სიახლეები

2020.10.20

პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა ხარვეზებით მიმდინარეობს

მეცხრე მოწვევის პარლამენტი სამუშაო პროცესს ასრულებს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვით. ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი განხილვის პროცედურები მიმდინარეობს რიგი დარღვევებით, რაც იწვევს კანონპროექტის მხოლოდ ზედაპირულ განხილვას და ვერ უზრუნველყოფს მთავრობის მიერ დადგეგმილი ხარჯების რეალურ საპარლამენტო კონტროლს.

ბიუჯეტის კანონპროექტის ზედაპირულ განხილვას ძირითადად შემდეგი გარემოებები განაპირობებს:

1. პარლამენტის რეგლამენტი ადგენს ვალდებულებას დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა კომიტეტებს მოახსენონ ბიუჯეტების პროექტის პარამეტრების შესახებ. აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა შეასრულა, როცა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელთა მოხსენებებს. ყველა სხვა შემთხვევაში კომიტეტებს არ მოუსმენიათ დარგობრივი სამინისტროების ხელმძღვანელი პირებისგან მოხსენება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის შესახებ. კომიტეტებს არ შეუფასებიათ თუ რამდენად სწორი პრიორიტეტები აქვს მთავრობას განსაზღვრული კონკრეტულ დარგში.

2. დეპუტატთა ჩართულობა ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პროცესში იყო მინიმალური. 10 საკომიტეტო სხდომიდან მხოლოდ 3 შემთხვევაში დამსწრე დეპუტატების ნახევარმა მაინც დასვა კითხვები ან დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც კომიტეტმა განხილვის გარეშე უყარა კენჭი პროექტს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე საერთოდ არ დასმულა კითხვა ან დაფიქსირებულა პოზიცია. ეს ნაბიჯი შეუსაბამოა განცხადებულ ევროინტეგრაციის გზასთან. კომიტეტი არ დაინტერესებულა თუ რამდენად ადეკვატურია ბიუჯეტის პროექტში გამოყოფილი სახსრები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციისთვის.

3. დაბალი იყო ოპოზიციის ჩართულობა. 10 საკომიტეტო განხილვიდან 5 შემთხვევაში ოპოზიცია არ დასწრებია სხდომებს. დანარჩენ შემთხვევებში ოპოზიციის მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი იღებდა განხილვებში მონაწილეობას. 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილი ფრაქციებიდან, მხოლოდ ერთ შეთხვევაში - „ევროპული საქართველოს“ მიერ შექმნილმა ფრაქციებმა განიხილეს ბიუჯეტის პროექტი. რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულება დაარღვიეს როგორც უმრავლესობის, აგრეთვე, ოპოზიციურმა ფრაქციებმა.

მნიშვნელოვანია ბიუჯეტის განხილვის ადრეულ ეტაპებზე უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა და პროექტის სიღრმისეულად განხილვა, დარგობრივი საკითხების გათვალისწინებთ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მეორე ტურის ჩატარების შემთხვევაში, რომლის დიდი ალბათობაც არის, პარლამენტის ახალი მოწვევა მხოლოდ ბიუჯეტის პროექტის განხილვის მესამე - საბოლოო ეტაპზე ჩაერთვება. ამ ეტაპზე კი, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, აღარ ხდება კომიტეტებისა და ფრაქციების ჩართვა ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოასწოროს ჩართულობის პრობლემები ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდგომ ეტაპებზე. ყოველი დეპუტატი, საპარლამენტო ჯგუფი თუ კომიტეტი, ვალდებულია მიუხედავად წინასაარჩევნო კონტექსტისა, სრულყოფილად განახორციელოს კონსტიტუციური ვალდებულება და სათანადო საპარლამენტო კონტროლის გარეშე არ დაუშვას სახელმწიფო ბიუჯეტის შემუშავება და ხარჯების დაგეგმვა.