების და მოგვარების მიზნით.

 

  • ანალიტიკა: ვებ-გვერდზე პერიოდულად ვასაჯაროვებთ ჩვენს ანალიზს  კონკრეტული დეპუტატების საქმიანობის შესახებ. ასევე, ინდივიდუალურ დეპუტატებზე ინფორმაციას ვათავსებთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა თვალყური მიადევნოს განახლებულ მოკლე ინფორმაციებს.

ანალიტიკა 

 

 

ვისთვისაა განკუთვნილი ეს ინფორმაცია?

მოქალაქეები: პროფილების ინტერესის სფერო შესაძლოა დაიყოს რამდენიმე მიმართულებით: საკითხები, რომელიც აინტერესებთ მოქალაქეებს, რომლებიც თვალს მიადევნებენ დეპუტატთა საქმიანობას და შემდეგომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, მისი არჩევის შესახებ.

ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს საკანონმდებლო წინადადებით ან სხვა ინიციატივით მიმართოს პარლამენტს, მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები:  განსაკუთრებით ის ჯგუფები, რომლებიც იკვლევენ დეპუტატების საქმიანობას.

 

ჩვენი გუნდი, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“,  ამ პროექტით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ, ინდივიდუალური დეპუტატების პასუხისმგებლობის გაზრდას, მეორე მხრივ, საზოგადოების მხრიდან მათი წარმომადგენლების ეფექტურ კონტროლს. პროექტით გვსურს ამომრჩეველს შევუქმნათ შესაძლებლობა, გამჭირვალე ინფორმაციის მიწოდების ხარჯზე ადეკვატურად შეაფასოს პარლამენტის წევრთა საქმიანობები.

 

 დეპუტატების პროფილები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.